გაგის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
2008

გაგის წმინდა სარქისის მონასტერი (სომხ. Գագա Սուրբ Սարգիս Վանք, აზერ. Avey məbədi) — შუა საუკუნეების ქრისტიანული ძეგლი თანამედროვე აზერბაიჯანში, ყაზახის რაიონში. შემორჩენილია ნანგრევებად. დგას გაგის მთაზე, ზღვის დონიდან 922 მეტრზე, მთის ფუძიდან 420 მეტრზე; სომხეთის საზღვრიდან აღმოსავლეთით 500 მეტრში და სოფელ დაშ-სალაჰლიდან დასავლეთით 4 კილომეტრში.[1]

კირაკოს განძაკეცის ცნობით, მონასტერი მესროპ მაშტოცმა დააარსა სომხეთში ქრისტიანობის მქადაგებელი წმ. სარქისის სახელზე.[2] მოვლენა აღწერილია ქართულ წყაროებშიც.[3] მონასტერი პილიგრიმობის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. მას ძირითადად აღდგომებზე და კვირაობით სტუმრობდნენ. საარქივო მასალითა და კედლებზე გაკეთებული წარწერებით დასტურდება, რომ კომპლექსი რესტავრირებულია 1851 წელს თბილისელი სომხის, ესაი ნურიანცის, მიერ. მონასტერი შემდეგშიც განუახლებიათ. მონასტერში შემონახული ეპიგრაფიკა XIII-XIX საუკუნეებს განეკუთვნება. მთავარი ტაძრის კარიბჭის ტიმპანზე სომხურთან ერთად ქართული ტექსტიც იყო ამოკვეთილი.[1] 1986 წელს ძეგლს სპეციალისტთა ჯგუფი ეწვია, რომელმაც დააფიქსირა, რომ წარწერების უმრავლესობა ვანდალურად იყო განადგურებული.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 კარაპეტიანი, სამველ. Saint Sarkis Monastery of Gag Castle. სომხური არქიტექტურის შესწავლის ფონდი. ციტირების თარიღი: 21 აგვისტო 2018.
  2. კირაკოს განძაკეცი, სომხეთის ისტორია
  3. Melikset-Bek, L. M. Georgian Sources about Armenia and Armenians, vol. 1, Yerevan, 1934