შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 945

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 945

ანგოლა
თარიღი 29 სექტემბერი, 1994
სხდომა № 3,431
კოდი S/RES/945 (დოკუმენტი)
თემა სიტუაცია ანგოლაში
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 945 გაეროს უშიშროების საბჭოს 945-ე რეზოლუცია, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული 1994 წლის 29 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა 696-ე (1991) რეზოლუცია და ყველა შემდგომი რეზოლუცია ანგოლას შესახებ, გააგრძელა გაეროს ანგოლის მეორე საკონტროლო მისიის (UNAVEM II) მანდატი 1994 წლის 31 ოქტომბრამდე და განიხილა სამშვიდობო შეთანხმებების იმპლემენტაციის საკითხი.[1]

საბჭომ აღნიშნა, რომ მისი მომავალი გადაწყვეტილებები გაეროს როლზე ანგოლაში დამოკიდებული იქნებოდა მხარეების ნებაზე, მიაღწიონ მშვიდობას. კვლავ არსებობდა სერიოზული შეშფოთება ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, რაც საფრთხეს უქმნიდა სამშვიდობო მოლაპარაკებებს ლუსაკაში (ზამბია), აფერხებდა UNAVEM II-ის მანდატის შესრულებას და ტანჯვას აყენებდა სამოქალაქო მოსახლეობას. საბჭომ ასევე გამოხატა შეშფოთება UNITA-ს წინააღმდეგ 864-ე (1993) რეზოლუციით დაწესებული იარაღის ემბარგოს დარღვევის გამო.

მას შემდეგ, რაც UNAVEM II-ის მანდატი 1994 წლის 31 ოქტომბრამდე გაგრძელდა, ორივე მხარეს მოუწოდეს, იმავე თარიღისთვის დაესრულებინათ მოლაპარაკებები ლუსაკაში და ხელი მოეწერათ შეთანხმებისთვის. სამშვიდობო პროცესის ნებისმიერი შემდგომი დაყოვნება მიუღებლად გამოცხადდა. აღინიშნა, რომ UNITA-მ მიიღო გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლისა და სამი დამკვირვებელი სახელმწიფოს მიერ წარდგენილი წინადადებები, რის გამოც ამ დაჯგუფების წინააღმდეგ დამატებითი ზომები აღარ გატარებულა. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ შედგებოდა, გაეროს ყოფნა ანგოლაში გადაიხედებოდა, ხოლო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში — UNAVEM II-ის პერსონალის რაოდენობა მანამდე ავტორიზებულ დონემდე გაიზრდებოდა.[2]ამავდროულად, მხარეებს მოუწოდეს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისაკენ.

დაიგმო ისეთი ქმედებები, რომლებიც ხელს უშლიდა მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, მათ შორის სახმელეთო ნაღმების დაგება. 1994 წლის 27 აგვისტოს ჰუმანიტარული სფეროს მუშაკთა გაუჩინარებამ შეშფოთება გამოიწვია და გაჟღერდა მათი გათავისუფლების მოთხოვნა. ყველა სახელმწიფოს კიდევ ერთხელ შეახსენეს UNITA-ს წინააღმდეგ 864-ე რეზოლუციით გათვალისწინებული დებულებების შესრულების აუცილებლობა. დასასრულს, გენერალურ მდივანს, ბუტროს ბუტროს-გალის, ეთხოვა 1994 წლის 20 ოქტომბრისთვის საბჭოსთვის წარედგინა ანგარიში ანგოლაში არსებული სამხედრო და ჰუმანიტარული ვითარების, ისევე როგორც ლუსაკის მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ.