შინაარსზე გადასვლა

ბურჩხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბურჩხა

ჩვეულებრივი ბურჩხა (Echinochloa crusgalli)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  თივაქასრასნაირნი
ოჯახი:  მარცვლოვანნი
გვარი:  ბურჩხა
ლათინური სახელი
Echinochloa P.Beauv., 1812

ბურჩხა[1] (ლათ. Echinochloa) — უპირატესად ერთწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. ღეროები ხშირად სწორმდგომია, სიმაღლე 100–130 სმ-მდე.[2] ფოთლები ხაზური, ბრტყელი, გრძელი, უენაკო და ხალთიანია.[1] ყვავილედი საგველაა; თავთუნები მჭიდროდაა შეკრებილი პატარა ტოტებზე, ზედა ორსქესიანი ყვავილი ნაყოფიერია, ქვედა – სტერილური; ყვავილის კილები, როგორც წესი, დაფარულია დიდი ეკლებით.[2] ნაყოფი მარცვალაა.[1]

ცნობილია დაახლოებით 50 სახეობა. იზრდებიან ორივე ნახევარსფეროს ტროპიკულ და ზომიერად თბილ ქვეყნებში. ჩვეულებრივი ბურჩხა (E. crusgalli) სასაძოვრე საკვები ბალახია, მრავალი კულტურული მცენარის პლანტაციისათვის სარეველაა. საჭმელი ბურჩხა (E. esculenta) და ურიში (E. frumentacea) კულტივირებულია სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, როგორც ძვირფასი საჭმელი (მისგან იღებენ ბურღულს) და საკვები მცენარეები. ზოგიერთი სახეობა, განსაკუთრებით ბრინჯისებრი ბურჩხა (E. oryzoides), ბრინჯის აბეზარი სარეველაა.[2]

  1. 1 2 3 ხინთიბაძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 508.
  2. 1 2 3 Цвелёв Н. Н. Куриное просо // Большая российская энциклопедия. т. 16. — М., 2010. — стр. 412.