შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1419

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1419

ავღანეთის ლოია ჯირგას წევრები 2002 წელს
თარიღი 26 ივნისი, 2002
სხდომა № 4,560
კოდი S/RES/1419 (დოკუმენტი)
თემა ავღანეთში არსებული ვითარება
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1419 ერთხმად მიიღეს 2002 წლის 26 ივნისს. ავღანეთში არსებული მდგომარეობის შესახებ ყველა წინა რეზოლუციის, განსაკუთრებით რეზოლუცია 1383 (2001)-ისა და ტერორიზმთან დაკავშირებული რეზოლუციების 1368 (2001) და 1373 (2001) დადასტურების შემდეგ, საბჭომ შეაქო ქვეყანა საგანგებო ლოია ჯირგას წარმატებით ჩატარებისთვის და მოუწოდა ავღანელ ხალხს ეთანამშრომლათ გარდამავალ ადმინისტრაციასთან.[1]

უშიშროების საბჭომ კვლავ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა ბონის შეთანხმების მიმართ და მზადყოფნა, დახმარებოდა ავღანელ ხალხს ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებაში, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფაში. ის მიესალმა 2002 წლის 11–19 ივნისს ჩატარებულ საგანგებო ლოია ჯირგას და აღნიშნა ქალთა ფართო მონაწილეობა.[2] ამასთან, საბჭომ წაახალისა ავღანელი ხალხი თავად განესაზღვრათ საკუთარი პოლიტიკური მომავალი, მიესალმა ჰამიდ ქარზაის არჩევას სახელმწიფოს მეთაურად და გარდამავალი ხელისუფლების შექმნას. ყველა ავღანურ ჯგუფს მოუწოდა ეთანამშრომლათ ახალ ხელისუფლებასთან, ხოლო გარდამავალ ხელისუფლებას გაეგრძელებინა დროებითი ადმინისტრაციის ძალისხმევა ქალებისა და გოგონების მდგომარეობის გაუმჯობესების, ბავშვთა განათლების განვითარების მიმართულებით და ყოველწლიური ოპიუმის ყაყაჩოს მოსავლის აღმოსაფხვრელად.

რეზოლუციამ შეაქო გაეროს ძალისხმევა ავღანელი ხალხის მხარდაჭერის საქმეში, ასევე ავღანეთში გაეროს დახმარების მისიის, გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ლახდარ ბრაჰიმის და საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალების როლი უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. მან მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას გაეზარდა მხარდაჭერა და დახმარება ავღანეთის პროცესის მიმართ, აგრეთვე ავღანელი ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების დიდი რაოდენობისთვის.[3]


  1. „Security Council commends Afghan people on successful conduct of emergency loya jirga“. United Nations. 26 June 2002.
  2. Köhler-Olsen, Julia (2006). Mainstreaming women's human rights to political participation: the United Nations' approach in Afghanistan. Institutt for offentlig rett, Universitetet i Oslo, გვ. 77. ISBN 978-82-8063-056-8. 
  3. UN Security Council Supports Afghan Developments. GlobalSecurity.org (26 June 2002).