შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1827

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1827
თარიღი 30 ივლისი, 2008
სხდომა № 5,946
კოდი S/RES/1827 (დოკუმენტი)
თემა ვითარება ერიტრეასა და ეთიოპიას შორის
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1827 ერთხმად მიიღეს 2008 წლის 30 ივლისს.

უშიშროების საბჭომ შეწყვიტა რვაწლიანი სამშვიდობო მისიის მანდატი, რომელიც ეთიოპიასა და ერიტრეას შორის სასაზღვრო დავას აკონტროლებდა და სთხოვა გაეროს გენერალურ მდივანს, პან გი მუნს, აფრიკის ამ ორ ქვეყანასთან ერთად შემდგომში განეხილა მოცემულ რეგიონში გაეროს შესაძლო ყოფნის პერსპექტივები.

ერთხმად მიღებული 1827-ე (2008) რეზოლუციით, საბჭომ გადაწყვიტა დაესრულებინა გაეროს მისია ეთიოპიასა და ერიტრეაში (UNMEE), როდესაც მისი მანდატი ხუთშაბათს, 31 ივლისს ამოიწურებოდა. საბჭომ ორივე მხარეს მოუწოდა სრულად ეთანამშრომლათ გაეროსთან ოპერაციის ლიკვიდაციის პროცესში. მან ასევე მოითხოვა, რომ ეთიოპიასა და ერიტრეას სრულად შეესრულებინათ ალჟირის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები, „გამოეჩინათ მაქსიმალური თავშეკავება ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან ან ამგვარი მუქარისგან და თავი აერიდებინათ პროვოკაციული სამხედრო ქმედებებისთვის“.

საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისიის შეწყვეტა არ აუქმებდა ეთიოპიისა და ერიტრეის ვალდებულებებს ალჟირის შეთანხმებების ფარგლებში. ამ შეთანხმებებით ორივე ქვეყანა დათანხმდა, რომ ეთიოპია-ერიტრეის სასაზღვრო კომისიის გადაწყვეტილებები დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ იქნებოდა საბოლოო და სავალდებულო, ხოლო მათი შეიარაღებული ძალები პატივს სცემდნენ დროებითი უსაფრთხოების ზონის (TSZ) მთლიანობას.

საბჭომ გამოხატა სინანული, რომ ერიტრეის მხრიდან UNMEE-ის (გაეროს მისია ეთიოპიასა და ერიტრეაში) საქმიანობის შეფერხებამ „მიაღწია იმ დონეს, რომელმაც ძირი გამოუთხარა მისიის მანდატს და აიძულა იგი დროებით გადაადგილებულიყო ერიტრეიდან“. საბჭომ მაღალი შეფასება მისცა მისიისა და მისი სამხედრო თუ სამოქალაქო პერსონალის ძალისხმევას, რომლებიც მოვალეობას რთული გარემოებების მიუხედავად ასრულებდნენ. მან ასევე გამოხატა ღრმა მადლიერება იმ ქვეყნების წვლილისა და თავდადების მიმართ, რომლებმაც საკუთარი სამხედრო კონტინგენტით უზრუნველყვეს UNMEE-ის მუშაობა.

საბჭომ ასევე გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა გენერალური მდივნისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მიმდინარე ძალისხმევის მიმართ, რომლებიც მიზნად ისახავდა ეთიოპიასა და ერიტრეასთან თანამშრომლობას, რათა დახმარებოდნენ მათ ალჟირის შეთანხმებების იმპლემენტაციაში, ურთიერთობების ნორმალიზებაში, მათ შორის სტაბილურობის ხელშეწყობასა და საფუძვლის მომზადებაში ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის. საბჭომ ორივე ქვეყანას მოუწოდა, მიეღოთ გენერალური მდივნის კეთილი ნება.

ტექსტის სხვა პირობების თანახმად, საბჭომ ცნობად მიიღო გენერალური მდივნის 2008 წლის 28 ივლისის წერილი საბჭოსადმი. აღნიშნულ წერილში საუბარი იყო სამდივნოს კონსულტაციებზე მხარეებთან, რომლებიც ეფუძნებოდა მის წინა ანგარიშში ასახულ შემდეგ ვარიანტებს: (ა) მცირე სამხედრო დამკვირვებელთა მისია ეთიოპიაში; (ბ) მცირე პოლიტიკური და სამხედრო კავშირის ოფისი ეთიოპიაში და (გ) გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ნიუ-იორკში.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Security Council terminates mandate of United Nations Mission in Ethiopia and Eritrea, urging both countries to cooperate with liquidation process“. United Nations. July 30, 2008.