შინაარსზე გადასვლა

ბურთისებრი ელვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ბურთისებრი ელვა“ XIX საუკუნის გრავიურაზე

ბურთიებრი ელვა[1] — იშვიათი და დღემდე სრულიად აუხსნელი ატმოსფერული ფენომენი, რომელიც ცნობილია თვითმხილველების ჩვენებებით და ვლინდება პატარა, მანათობელი, სფერული ობიექტის სახით, როგორც წესი, ჭექა-ქუხილის დროს ან ელვის დარტყმისთანავე. „ბურთისებრ ელვას“ უწოდებენ, როდესაც ამ გზით აღწერილი ფენომენი ვერ აიხსნება დამაკმაყოფილებლად სხვა, კარგად შესწავლილი ფენომენით: ელვით, წმინდა ელმოს ცეცხლით, პოლარული ციალი და ა.შ.

ბურთისებრი ელვის შესწავლას საფუძველი ჩაუყარა ცნობილმა ფრანგმა ფიზიკოსმა ფრანსუა არაგომ, რომელმაც 1838 წელს გამოსცა წიგნი „ქუხილი და ელვა“ და მოგვცა პირველი ინფორმაცია ამ მოვლენაზე. მას მოჰყვა ორიგინალური მონოგრაფიების მთელი სერია (სესტიეს — 1866 წლის, კამილ ფლამარიონის — 1872 წლის, ზაუტერის — 1900 წლის, დე-იანსის — 1910 წლის, ბრანდის — 1923 წლის, ჯეიმზ ბარის — 1969 წლის, სტენლი სინგერის — 1971 წლის და სხვები).

ამ მონოგრაფიებში თავმოყრილი და შესწავლილი იყო ბურთისებრი ელვის ხილვისა და დაკვირვების ათასამდე შემთხვევა, დადგენილ იქნა ძირითადი თვისებები და პარამეტრები, რომლებიც მრავალფეროვანი და წინააღმდეგობებით აღსავსეა. მაგალითად, იგი როგორც წესი, ჩნდება ელჭექის დროს, რაც მიუთითებს მის კავშირზე ელჭექთან. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც იგი გაჩენილა კარგ ამინდში და ამავე დროს სრულიად უმიზეზოდ სწრაფად ეშვება ღრუბლებიდან მიწისკეს, როგორც მძიმე სხეული, მაგრამ ზოგჯერ ლივლივებს ჰაერში და მაღლაც კი მიიწევს. ხან ქარს მიჰყვება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ქარის საწინააღმდეგო მიმართულებითაც მოძრაობს; ზოგჯერ ფეთქდება და კატასტროფულ ნგრევას იწვევს, ზოგჯერ კი სრულიად უწყინარია და უჩუმრად ქრება და სხვა.

ბურთისებრი ამჟამად შექმნილია ელვის ათეულობით ჰიპოთეზური თეორია. ჩატარებულია ათეულობით ექსპერიმენტი. ამათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია პლანტეს, ჰეზეხუსის, ბარისა და აკადემიკოს კაპიცას ექსპერიმენტები. მათ შეძლეს მიეღოთ ბურთისებრი ელვის მსგავსი მანათობელი სფეროები. მიუხედავად ამისა ბურთისებური ელვის ფენომენი დღემდე ამოუცნობად რჩება.

ბურთისებრი ელვა არის ელექტრული გვირგვინული განმუხტვა ატმოსფერულ სტატიკურ ტორისებრ ელექტრულ ნაკადებში. ატმოსფერული სტატიკური ტორისებრი ელექტრული ნაკადები წარმოიქმნება მძლავრი ხაზოვანი ელვის განმუხტვის დროს და ატმოსფერული ველის ზეგავლენით სტატიკურ მდგომარეობაში იმყოფება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ოკუჯავა ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979.  გვ. 123.