გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1509
| გაეროს უს რეზოლუცია 1509 | |
|---|---|
|
UNMIL-ის მანქანები ლიბერიაში | |
| თარიღი | 19 სექტემბერი, 2003 |
| სხდომა № | 4,830 |
| კოდი | S/RES/1509 (დოკუმენტი) |
| თემა | სიტუაცია ლიბერიაში |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1509 მიიღეს ერთხმად 2003 წლის 19 სექტემბერს. ლიბერიაში არსებულ ვითარებაზე ყველა წინა რეზოლუციის, მათ შორის რეზოლუცია 1497 (2003) გახსენების შემდეგ, საბჭომ ჩამოაყალიბა 15 000-კაციანი გაეროს მისია ლიბერიაში (UNMIL) ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო შეთანხმების იმპლემენტაციაში დახმარების გაწევის მიზნით. [1]
რეზოლუციის მიღებამდე საბჭოს განეცხადა, რომ საჭირო იქნებოდა მრავალი მშვიდობისმყოფელი „სასტიკი მოპყრობის, ძალადობის, კორუფციისა და არასტაბილურობის ციკლის“ დასასრულებლად. [2] UNMIL-ს 2003 წლის 1 ოქტომბრიდან ქვეყანაში უნდა ჩაენაცვლებინა გაეროს მიერ მანამდე ავტორიზებული დასავლეთ აფრიკის ძალები.[3]
რეზოლუცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაკვირვებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეზოლუციის პრეამბულაში საბჭომ შეშფოთება გამოხატა მთელ ლიბერიაში სამოქალაქო მოსახლეობაზე ხანგრძლივი სამოქალაქო ომის შედეგების გამო და ხაზი გაუსვა ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებას.[4]დაგმო ადამიანის უფლებების ყველა დარღვევა, მათ შორის ქალებისა და ბავშვების მიმართ ძალადობა და ბავშვი-ჯარისკაცების გამოყენება. ამავდროულად, გამოითქვა შეშფოთება გაჭირვებულ ადამიანებთან ჰუმანიტარული მუშაკების შეზღუდული წვდომის გამო და ხაზი გაესვა უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობას. ჩამოყალიბების შემდეგ, ახალ გარდამავალ მთავრობას უნდა უზრუნველყოს ადამიანის უფლებების პატივისცემა, კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობა.
საბჭომ დადებითად შეაფასა დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის (ECOWAS), ლიბერიის მისიისა (ECOMIL) და აფრიკის კავშირის ძალისხმევა ქვეყანაში.[5]საბჭომ აღნიშნა, რომ ლიბერიაში ხანგრძლივი სტაბილურობა დამოკიდებული იქნებოდა ქვერეგიონში მშვიდობაზე; მხარი დაუჭირა 2003 წლის 17 ივნისს ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასა და 2003 წლის 18 აგვისტოს ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას და დაამატა, რომ იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელნი თავად მხარეები იქნებოდნენ.
რეზოლუციის პრეამბულა მიესალმა ყოფილი პრეზიდენტის, ჩარლზ ტეილორის გადადგომას, პრეზიდენტის წასვლას ქვეყნიდან და ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას. საბჭომ აღნიშნა, რომ საჭირო იყო გრძელვადიანი ჩარჩოს შექმნა ლიბერიაში ECOMIL-ის ძალების შესაცვლელად და დაადგინა, რომ ლიბერიაში არსებული ვითარება საფრთხეს უქმნიდა საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას როგორც რეგიონში, ისე მთელ დასავლეთ აფრიკაში.
ქმედებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე მოქმედმა საბჭომ UNMIL-ის მისია თავდაპირველი 12 თვის ვადით ჩამოაყალიბა. მისია უნდა შემდგარიყო 15 000 სამხედრო მოსამსახურისგან, მათ შორის 250 სამხედრო დამკვირვებლისგან, 160 შტაბის თანამშრომლისა და 1,115 პოლიციელისგან.[6]ოპერაციას სათავეში ჩაუდგა გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ლიბერიაში, ჟაკ კლეინი.[7] მისიას მიენიჭა ფართო მანდატი ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მხარდაჭერა, გაეროს პერსონალისა და ობიექტების დაცვა, ჰუმანიტარული დახმარების ხელშეწყობა, უსაფრთხოების რეფორმის მხარდაჭერა და სამშვიდობო პროცესის იმპლემენტაცია, რაც 2005 წლისთვის დაგეგმილ არჩევნებსაც მოიცავდა.[8][9]
რეზოლუციამ მოითხოვა საომარი მოქმედებების დასრულება მთელ ლიბერიაში, ყველა მონაწილე მხარის მიერ ვალდებულებების შესრულება და UNMIL-თან თანამშრომლობა.[10]ლიბერიის მთავრობას ეთხოვა 30 დღის ვადაში გაეროს გენერალურ მდივანთან, კოფი ანანთან, დაედო შეთანხმება ძალების სტატუსის შესახებ (SOFA), ხოლო ლიბერიულ მხარეებს უნდა უზრუნველეყოთ ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეუფერხებელი წვდომა სამოქალაქო მოსახლეობასთან. საბჭომ აღიარა ბავშვთა დაცვის მნიშვნელობა რეზოლუცია 1379 (2001) და მასთან დაკავშირებული რეზოლუციების შესაბამისად და კვლავ მოითხოვა ბავშვი-ჯარისკაცების გამოყენების შეწყვეტა. ასევე ხაზი გაესვა გენდერულ პერსპექტივას, ქალებისა და გოგონების შესახებ რეზოლუცია 1325 (2000) შესაბამისად. ამავდროულად, ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული იარაღის ემბარგო არ გავრცელდა UNMIL-ის პერსონალზე.
ყველა სახელმწიფოს მოუწოდეს, შეეწყვიტათ მეზობელ ქვეყნებში მოქმედი სამხედრო დაჯგუფებების მხარდაჭერა, ხოლო ლიბერიის გარდამავალ მთავრობას ეთხოვა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მეზობელ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან. საერთაშორისო თანამეგობრობას კი მიმართეს თხოვნით, განეხილათ ლიბერიისთვის სამომავლო დახმარების გაწევა ეკონომიკური განვითარების კუთხით. საბჭომ ხაზი გაუსვა გაეროს რადიოსადგურების შექმნის აუცილებლობას, რათა ლიბერიის საზოგადოება ინფორმირებული ყოფილიყო UNMIL-ის როლისა და სამშვიდობო პროცესის შესახებ. განიარაღების, დემობილიზაციის, რეინტეგრაციისა და რეპატრიაციის პროგრამაზე მითითებით, რეზოლუციამ მოუწოდა გარდამავალ მთავრობას, ორგანიზაციებს — ლიბერიელები შერიგებისა და დემოკრატიისთვის (LURD) და მოძრაობა დემოკრატიისთვის ლიბერიაში (MODEL) — ეთანამშრომლათ UNMIL-თან ამ პროცესის განხორციელებაში.
საბოლოოდ, გენერალურ მდივანს დაევალა, რეგულარულად მიეწოდებინა ინფორმაცია საბჭოსთვის ლიბერიაში არსებული ვითარების შესახებ, მათ შორის წარედგინა ანგარიში ყოველ 90 დღეში ერთხელ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Security Council establishes 15,000-strong stabilisation force for Liberia to assist peace process“. United Nations. 19 September 2003.
- ↑ „Liberia: Security Council approves 16,000-strong peacekeeping force“. United Nations News Centre. 19 September 2003.
- ↑ Francis, David J. (2005). Dangers of co-deployment: UN co-operative peacekeeping in Africa. Ashgate Publishing, Ltd, გვ. 132. ISBN 978-0-7546-4027-1.
- ↑ McCormack, T.; McDonald, Avril (2006). Yearbook of International Humanitarian Law – 2003, Volume 6; Volume 2003. Cambridge University Press, გვ. 278. ISBN 978-90-6704-203-1.
- ↑ Lansana, Gberie (2005). „Liberia’s War and Peace process“, Tortuous Road to Peace, გვ. 51–71.
- ↑ Kabia, John M. (2009). Humanitarian intervention and conflict resolution in West Africa: from ECOMOG to ECOMIL. Ashgate Publishing, Ltd, გვ. 169. ISBN 978-0-7546-7444-3.
- ↑ Furley, Oliver; May, Roy (2006). Ending Africa's wars: progressing to peace. Ashgate Publishing, Ltd, გვ. 187. ISBN 978-0-7546-3932-9.
- ↑ Stahn, Carsten (2008). The law and practice of international territorial administration: Versailles to Iraq and beyond. Cambridge University Press, გვ. 383–384. ISBN 978-0-521-87800-5.
- ↑ Bassey, Celestine Oyom; Oshita, Oshita (2010). Governance and Border Security in Africa. African Books Collective, გვ. 117. ISBN 978-978-8422-07-5.
- ↑ „UN to deploy 16,000 peacekeeping force in Liberia“. People's Daily. 21 September 2003.
| |||||