შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1262

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1262

აღმოსავლეთ ტიმორის პოლიცია
თარიღი 27 აგვისტო, 1999
სხდომა № 4,038
კოდი S/RES/1262 (დოკუმენტი)
თემა სიტუაცია ტიმორში
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს 1262-ე რეზოლუცია, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული 1999 წლის 27 აგვისტოს, ეყრდნობა აღმოსავლეთ ტიმორის შესახებ მანამდე არსებულ რეზოლუციებს, განსაკუთრებით 1246-ე (1999) და 1257-ე (1999) რეზოლუციებს. საბჭომ გადაწყვიტა, რომ აღმოსავლეთ ტიმორში გაეროს მისიის (UNAMET) მანდატი 1999 წლის 30 ნოემბრამდე გაეგრძელებინა.[1]

უშიშროების საბჭომ გაიხსენა ინდონეზიასა და პორტუგალიას შორის ხელმოწერილი შეთანხმება აღმოსავლეთ ტიმორის მომავლის შესახებ, ასევე გაეროს, ინდონეზიასა და პორტუგალიას შორის შეთანხმებები აღმოსავლეთ ტიმორის სპეციალური ავტონომიის რეფერენდუმის თაობაზე; ორივე მათგანს ხელი მოეწერა 1999 წლის 5 მაისს. საბჭომ აღნიშნა, რომ რეფერენდუმის შემდგომ პერიოდში ნდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით, აუცილებელი იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გაეგრძელებინა ძალისხმევა აღმოსავლეთ ტიმორში. გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა, გამოთქვა წინადადება, რომ აღმოსავლეთ ტიმორში გაეროს მისიას (UNAMET) დროებით გაეგრძელებინა ფუნქციონირება რეფერენდუმის ჩატარებისა და მისი შედეგების იმპლემენტაციის შემდგომ პერიოდში.

მას შემდეგ, რაც უშიშროების საბჭომ UNAMET-ის მანდატი 1999 წლის 30 ნოემბრამდე გააგრძელა, მან მხარი დაუჭირა გენერალური მდივნის წინადადებებს მისიის გარდამავალი ფაზის შესახებ, რომელიც შემდეგი კომპონენტებისგან შედგებოდა:

(ა) საარჩევნო ერთეული;
(ბ) პოლიციის კომპონენტი 460-მდე თანამშრომლის შემადგენლობით, ინდონეზიის ეროვნული პოლიციისათვის კონსულტაციების გასაწევად და აღმოსავლეთ ტიმორის ახალი ეროვნული პოლიციის გადასამზადებლად;
(გ) სამხედრო მეკავშირეების კომპონენტი 300-მდე თანამშრომლის შემადგენლობით, ურთიერთობების შესანარჩუნებლად;
(დ) სამოქალაქო კომპონენტი, გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლისათვის შეთანხმებების იმპლემენტაციის საკითხებში კონსულტაციების გასაწევად;
(ე) საზოგადოებრივი ინფორმაციის კომპონენტი, შეთანხმებების იმპლემენტაციის პროცესის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და შერიგების ხელშეწყობის მიზნით.

საბჭომ მოუწოდა ყველა მხარეს, ეთანამშრომლათ UNAMET-თან და უზრუნველეყოთ მისი გადაადგილების თავისუფლება, ხოლო ინდონეზიას დაეკისრა პასუხისმგებლობა, კვლავაც უზრუნველეყო უსაფრთხოება აღმოსავლეთ ტიმორში გარდამავალ პერიოდში.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Security Council adopts resolution extending mandate of UN mission in East Timor until 30 November“. United Nations. 27 August 1999.
  2. Fox, James J. (2000). Out of the ashes: destruction and reconstruction of East Timor. C. Hurst & Co. Publishers, გვ. 98. ISBN 978-1-85065-554-1.