შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1943

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1943

ნატო-ს ISAF-ის მედლის ლენტა
თარიღი 13 ოქტომბერი, 2010
სხდომა № 2,983
კოდი S/RES/1943 (დოკუმენტი)
თემა ვითარება ავღანეთში
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1943 მიღებულია 2010 წლის 13 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ყველა რეზოლუცია, და მათ შორის 1267-ე (1999), 1368-ე (2001), 1373-ე (2001), 1386-ე (2001), 1510-ე (2003), 1822-ე (2008), 1833-ე (2008), 1890-ე (2009), 1904-ე (2009) და 1917-ე (2010) რეზოლუციებიც ავღანეთში არსებული ვითარებისა და ტერორიზმის შესახებ. მან ერთი წლის ვადით გაუგრძელა მანდატი ქვეყანაში მოქმედ უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალებს (ISAF).[1]

რეზოლუციის პროექტი მომზადებული იყო თურქეთის მიერ.[2]

რეზოლუციის პრეამბულაში საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საერთაშორისო ტერორიზმის აღმოფხვრისადმი. მან დაადგინა, რომ ქვეყანაში წესრიგის შენარჩუნებაზე საბოლოო პასუხისმგებლობა ავღანეთის ხელისუფლებას ეკისრებოდა, ხოლო ISAF-ის დანიშნულება ამ კუთხით დახმარების გაწევა იყო. საბჭომ აღიარა, რომ უსაფრთხოების, მმართველობის, ადამიანის უფლებების, კანონის აღსრულების, განვითარების, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის, ანტიკორუფციული საქმიანობისა და ანგარიშვალდებულების სფეროებში მიღწეული პროგრესი ერთმანეთთან იყო დაკავშირებული.[3] გარდა ამისა, მან აღიარა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ნატოდან ავღანეთის ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობების ეტაპობრივად გადაცემის პროცესისადმი, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის როლი ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების მომზადებასა და მხარდაჭერაში. გაერო, თავისი დამხმარე მისიის მეშვეობით, მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობაში.

ამავდროულად, უშიშროების საბჭომ გამოხატა შეშფოთება და დაგმო თალიბანის, ალ-კაიდასა და სხვა ჯგუფების მიერ ქვეყანაში გაზრდილი ძალადობა და ტერორიზმი.[4] მან მოუწოდა ავღანეთის მთავრობას მეტი ძალისხმევისკენ ნარკოტრაფიკთან საბრძოლველად. ასევე გამოითქვა შეშფოთება კონფლიქტის დროს სამოქალაქო მსხვერპლის დიდ რაოდენობაზე, რაც, საბჭოს განცხადებით, უპირველესად თალიბანის, ალ-კაიდასა და სხვა ჯგუფების ქმედებებით იყო გამოწვეული; ამასთან, აღინიშნა პროგრესი ISAF-ისა და სხვა საერთაშორისო ძალების მიერ სამოქალაქო პირთა შორის დანაკარგების შემცირების კუთხით. დამატებით, საბჭომ გამოთქვა უკმაყოფილება თალიბანის მიერ ბავშვი ჯარისკაცების დაქირავებისა და გამოყენების გამო, ხოლო სამოქალაქო პირების „ცოცხალ ფარად“ გამოყენება მკაცრად დაიგმო.

საბჭომ აღიარა პროგრესი უსაფრთხოების სექტორის რეფორმაში, თუმცა მიიჩნია, რომ მეტი წინსვლა იყო საჭირო დაუსჯელობის აღმოფხვრის, სასამართლო ინსტიტუტების გაძლიერების, ციხეების სექტორის რეფორმის, ადამიანის უფლებების (განსაკუთრებით ქალთა და გოგონათა უფლებების) და კანონის უზენაესობის კუთხით. მან ასევე მოუწოდა ავღანეთის პოლიტიკურ პარტიებს ჩართულიყვნენ პოლიტიკურ დიალოგში.

გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე მოქმედმა საბჭომ ავღანეთში ISAF-ის ოპერირების უფლებამოსილება ერთი წლით, 2011 წლის 13 ოქტომბრამდე გააგრძელა; ამასთან, ძალებში მონაწილე ყველა სახელმწიფოს მიეცა უფლება, გამოეყენებინათ „ყველა საჭირო ზომა“ თავისი მანდატის შესასრულებლად.[2]საბჭომ მოითხოვა დამატებითი წვლილის შეტანა ISAF-ის საქმიანობაში ოპერატიული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.[5]

ამავდროულად, რეზოლუციამ ხაზი გაუსვა ავღანეთის უსაფრთხოების სექტორის გაძლიერების მნიშვნელობას და მოუწოდა ჯარების მომწოდებელ ქვეყნებს, გაეგრძელებინათ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წვრთნა. საბჭო მიესალმა ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მზარდ პასუხისმგებლობას, რაც მიზნად ისახავდა თვითკმარი და ანგარიშვალდებული უსაფრთხოების სექტორის ჩამოყალიბებას. და ბოლოს, უშიშროების საბჭოს მუდმივად უნდა მიწოდებოდა ინფორმაცია ავღანეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ ISAF-ის ხელმძღვანელობისა და გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის მეშვეობით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Security Council extends International Security Assistance Force in Afghanistan for one year to help build Afghan security sector“. United Nations. October 13, 2010.
  2. 1 2 Xuequan, Mu (October 14, 2010). „UN extends authority of international assistance force in Afghanistan“. Xinhua News Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 17, 2010.
  3. „UN calls for strengthening international security force in Afghanistan“. United Nations News Centre. October 13, 2010.
  4. Charbonneau, Louis (October 13, 2010). „U.N. council renews NATO mandate in Afghanistan“. Reuters.
  5. Agence France-Presse (October 14, 2010). „Security Council appeals for more troops in Afghanistan“. Daily Times of Pakistan.