ბჭე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბჭე, ძველ ქართულ სამართალში — სადავო საქმის გამრჩევი, მოსამართლე. ბჭეებს ჩვეულებრივ მოდავე მხარეები ირჩევდნენ. ისინი შეიძლებოდა მეფეს ან ადგილობრივ მოხელესაც დაენიშნა. ბჭეთა რაოდენობა მოდავეების სურვილზე იყო დამოკიდებული. ისინი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ბჭეებს ან ცალ-ცალკე დაასახელებდნენ, ანდა ერთობლივ ამოირჩევდნენ. ბჭეები უმთავრესად სამოქალაქო საქმეებს არჩევდნენ, მთაში კი მძიმე სისხლისსამართლებრივ საქმეებსაც. საქმის გარჩევისას ისინი ჩვეულებითი სამართლით ხელმძღვანელობდნენ. სასამართლო პროცესი საჯაროდ მიმდინარეობდა, გადაწყვეტილებათა უმეტესობა წერილობით არ ფორმდებოდა. რაკი ბჭეები მოდავეთა სურვილით იყვნენ არჩეული, მათი გადაწყვეტილება მხარეებს უყოყმანოდ უნდა აღესრულებინათ. სადავო საქმის ამ წესით გარჩევას ზოგჯერ „ყაბულობით სამართალს“ უწოდებდნენ; გადაწყვეტილება ჩვეულებრივ საბოლოო იყო და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. VIII—XVIII საუკუნეებში ტერმინები „მსაჯული“, „ბჭე“ და „მოსამართლე“ ერთნაირი შინაარსით იხმარებოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, ვინ არჩევდა საქმეს — მოდავეთა მიერ ამორჩეული პირი თუ მოხელე მოსამართლე. XVIII საუკუნიდან კი ქართლ-კახეთში „ბჭე“ მხოლოდ ჩვეულებითი სამართლის მიხედვით მხარეთა მიერ ამორჩეული მოსამართლის აღმნიშვნელი ტერმინია. ქართლ-კახეთისაგან განსხვავებით, იმერეთის სამეფოში ბჭე ეწოდებოდა საქმის გამრჩევ ყოველ პირს, მხარეთა სურვილით ამორჩეულს თუ მოსამართლეობის ფუნქციის მქონე სპეციალურ მოხელეს და თვით მეფესაც კი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბჭე&oldid=1911424“-დან