შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1563

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1563

„ISAF“-ის ჯარისკაცი ავღანეთში
თარიღი 17 სექტემბერი, 2004
სხდომა № 5,038
კოდი S/RES/1563 (დოკუმენტი)
თემა ვითარება ავღანეთში
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1563 ერთხმად მიიღეს 2004 წლის 17 სექტემბერს, ავღანეთში არსებულ ვითარებაზე ყველა წინა რეზოლუციის, განსაკუთრებით კი 1386-ე (2001), 1413-ე (2002), 1444-ე (2002) და 1510-ე (2003) რეზოლუციების, აგრეთვე ტერორიზმის შესახებ 1368-ე (2001) და 1373-ე (2001) რეზოლუციების ხელახლა დადასტურების შემდეგ. საბჭომ უსაფრთხოების საერთაშორისო მხარდაჭერის ძალების (ISAF) მანდატი კიდევ ერთი წლის ვადით გააგრძელა.[1]

უშიშროების საბჭომ აღიარა, რომ მთელ ავღანეთში უსაფრთხოების, კანონიერებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა თავად ავღანელებს ეკისრებოდათ. მან შეახსენა ბონის შეთანხმება და მისი დებულება ქაბულის ფარგლებს გარეთ, სხვა რეგიონებში „ISAF“-ის ეტაპობრივი გაფართოების შესახებ. საბჭომ ასევე ხაზი გაუსვა ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილების გაფართოების, უსაფრთხოების სექტორის რეფორმირებისა და ყველა შეიარაღებული ძალების ყოველმხრივი განიარაღების, დემობილიზაციისა და რეინტეგრაციის მნიშვნელობას. გამოითქვა შეშფოთება იმის გამო, რომ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის გამო, ბონის შეთანხმების სრულად განხორციელება ვერ ხერხდებოდა.

რეზოლუცია მიესალმა ავღანეთის გარდამავალი ადმინისტრაციის თანამშრომლობას და „ISAF“-ისა და ოპერაცია „ურყევი თავისუფლების“ (Operation Enduring Freedom) განზრახვას, დახმარება გაეწიათ ეროვნული არჩევნების ჩატარებაში. მან ასევე მადლიერება გამოხატა ევროკორპუსის (Eurocorps) მიმართ, რომელმაც კანადის ნაცვლად აიღო თავის თავზე „ISAF“-ის ხელმძღვანელობა. საბჭომ დაადგინა, რომ ავღანეთში არსებული ვითარება საფრთხეს უქმნიდა საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

რეზოლუციის დებულებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების VII თავის საფუძველზე მოქმედმა საბჭომ გააფართოვა „ISAF“-ის მანდატი თორმეტი თვის ვადით, 2004 წლის 13 ოქტომბრის შემდგომი პერიოდისთვის. „ISAF“-ს ეთხოვა ეთანამშრომლა გარდამავალ ადმინისტრაციასთან და მის სამართალმემკვიდრეებთან, გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან და ოპერაცია „ურყევ თავისუფლებასთან“ (Operation Enduring Freedom).[2]

ძალებში მონაწილე სახელმწიფოებს მიენიჭათ უფლებამოსილება, გამოეყენებინათ ყველა საჭირო ზომა მანდატის შესასრულებლად, ხოლო სხვა წევრ ქვეყნებს ეთხოვათ ოპერაციისთვის პერსონალითა და რესურსებით დახმარება.<ref>United Nations (2007). United Nations Juridical Yearbook 2004. United Nations Publications, გვ. 126. ISBN 978-92-1-133767-9. </ref საბოლოოდ, ISAF-ის ხელმძღვანელობას დაევალა კვარტალური ანგარიშების წარდგენა თავისი მანდატის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Security Council extends authorisation for Afghanistan security force for 12 months“. United Nations. 17 September 2004.
  2. Swain, Ashok (2009). The democratization project: opportunities and challenges. Anthem Press, გვ. 27. ISBN 978-1-84331-314-4.