შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1012

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1012

ბურუნდი
თარიღი 28 აგვისტო, 1995
სხდომა № 3,571
კოდი S/RES/1012 ([ დოკუმენტი])
თემა ბურუნდი
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1012 მიღებულია 1995 წლის 28 აგვისტოს.აფრიკის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ჩაკეტილი ქვეყნის, ბურუნდის, მდგომარეობის განხილვის შემდეგ, საბჭომ დააფუძნა საერთაშორისო საგამოძიებო კომისია პრეზიდენტ მელშიორ ნდადაიეს მკვლელობის გამოსაძიებლად, რომელიც 1993 წლის ოქტომბრის სამხედრო გადატრიალების დროს მოხდა.

1993 წლის 21 ოქტომბერს, ბურუნდის პირველი დემოკრატიულად არჩეული ჰუტუ პრეზიდენტი, მელქიორ ნდადაიე, ტუტსის ექსტრემისტებმა მოკლეს. მკვლელობას შედეგად მოჰყვა ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის ძალადობის ტალღა, რამაც ერთ წელიწადში 50,000-დან 100,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 1994 წელს ნდადაიეს მემკვიდრესიპრიენ ნტარიამირა, რუანდის პრეზიდენტ ჟიუვენალ ჰაბიარიმანასთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ამ აქტმა საფუძველი ჩაუყარა რუანდის გენოციდს, ბურუნდიში კი ნტარიამირას სიკვდილმა კიდევ უფრო გაამწვავა ძალადობა და არეულობა, თუმცა იქ მასობრივ ჟლეტას ადგილი არ ჰქონია. 8 აპრილს პრეზიდენტის პოსტზე 4 წლის ვადით სსილვესტრე ნტიბანტუნგანია დაინიშნა, მაგრამ უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ გაუარესდა. ასობით ათასი რუანდელი ლტოლვილის შემოდინებამ და შეიარაღებული ჰუტუებისა და ტუტსების ჯგუფების გააქტიურებამ რეჟიმის კიდევ უფრო მეტი დესტაბილიზაცია გამოიწვია.

ბურუნდიში ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშის განხილვის შემდეგ, საბჭომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო კომიტეტს გადამწყვეტი როლი უნდა ეთამაშა 1993 წლის გადატრიალებისა და მას მოყოლილი მასობრივი ხოცვა-ჟლეტის გამოძიებაში.[1] გამოძიების ჩატარება გენერალური მდივნის, ბუტროს ბუტროს-გალის, რეკომენდაცია იყო, თავად ბურუნდის მთავრობაც ითხოვდა მის შექმნას და მომხდარი ჟლეტისთვის გენოციდის კვალიფიკაციის მინიჭებას. ბურუნდიში დარღვეული იყო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, რის გამოც აუცილებელი გახდა ქვეყნის სასამართლო სისტემის გაძლიერება. საბჭომ ასევე სერიოზული შეშფოთება გამოთქვა იმ რადიოგადაცემების განახლების გამო, რომლებიც ეთნიკურ შუღლს აღვივებდნენ, და განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებდა ჩადენილ ქმედებებზე.

უშიშროების საბჭომ გენერალურ მდივანს საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნა შემდეგი მანდატით სთხოვა:[2]

(ა) გამოიძიოს ბურუნდის პრეზიდენტის მკვლელობა 1993 წლის 21 ოქტომბერს და მას მოყოლილი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა;

(ბ) შეიმუშაოს ზომები პასუხისმგებელი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად.

საერთაშორისო კომისია უნდა შემდგარიყო გენერალური მდივნის მიერ შერჩეული ხუთი იურისტისგან. ყველა ქვეყანასა და ორგანიზაციას, რომელიც ფლობდა ინფორმაციას, სთხოვა მისი კომიტეტისთვის მიწოდება. ბუტროს-გალის დაევალა, სამი თვის ვადაში მოემზადებინა ანგარიში კომისიის მუშაობის შესახებ.

ბურუნდიში მოქმედ ყველა მხარესა და ინსტიტუტს მოუწოდეს კომისიასთან თანამშრომლობისკენ, რაც გულისხმობდა:

(ა) ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც კომიტეტს თავისუფლად მუშაობის საშუალებას მისცემდა;

(ბ) კომისიისთვის ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებას;

(გ) კომისიისთვის ყველა შესაბამისი მასალის შეგროვების ნებართვის მიცემას;

(დ) კომისიისთვის ნებისმიერი პირის დაკითხვის უფლების მინიჭებას;

(ე) კომისიისთვის ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილის მონახულების ნებართვას;

(ვ) მოწმეების უსაფრთხოების, დაცულობისა და მათი თავისუფლების პატივისცემის გარანტიას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Daley, Patricia O. (2008). Gender & genocide in Burundi: the search for spaces of peace in the Great Lakes Region. James Currey, გვ. 82–83. ISBN 978-9970-02-725-5. 
  2. ↑ Bentley, Kristina A. (2005). An African peace process: Mandela, South Africa, and Burundi. HSRC Press, გვ. 55. ISBN 978-0-7969-2090-4.