შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1687

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1687

ბუფერული ზონა კვიპროსში
თარიღი 15 ივნისი, 2006
სხდომა № 5,465
კოდი S/RES/1687 (დოკუმენტი)
თემა სიტუაცია კვიპროსში
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1687 მიიღეს ერთხმად 2006 წლის 15 ივნისს. კვიპროსის ვითარებასთან დაკავშირებული ყველა რეზოლუციის, განსაკუთრებით კი რეზოლუცია 1251 (1999) ხელახალი დადასტურების შემდეგ, საბჭომ ექვსი თვით, 2006 წლის 15 დეკემბრამდე გადაავადა კვიპროსში გაეროს სამშვიდობო ძალების (UNFICYP) მანდატი.[1]

უშიშროების საბჭომ მოუწოდა როგორც კვიპროსის რესპუბლიკას, ისე ჩრდილოეთ კვიპროსის საოკუპაციო ადმინისტრაციას, სასწრაფოდ გადაეჭრათ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ჰუმანიტარული საკითხი. საბჭომ აღნიშნა გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის შეფასება იმის შესახებ, რომ უსაფრთხოების გარემო სტაბილური იყო, ხოლო მდგომარეობა „მწვანე ხაზის“ გასწვრივ მშვიდი.

ორივე მხარეს მოუწოდეს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც გაზრდიდა დაძაბულობას, განსაკუთრებით დერინიას რაიონში ბუფერულ ზონაში უნებართვო მშენებლობებთან და ზოგიერთ გამშვებ პუნქტზე UNFICYP-ის პერსონალის გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ასევე გამოითქვა შეშფოთება ლედრას ქუჩაზე დამატებით გადასასვლელთან დაკავშირებულ სამშენებლო სამუშაოებზე და მხარეებს შემდგომი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდეს.[2]

საბჭომ სინანული გამოთქვა, რომ „სიტყვებსა და საქმეებს შორის არსებული უფსკრული“ კვლავ „ძალიან დიდია“ გენერალური მდივნისთვის კვიპროსში მისიის სრულად განახლებისთვის. ამავდროულად, საბჭო მიესალმა ძალისხმევას ბერძენ და თურქ კვიპროსელებს შორის ორთემობრივი კონტაქტების აღდგენის ხელშესაწყობად. დადებითად შეფასდა ნიქოზიის რაიონში განაღმვითი სამუშაოების პროგრესი და UNFICYP-ის მცდელობები, გაეზარდა განაღმვის არეალი თურქული ძალების ნაღმების ველებზე.

რეზოლუცია ასევე მიესალმა გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევას, ბერძენი და თურქი კვიპროსელების მიერ საზღვრის ათ მილიონზე მეტი გადაკვეთის ფაქტს, საბერძნეთისა და კვიპროსის წვლილს სამშვიდობო ოპერაციაში და სამშვიდობო მისიის ფარგლებში აივ/შიდსის (HIV/AIDS) პრევენციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.[3]

UNFICYP-ის მანდატის გაგრძელებასთან ერთად, რეზოლუციამ გენერალურ მდივანს სთხოვა ანგარიშის წარდგენა მოცემული რეზოლუციის იმპლემენტაციის შესახებ და მხარი დაუჭირა UNFICYP-ის ძალისხმევას სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გატარების საკითხში. მოუწოდა თურქულ კვიპროსულ მხარეს, აღედგინა სამხედრო სტატუსი კვო სტროვილიაში, რომელიც არსებობდა 2000 წლის 30 ივნისამდე.

საბჭომ მოითხოვა ორთემობრივი დისკუსიების გამართვა ტექნიკურ დონეზე და გენერალურ მდივანს სთხოვა, 2006 წლის 1 დეკემბრამდე მოეხსენებინა მიღწეული პროგრესის შესახებ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ „Security Council extends Cyprus mission until 15 December 2006“. United Nations. June 15, 2006.
  2. ↑ „UN SC – UNFICYP – Resolution“. Cyprus News Agency. 16 June 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 October 2020. ციტირების თარიღი: 19 June 2011.
  3. ↑ Lemes, Leonardo A. (2007). „Beyond Physical Divide: The Cyprus Problem“ (PDF). Journal of Scholarship and Ideas: 95–102. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2010-06-10. ციტირების თარიღი: 2009-01-03.