შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1643

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1643

დაგბეგოს პლაჟი, კოტ-დ’ივუარი
თარიღი 15 დეკემბერი, 2005
სხდომა № 5,327
კოდი S/RES/1643 (დოკუმენტი)
თემა სიტუაცია კოტ-დ’ივუარში
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1643 ერთხმად იქნა მიღებული 2005 წლის 15 დეკემბერს. კოტ-დ’ივუარში (სპილოს ძვლის ნაპირი) არსებულ ვითარებაზე ადრე მიღებული რეზოლუციების გახსენების შემდეგ, საბჭომ 2006 წლის 15 დეკემბრამდე გააგრძელა ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული იარაღის ემბარგო, აგრეთვე ფინანსური და გადაადგილების შეზღუდვები, და დამატებით აკრძალა ალმასებით ვაჭრობა.[1]

უშიშროების საბჭომ შეშფოთება გამოთქვა ქვეყანაში მიმდინარე კრიზისის გამო. მან მოუწოდა კოტ-დ’ივუარის მთავრობასა და ახალ ძალებს, უარი თქვან ძალადობაზე, განსაკუთრებით სამოქალაქო პირებისა და უცხოელების წინააღმდეგ, და ითანამშრომლონ კოტ-დ’ივუარში გაეროს ოპერაციასთან (UNOCI).

რეზოლუციის პრეამბულამ ასევე მხედველობაში მიიღო კიმბერლის პროცესის სერტიფიცირების სქემის გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავს კოტ-დ’ივუარიდან მოპოვებული ალმასების საერთაშორისო ბაზარზე მოხვედრის აღკვეთას. საბჭომ აღიარა კავშირი ბუნებრივი რესურსების უკანონო ვაჭრობასა და ექსპლუატაციას, იარაღის ტრეფიკინგსა და დაქირავებული ჯარის გამოყენებას შორის, რაც ხელს უწყობდა კონფლიქტის გაღვივებას.[2]

გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე მოქმედმა საბჭომ ერთი წლით გააგრძელა 1572-ე (2004) რეზოლუციით დაწესებული სანქციები და მოითხოვა მთავრობისა და მეამბოხეებისგან მათ მფლობელობაში არსებული იარაღის სიის წარდგენა. დაწესდა აკრძალვა დაუმუშავებელი ალმასების იმპორტზე.[3] ყველა ქვეყანას დაევალა, აღკვეთონ ივუარული ალმასების იმპორტი თავიანთ ტერიტორიაზე და 90 დღის ვადაში წარადგინონ ანგარიში ამ ზომის მისაღებად გატარებული ქმედებების შესახებ.[4] საბჭო დამატებითი ზომებით დაემუქრა იმ პირებს, რომლებიც შეეცდებოდნენ სამშვიდობო პროცესის დაბლოკვას, ჩაიდენდნენ ადამიანის უფლებების დარღვევებს ან წააქეზებდნენ ძალადობას. საბჭომ მიიჩნია, რომ თავდასხმა UNOCI-ზე, მხარდამჭერ ფრანგულ ძალებსა თუ სხვა პერსონალზე წარმოადგენს საფრთხეს ეროვნული შერიგების პროცესისთვის.

დასასრულს, გენერალურ მდივანს, კოფი ანანს, დაევალა ხუთი ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფის შექმნა ექვსი თვის ვადით, რათა გამოიძიონ საერთაშორისო სანქციების დარღვევის ფაქტები და მოამზადონ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ რეგიონის ქვეყნებს ამ ზომების უკეთ იმპლემენტაცია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ „Security Council renews Côte d'Ivoire arms embargo, travel restrictions until 15 December 2006“. United Nations. 15 December 2005.
  2. ↑ Harpviken, Kristian Berg (2010). Troubled Regions and Failing States: The Clustering and Contagion of Armed Conflict. Emerald Group Publishing, გვ. 239. ISBN 978-0-85724-101-6. 
  3. ↑ „Rough diamond ban for Ivory Coast“. BBC News. 16 December 2005.
  4. ↑ Associated Press (16 December 2005). „UN bans Ivory Coast diamond exports“. Jamaica Observer.