შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1264

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1264

INTERFET მედალი
თარიღი 15 სექტემბერი, 1999
სხდომა № 4,045
კოდი S/RES/1264 (დოკუმენტი)
თემა სიტუაცია ტიმორში
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1264 მიიღეს ერთხმად 1999 წლის 15 სექტემბერს, აღმოსავლეთ ტიმორის (ტიმორ-ლესტე) შესახებ წინა რეზოლუციების გახსენების შემდეგ. საბჭომ გასცა ნებართვა მრავალეროვნული საერთაშორისო ძალების (INTERFET) შექმნაზე, რათა აღედგინათ მშვიდობა და უსაფრთხოება ტერიტორიაზე, ხელი შეეწყოთ ჰუმანიტარული დახმარებისთვის და დაეცვათ გაეროს მისია აღმოსავლეთ ტიმორში (UNAMET).[1]

უშიშროების საბჭო მიესალმა 1999 წლის 30 აგვისტოს აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის წარმატებულ ჩატარებას, რომელშიც აღმოსავლეთ ტიმორელმა ხალხმა დამოუკიდებლობას მისცა ხმა. ამავდროულად, გამოითქვა შეშფოთება უსაფრთხოების მხრივ გაუარესებული მდგომარეობისა და ძალადობის გამო, რამაც მრავალი ადგილობრივი მცხოვრები აიძულა გადაადგილებულიყო. თავდასხმები განხორციელდა ასებე UNAMET-ზე და სხვა საერთაშორისო თუ ეროვნულ ჰუმანიტარულ პერსონალზე, რამაც განსაკუთრებით დააზარალა დაუცველი ჯგუფები. ვრცელდებოდა ცნობები მთელ აღმოსავლეთ ტიმორში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიანი დარღვევების შესახებ; ინდონეზია დათანხმდა რეგიონში გაეროს საერთაშორისო სამშვიდობო ძალების ყოფნას.[2]

გაეროს წესდების VII თავის შესაბამისად მოქმედმა საბჭომ დაგმო ძალადობა აღმოსავლეთ ტიმორში, მოითხოვა პასუხისმგებელი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა და ხაზი გაუსვა ამ ტერიტორიაზე დაუყოვნებელი, შეუზღუდავი ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობას. ამასთან დაკავშირებით, საბჭომ გასცა ნებართვა ავსტრალიის ხელმძღვანელობით მრავალეროვნული ძალების შექმნაზე ერთიანი სარდლობის ქვეშ, რომელთა ამოცანა იყო მშვიდობის აღდგენა, UNAMET-ის მისიის დაცვა და ჰუმანიტარულ ოპერაციებში დახმარება ყველა საჭირო ზომის გამოყენებით.[3] ძალები შედგებოდა 17 ქვეყნის 8000 თანამშრომლისგან.[4]ინდონეზიის მთავრობა, რომელსაც დროებითი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა აღმოსავლეთ ტიმორის უსაფრთხოებაზე, უნდა ეთანამშრომლა მრავალეროვნულ ძალებთან ანუ INTERFET-თან.

რეზოლუციამ აღნიშნა, რომ ინდონეზიასა და პორტუგალიას შორის აღმოსავლეთ ტიმორის მომავლის შესახებ შეთანხმების ნაწილი ითვალისწინებდა აღმოსავლეთ ტიმორში ხელისუფლების მშვიდობიან და ორგანიზებულ გადაცემას გაეროსთვის, ხოლო INTERFET-ს ეთხოვა ამ პროცესის მხარდაჭერა. მრავალეროვნული ძალები აღმოსავლეთ ტიმორში ოთხი თვის განმავლობაში დარჩებოდნენ, სანამ გაეროს სამშვიდობო ძალები ჩაანაცვლებდნენ და მოითხოვებოდა პერიოდული ანგარიშების წარდგენა მიღწეული პროგრესის შესახებ.[5]

საბოლოოდ, გენერალურ მდივანს ეთხოვა აღმოსავლეთ ტიმორში გარდამავალი ადმინისტრაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რაც რეფერენდუმის შემდგომი იმპლემენტაციის ფაზაში სამშვიდობო ოპერაციასაც მოიცავდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Security Council authorises multinational force in East Timor“. United Nations. 15 September 1999.
  2. „UN approves Timor force“. BBC News. 15 September 1999.
  3. Rothert, Mark (2000). „UN Intervention in East Timor“. Columbia Journal of Transnational Law. 39 (1): 257–282.
  4. Hilaire, Max (2005). United Nations law and the Security Council. Ashgate Publishing, Ltd, გვ. 152. ISBN 978-0-7546-4489-7. 
  5. „Security Council nod to peacekeepers for E Timor“. The Indian Express. Press Trust of India. 16 September 1999.