შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1953

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1953

გაეროს ბუფერული ზონა კვიპროსში
თარიღი 14 დეკემბერი, 2010
სხდომა № 6,445
კოდი S/RES/1953 (დოკუმენტი)
თემა კვიპროსი
კენჭისყრა
მომხრე: 14
წინააღმდეგი: 1
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1953, მიიღეს 2010 წლის 14 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ყველა წინა რეზოლუცია კვიპროსში არსებული ვითარების შესახებ, განსაკუთრებით 1251 (1999) რეზოლუცია, საბჭომ ექვსი თვით, 2011 წლის 15 ივნისამდე გააგრძელა კვიპროსში გაეროს სამშვიდობო ძალების (UNFICYP) მანდატი. რეზოლუციამ მოუწოდა ბერძენი და თურქი კვიპროსელების ლიდერებს, შეემუშავებინათ გეგმა არსებული უთანხმოებების დასაძლევად გენერალური მდივნის 2011 წლის იანვრის ვიზიტამდე.[1]

რეზოლუცია მიიღეს 14 ხმით, თურქეთი კი წინააღმდეგი წავიდა (თავი არავის შეუკავებია). თურქეთის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კუნძულს 1963 წლის შემდეგ არ ჰყოლია ერთიანი მთავრობა, თუმცა დასძინა, რომ ქვეყანა გააგრძელებდა რეზოლუციის იმპლემენტაციას.[2]

უშიშროების საბჭომ აღნიშნა, რომ კვიპროსის მთავრობა დათანხმდა UNFICYP-ის კუნძულზე ყოფნის ვადის გაგრძელებას. კონფლიქტის მოგვარება თავად კვიპროსელების ხელში იყო და არსებობდა უნიკალური შესაძლებლობა ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნებოდა, თუმცა საბჭო შეშფოთებას გამოთქვამდა მისი ნელი ტემპის გამო.[3] საბჭო მიესალმა ნდობის აღდგენის ღონისძიებების გატარებას როგორც კვიპროსის, ისე ჩრდილოეთ კვიპროსის მხრიდან და მხარი დაუჭირა ე.წ. „მწვანე ხაზის“ (გაეროს ბუფერული ზონა) გასწვრივ დამატებითი გამშვები პუნქტების გახსნას. განსაკუთრებით აღინიშნა ლიმნიტისის გადასასვლელის გახსნა 2010 წლის ოქტომბერში.

საბჭო დარწმუნებული იყო, რომ კვიპროსის დავის მუდმივი მოგვარება სასარგებლო იქნებოდა ყველა კვიპროსელისთვის, ხოლო ვითარება ბუფერულ ზონაში გაუმჯობესდებოდა, თუ ორივე მხარე მიიღებდა გაეროს მიერ გამოყენებულ 1989 წლის მემორანდუმს (aide-mémoire). აღინიშნა, რომ გაეროს ავტორიტეტისთვის ძირის გამოთხრა აზიანებდა სამშვიდობო პროცესს. გარდა ამისა, საბჭო მიესალმა პროგრესს განაღმვით სამუშაოებში, დაკარგულ პირთა კომიტეტის ძალისხმევას და დაეთანხმა მოსაზრებას, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების აქტიური მონაწილეობა და თემთაშორისი კონტაქტები გადამწყვეტი იყო პოლიტიკური პროცესისთვის.

რეზოლუცია მიესალმა მოლაპარაკებების პროგრესს და სამომავლო პერსპექტივებს. ამასთან დაკავშირებით, საბჭომ მოუწოდა კვიპროსის ორ ლიდერს, გააძლიერონ მოლაპარაკებები, გააუმჯობესონ ატმოსფერო და გაზარდონ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.[4] ასევე, ორივე მხარეს ეთხოვა კონსულტაციებში მონაწილეობა ბუფერული ზონის დემარკაციისა და 1989 წლის მემორანდუმის საკითხებზე.

თურქულ-კვიპროსულ მხარეს მოუწოდეს, აღედგინათ სტროვილიაში 2000 წლის 30 ივნისამდე არსებული სამხედრო სტატუს-კვო. საბოლოოდ, გენერალურ მდივანს, ბან გი მუნს, დაევალა 2011 წლის 1 ივნისამდე წარედგინა ანგარიში მიმდინარე რეზოლუციის შესრულების შესახებ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


  1. „Extending mandate of United Nations Peacekeeping Force in Cyprus, Security Council calls for plan to resolve outstanding differences between rival communities“. United Nations. December 14, 2010.
  2. „UN extends Cyprus mission despite Turkey’s objection“. Today's Zaman. December 16, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 5, 2016. ციტირების თარიღი: December 16, 2010.
  3. Xinhua (December 15, 2010). „UN Security Council Voices Concern over "Slow Pace of Progress" in Cyprus Reunification Talks“. China Radio International. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 20, 2012.
  4. „UN extends mandate of peacekeeping mission in Cyprus“. The Sofia Echo. December 14, 2010.