შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1120

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1120

აღმოსავლეთ სლავონიის, ბარანიისა და დასავლეთ სირმიის რეგიონი, რომელსაც მართავდა გაეროს დროებითი ადმინისტრაცია (UNTAES)
თარიღი 14 ივლისი, 1997
სხდომა № 3,800
კოდი S/RES/1120 (დოკუმენტი)
თემა ვითარება ხორვატიაში
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1120, რომელიც ერთხმად მიიღეს 1997 წლის 14 ივლისს, ხორვატიის შესახებ წინა რეზოლუციების — მათ შორის 1023 (1995), 1025 (1995), 1037 (1996), 1043 (1996), 1069 (1996) და 1079 (1996) — გახსენების შემდეგ, საბჭომ გააგრძელა გაეროს დროებითი ადმინისტრაციის (UNTAES) მანდატი აღმოსავლეთ სლავონიაში, ბარანიასა და დასავლეთ სირმიაში 1998 წლის 15 იანვრამდე.[1]

ხორვატიის რეგიონები: აღმოსავლეთ სლავონია, ბარანია და დასავლეთ სირმია იმყოფებოდნენ გაეროს მისია UNTAES-ის მმართველობის ქვეშ. აღნიშნულ რეგიონებში ადგილობრივ სერბულ თემთან დადებული შეთანხმებით, პრიორიტეტს ყველა მოქალაქის უსაფრთხოება წარმოადგენდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ხორვატიის მთავრობას მიეცა საშუალება ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, რათა ისინი უსაფრთხოდ დაბრუნებულიყვნენ საკუთარ სახლებში. საბჭომ გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ რეგიონში არ იყო დაცული ადამიანის უფლებები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების, და ადგილი ჰქონდა ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალთან თანამშრომლობის ნაკლებობას. საბჭომ ასევე ხაზი გაუსვა „ამნისტიის კანონის“ უარყოფით გავლენას, რადგან მან ზიანი მიაყენა ხორვატიის ეთნიკურ თემებს შორის ნდობის აღდგენის პროცესს.

გაეროს წესდების VII თავის შესაბამისად, საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის დიდი მნიშვნელობა, რომელსაც ანიჭებდა მხარეების მიერ ყველა შეთანხმების სრულ შესრულებას და გაეროსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სრულ თანამშრომლობას. ამასთანავე, ხაზი გაესვა ყველა ეთნიკური ჯგუფის ადამიანის უფლებების პატივისცემის მნიშვნელობას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ხორვატია აფერხებდა ლტოლვილთა დაბრუნების პროცესს.[2] სამივე რეგიონის ადგილობრივ სერბებს მოუწოდეს, გამოეჩინათ კონსტრუქციული დამოკიდებულება ხორვატიის დანარჩენ ნაწილთან რეინტეგრაციის მიმართ. მოთხოვეს „ამნისტიის კანონში“ არსებული ყველა ბუნდოვანების აღმოფხვრა და მისი სამართლიანი იმპლემენტაცია.

უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა UNTAES-ის რესტრუქტურიზაციის გეგმას, რაც გულისხმობდა სამხედრო კომპონენტის გაყვანას და აღმასრულებელი უფლებამოსილებების დევოლუციას.[3] საბჭომ მოუწოდა მისას, ეთანამშრომლა მეზობელ ბოსნია და ჰერცეგოვინაში რეზოლუცია 1088-ით (1996) ავტორიზებულ სტაბილიზაციის ძალებთან (SFOR). გენერალურ მდივანს დაევალა, 1997 წლის 6 ოქტომბრამდე წარედგინა ანგარიში საბჭოსთვის რეგიონის რეინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.[4] ხაზი გაესვა ტერიტორიის დემილიტარიზაციისა და ლიბერალური სასაზღვრო რეჟიმის დამყარების მნიშვნელობას. საბოლოოდ, ხორვატიის მთავრობას მოუწოდეს ეროვნული შერიგების პროგრამის ინიცირებისკენ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Security Council extends mandate of UNTAES and of military observers in Prevlaka until 15 January 1998“. United Nations. 14 July 1997.
  2. Baehr, Peter R. (1998). The role of the nation-state in the 21st century: human rights, international organisations, and foreign policy : essays in honour of Peter Baehr. Martinus Nijhoff Publishers, გვ. 433. ISBN 978-90-411-1141-8. 
  3. Doyle, Michael W. (2006). Making war and building peace: United Nations peace operations. Princeton University Press, გვ. 227. ISBN 978-0-691-12275-5. 
  4. Publicističko-izdavački zavod "Jugoslavija" (1997). Yugoslav survey, Volume 38. Jugoslavija Pub. House, გვ. 126.