გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 72/280

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Small Flag of the United Nations ZP.svg
გაეროს გენერალური ასამბლეის
რეზოლუცია 72/280
თარიღი 18 ივნისი 2018
სხდომა № 72
კოდი A/RES/72/280 (დოკუმენტი)
თემა აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ
კენჭისყრა
მომხრე: 81
წინააღმდეგი: 16
თავი შეიკავა: 62
შედეგი მიღებულია

აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ მიღბული რეზოლუცია, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსს ეხებოდა. [1]

რეზოლუციას მხარი 81-მა სახელმწიფომ დაუჭირა; წინააღმდეგი 16 იყო, ხოლო 62-მა თავი შეიკავა. [2]

რეზოლუცია 2018 წლის 12 ივნისს, ქალაქ ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 72-ე სესიაზე, კვლავ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა რეზოლუციას 2008 წლიდან იღებს, რითიც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას. [1]

რეზოლუცია, მისი მიზნებიდან გამომდინარე, წმინდა ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და იძულებით გადაადგილების შესახებ გაერო-ს სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება. ის გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.[1]

რეზოლუცია აღნიშნავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას.[1]

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან მოუწოდებს გაერო-ს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის.[1]

რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.[1]

რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს: ბელარუსის დროშა ბელარუსი, ბურუნდის დროშა ბურუნდი, სომხეთის დროშა სომხეთი, კუბის დროშა კუბა, ლაოსის დროშა ლაოსი, ნაურუს დროშა ნაურუ, ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა, ფილიპინების დროშა ფილიპინები, რუსეთის დროშა რუსეთი, სამხრეთ სუდანის დროშა სამხრეთი სუდანი, სირიის დროშა სირია, ვენესუელის დროშა ვენესუელა, ვიეტნამის დროშა ვიეტნამი და ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე. [3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]