შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1663

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1663

სუდანი
თარიღი 24 მარტი, 2006
სხდომა № 5,269
კოდი S/RES/1663 (დოკუმენტი)
თემა სუდანი
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1663 მიიღეს 2006 წლის 24 მარტს. სუდანში არსებული ვითარების შესახებ წინა რეზოლუციების, განსაკუთრებით 1627-ისა და 1653-ის გათვალისწინებით, საბჭომ სუდანში გაეროს მისიის (UNMIS) მანდატი კიდევ ექვსი თვით, 2006 წლის 24 სექტემბრამდე გააგრძელა.[1]

რეზოლუციის პრეამბულაში საბჭოს წევრებმა მიესალმნენ სუდანის მთავრობისა და სუდანის ხალხის განმათავისუფლებელი არმიის/მოძრაობის (SPLA/M) მიერ ნაივაშის შეთანხმების შესრულებას და მხარეებს მოუწოდეს, შეასრულონ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. საბჭომ ასევე მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც საკუთარი სამხედრო კონტინგენტით მხარი დაუჭირეს გაეროს მისიის (UNMIS) მუშაობას.

დოკუმენტში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დარფურში ძალადობისა და სასტიკი ქმედებების დასრულების აუცილებლობას და აღინიშნა, რომ რაც შეიძლება მალე უნდა გაფორმდეს სამშვიდობო შეთანხმება. საბჭო მიესალმა აფრიკის კავშირის მშვიდობისა და უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მხარი დაეჭირა აფრიკის კავშირის სუდანის მისიის (AMIS) გაეროს სამშვიდობო ოპერაციად გარდაქმნას.[2]

საბჭომ სუდანში შექმნილ ვითარებას „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საფრთხე“ უწოდა. ამასთანავე, შეშფოთება გამოხატა საზღვრებზე იარაღისა და შეიარაღებული ჯგუფების უკანონო გადაადგილების გამო; განსაკუთრებით აღინიშნა „უფლის წინააღმდეგობის არმიის“ (LRA) ხანგრძლივი ამბოხება და ამ პროცესების მძიმე გავლენა სუდანის მშვიდობიან მოსახლეობაზე.

გაეროს მისიის (UNMIS) მანდატი გაგრძელდა იმ პირობით, რომ საჭიროების შემთხვევაში მას მომავალშიც განაახლებდნენ.[3] გენერალურ მდივანს, კოფი ანანს, დაევალა ყოველ სამ თვეში ერთხელ წარედგინა ანგარიში რეგიონში არსებული სიტუაციის, მათ შორის იმ ძალისხმევის შესახებ, რომელსაც გაეროს მისია აფრიკის კავშირის მისიის (AMIS) დასახმარებლად ეწეოდა. ამ კონტექსტში, გაეროს მისიას დაევალა AMIS-ის მხარდაჭერა 1590-ე რეზოლუციის შესაბამისად.

ამავდროულად, გენერალურ მდივანსა და აფრიკის კავშირს მოუწოდეს, დაეწყოთ მზადება დარფურში გაეროს ახალი მისიის დასაფუძნებლად. საბჭომ ასევე მკაცრად დაგმო სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებისა და ისეთი მილიციის მოქმედებები, როგორიცაა „უფლის წინააღმდეგობის არმია“ (LRA), რომელიც კვლავ აგრძელებდა თავდასხმებს მშვიდობიან მოქალაქეებზე და არღვევდა ადამიანის უფლებებს სუდანში.[4] საბჭომ აღნიშნა, რომ ელოდება გენერალური მდივნის რეკომენდაციებს ამ პრობლემის საუკეთესოდ გადაჭრის გზების შესახებ.[5]

სუდანის კონფლიქტში ჩართულ მხარეებს მოუწოდეს, დროულად დაასრულონ იმ ეროვნული ინსტიტუტების ჩამოყალიბება, რომლებიც ყოფილი მებრძოლების განიარაღებაზე, დემობილიზაციასა და სოციალურ რეინტეგრაციაზე იქნებიან პასუხისმგებელნი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Security Council extends UN Mission in Sudan until 24 September“. United Nations. March 24, 2006.
  2. United Nations. Dept. of Public Information (2007). United Nations peace operations: year in review. United Nations Publications, გვ. 9. 
  3. McCormack, T.; Kleffner, J. K. (2009) Yearbook of International Humanitarian Law, Volume 9; Volume 2006. The Hague: T.M.C. Asser Press, გვ. 296. ISBN 978-90-6704-269-7. 
  4. Arenas-García, Nahuel (2010). „The UNMIS in South Sudan: Challenges & Dilemmas“ (PDF). iecah.org. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2018-01-20. ციტირების თარიღი: 2011-06-10.
  5. Mehler, Andreas; Melber, Henning; Van Walraven, Klaas (2007) Africa yearbook. Leiden: BRILL, გვ. 391. ISBN 978-90-04-16263-1.