ბურიტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბურიტო (ესპ. burrito, „პატარა ვირი“ ან „ვირუკა“ — კნინობითი ფორმა სიტყვისა ესპ. burro — ვირი) — მექსიკური და ამერიკის სამხრეთის შტატების სამზარეულოს კერძი. მზადდება მექსიკურ პურში - ტორტილიაში სხვადასხვა ინგრედიებტების შეხვევით. ტორტილია ხანდახან მსუბუქად იწვება მის დასარბილებლად და ტექსტურის შესაცვლელად. იჭმევა ხელით შეხვეული ინგრედიენტების ადგილზე შესანარჩუნებლად, დანით და ჩანგლით იჭმევა „სველი“ - ცხარე სოუზით დაფარული ბურიტო. შიგთავსში შედის რაიმე ხორცი, ბრინჯი, ლობიო, ბოსტნეული, მაგ. პომიდორი, ხახვი ან სალათის ფურცელი, ყველი და სხვადასხვა სოუსი - სალსა, გუაკამოლე, კრემა და სხვა. მსგავსი კერძებია ტაკო - დაკეცილი პატარა ტორტილია შიგთავსით და ენჩილადა - სოუსით დაფარული სიმინდის ტორტილია შიგთავსით, რომელსაც დანით და ჩანგლით ჭამენ. ბურიტო ხანდახან ტაკოს ნაირსახეობადაც მოიხსენიება.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანურად „burrito“ პატარა ვირს ნიშნავს, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია კერძის შიგთავსთან, რომელიც შედგება ბევრი ინგრედიენტისგან - მას ადარებენ ვირს, რომელსაც ასევე დიდი ტვირთის ტარება შეუძლია [1]. სახელს ასევე კერძის წარმოშობის სხვადასხვა ლეგენდას უკავშირებენ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკების ევროპელების მიერ აღმოჩენამდე მექსიკის და ამერიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა ტომი ახვევდა სხვადასხვა საკვებს - სოკოს, პამიდორს, ავოკადოს, ჩილის - სიმინდის ტორტილიაში [2]. თანამედროვე აშშ-ს ტერიტორიაზე მცხოვრები პუებლოს ტომი ტორტილიაში ბურიტოს მსგავსად ახვევდა ლობიოს და ხორცს. თუმცა, ეს შეიძლება მსგავსი და უფრო მარტივი კერძის, ტაკოს წარმოშობის ისტორიაც იყოს.

ბურიტოს ჩამოყალიბების ზუსტი ისტორია უცნობია. XIX საუკუნეში გვხვდება ბურიტოს წერილობითი ხსენება, რომელიც აღწერს ბურიტოს როგორც კერძს, რომელსაც სხვადასხვა ადგილას ან ტაკოს, ან ბურიტოს უწოდებენ [3]. შესაძლოა, რომ ბურიტო XIX საუკუნეში ჩრდილოეთი მექსიკის ვაკუეროებმა ჩამოაყალიბეს. ბურიტოს სახელწოდებაზე და წარმოშობაზე არსებობს რამდენიმე ლეგენდა - ერთ-ერთის თანახმად მექსიკის რევოლუციის პერიოდში ჯონ მენდეზი თავის ვირით ტაკოს ყიდდა და შემდეგ დიდ ტაკოს „ბურიტო“ დაარქვეს. სხვა ლეგენდის მიხედვით ერთ-ერთი ქუჩის საჭმლის გამყიდველი ტორტილიაში გახვეულ ბოსტნეულს გაჭირვებუმ ბავშვებს აჭმევდა, რომლებსაც „პატარა ვირებს“ (Burritos) ეძახდა, რის გამოც ეს სახელი შემდეგ კერძსაც დაარქვეს. პირველად რესტორნის მენიუში ბურიტო ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანში გაჩნდა 1930-იან წლებში.

რეგიონების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მექსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბურიტო ითვლება ჩრდილოეთი მექსიკის ტრადიციულ კერძად. ტრადიციული მექსიკური ბურიტო შედგება ფქვილისგან დამზადებული თხელი ტორტილიის და პამიდორის, კარტოფილის, ბრინჯის, ყველის და ჩილის შიგთავსისგან[4]. მიუხედავად იმის, რომ ბურიტო მექსიკის გარეთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მექსიკური კერძია, ის უმეტესად მხოლოდ მექსიკის ჩრდილოეთით გვხვდება, თუმცა, ბოლო წლებში ბურიტომ ქვეყნის სამხრეთით გავრცელება დაიწყო.

აშშ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკის სამხრეთის შტატებში ბურიტო სწრაფი კვების ბევრ რესტორანში გვხვდება. ასეთი რესტორნები ხშირად სთავაზობენ ბურიტოს ამერიკულ ვარიაციებს. პოპულარულია „საუზმის ბურიტო“ - ტორტილიაში შეხვეული საუზმის საკვენი, მაგ. შემწვარი კვერცხი და ბეკონი, სოსისი; ჩიმიჩანგა - ფრიტურში შემწვარი ბურიტო; ბურიტო თეფშში - ღრმა თეფშში მოთავსებული უტორტილიო ბურიტოს შიგთავსი, ხანდახან ბრინჯის ფენის ზემოთ [5], და სხვა სახეობები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]