გადაჭრილი გორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გადაჭრილი გორანეოლითური ხანის[1] არქეოლოგიური ძეგლი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის მახლობლად. მდებარეობს იმირის გორის სამხრეთ-აღმოსავლეთით.[2] მიეკუთვნება შულავერის ჯგუფის ძეგლებს.

ნამოსახლარზე ექსპედიციას არქეოლოგიური გათხრები არ ჩაუტარებია. ძეგლს კვეთს შულავერის ღელე, რის გამოც წარმოდგენილია მთლიანი ბორცვის ბუნებრივი ჭრილი. ზედაპირულად და ჭრილში შეგროვებული მასალა ზოგად წარმოდგენას გვაძლევს ძეგლის ხასიათის შესახებ. ძეგლის სამშენებლო ჰორიზონტების სისქე ბორცვის შუა ნაწილის ჭრილში 4-5 მეტრია. სამოსახლოს დაახლოებით ცენტრალურ ნაწილში ჩანს ალიზის შენობა, რომელსაც თითქმის მთლიანად აქვს შემორჩენილი გუმბათი და 1 მეტრის სიმაღლეს აღწევს. მასალის ფრაგმენტულობის მიუხედავად, ჩანს რომ ძეგლის თიხის ჭურჭელს შულავერის გორის კერამიკული ნაწარმისათვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს. ძეგლზე მოპოვებული ნატკეცი ქვის მასალა 114 ერთეულია, ამათგან 77 ლამელებითაა წარმოდგენილი. მათ შორის 25 ურეტუშოა. გავრცელებული იარაღებია საჭრისები, საფხეკები, სახოკები, ხოწი. აქვე აღმოჩნდა ქვის სოლისებური ფორმის ცულის ფრაგმენტი და ძვლის 4 სადგისი. მასალა დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები (1965-1971 წწ.), თბ., 1975

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „გადაჭრილი გორა“-ს განვითარების კონცეფცია
  2. ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გვ. 575, თბ., 2013 წელი.