ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმი (ნიუ-დელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბუნებრივი ისტორიის ეროვნული მუზეუმი (ნიუ-დელი))
ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმი

მუზეუმი 2011 წელს
28.626800°00′00″ ჩ. გ. 77.231560°00′00″ ა. გ. / 28.62680° ჩ. გ. 77.23156° ა. გ. / 28.62680; 77.23156
დაარსდა 1972
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
დაიხურა 26 აპრილი, 2016 (განადგურდა ხანძრის გამო)
მდებარეობა დელი
კლასიფიკაცია ბუნების ისტორიის მუზეუმი
ოფიციალური საიტი nmnh.nic.in
Map

ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმი (ინგლ. National Museum of Natural History, ჰინ. राष्ट्रीय प्राकृतिक इतिहास संग्रहालय, NMNH) — ბუნების ისტორიაზე ორიენტირებული მუზეუმი, რომელიც მდებარეობდა ნიუ-დელიში, ინდოეთი. ის 1972 წელს დაარსდა, ხოლო ოფიციალურად 1978 წელს გაიხსნა. მუზეუმი ფუნქციონირებდა ინდოეთის რესურსების, ტყეებისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს დაქვემდებარებაში.[1] ის მდებარეობდა ბარახამბას გზაზე, ტანსენ-მანგში, ნიუ-დელის ცენტრალურ ნაწილში,[2] ნეპალი საელჩოს მიმდებარედ და რაჯივ ჩოვკის (ასევე ცნობილი, როგორც Connaught Place) მეტროს მახლობლად.[3] 2016 წლის 26 აპრილს მუზეუმის შენობა და მისი მთლიანი კოლექცია ხანძრის შედეგად განადგურდა.[4]

მისია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის მისია გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა იყო როგორც დედაქალაქში არსებულ დაწესებულებაში, ასევე ინდოეთის სხვა ნაწილებში მდებარე ბუნების ისტორიის ეროვნულ მუზეუმებში. მუზეუმის ერთ-ერთი მიზანი იყო კოორდინაცია გაეწია ბუნების ისტორიის პროექტებს სხვა სააგენტოებთან და ორგანიზაციებთან, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, ასევე ბუნების ისტორიის შესახებ კვლევების მოწყობა.[5] ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, ვენუგოპალმა ხაზგასმით აღნიშნა, მუზეუმში არსებული „არამატერიალური ბუნების მემკვიდრეობის“ შესახებ.[6]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმი შეიქმნა 1972 წელს, ინდოეთის დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით. ინდირა განდიმ, ინდოეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, განაცხადა, რომ ინდოეთს ნამდვილად ესაჭიროებოდა მსგავსი ტიპის მუზეუმი „გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით“.[1][2] რამდენიმე წელში, მუზეუმის შენობის აშენებისა და კოლექციის შეგროვების შემდეგ, 1978 წელს, გარემოს საერთაშორისო დღეს (5 ივნისი), გაიხსნა ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმი.[2]

2012 წელს, მთავრობის ნეგატიური ანგარიშის შედეგად,[4] რომელიც მუზეუმის შენობის ცუდად მოვლას უსმევდა ხაზს, 2015 წლის ივლისში დაიგეგმა მუზეუმისათვის ახალი შენობის მოძიება. შეირჩა 2.50 მილიარდი ინდური რუპიის (39.4 მილიონი აშშ დოლარი ან 36.4 მილიონი ევრო) ღირებულების ნაგებობა ბჰაირონ მარგზე.[2] ამ ნაგებობის მიმდებარედ არსებობდა დელის ეროვნული ზოოლოგიური პარკი, ეროვნული ხელნაკეთობების მუზეუმი, პურანა-კილა და მეცნიერების ეროვნული ცენტრი.[7] ბუნების ისტორიის რეგიონალური მუზეუმი მდებარეობს: ბჰოპალში, ბჰუბანეშვარში, განგტოკში, მაისურუსა და სავაი-მადჰოპურში.[6]

ხანძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარშავანგის ფიტული, რომელიც მუზეუმში იყო განთავსებული და ინდოეთის ფაუნის მრავალფეროვნებას აღნიშნავდა

2016 წლის 26 აპრილს, დილით, მუზეუმში ხანძარი გაჩნდა და მან მთელი კოლექცია გაანადგურა.[4] ხანძარი, 01:30-ზე გაჩნდა შენობის მე-6 სართულზე, ინდოეთის სავაჭრო პალატების ფედერაციაში (FICCI). ხანძარმა საბოლოოდ მეორე სართულამდე მიაღწია (სწორედ აქ იყო განთავსებული ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმი) და სახანძრო სამსახურების მისვლამდე მუზეუმის ყველა ექსპონატი გაანადგურა. ტერიტორიაზე მობილიზებული იყო 200-მდე მეხანძრე და 35 სახანძრო მანქანა. ცეცხლის ლიკვიდაციას სამ საათსა და 30 წუთზე მეტი დასჭირდა. ექვსი ადამიანი, რომელიც ამ პერიოდში შენობაში იმყოფებოდნენ მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს კვამლის ჩასუნთქვით გამოწვეული ინტოქსიკაციის გამო.[8]

ხანძრის გამომწვევი მიზეზები დღემდე უცნობია. მუზეუმში განთავსებულმა ხის ნაკეთობებმა და ექსპონატებმა ცეცხლის გავრცელებას შეუწყო ხელი.[8] საბოლოო ანგარიშების მიხედვით, ხანძრის დამანგრეველი ეფექტი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მწყობრიდან გამოსვლით იყო განპირობებული.[4][9]

გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის გამოფენები კონცენტრირებული იყო ინდოეთის მცენარეებზე, ცხოველებზე, ბუნების რესურსებზე. მუზეუმი ოთხ ძირითად საგამოფენო სივრცედ იყოფოდა: „უჯრედი: სიცოცხლის საწყისი“, „კონსერვაცია“, „ბუნების ისტორიის შესავალი“ და „ბუნების ქსელი: ეკოლოგია“. მუზეუმში ასევე იყო დაცული ველური ბუნების, ეკოლოგიის, კონსერვაციისა და ზოგადად გარემოს შესახებ ფილმების ვრცელი კოლექცია, იშვიათი ბიოლოგიური სახეობები, მათ შორის ჰერპეტოლოგიის ნიმუშები, ასევე დინოზავრების ნამარხები. მუზეუმში დამატებით არსებობდა ექსპონატები სიცოცხლის წარმოშობისა და ევოლუციის, ბუნების დაცვის, კვების ჯაჭვის, ფლორისა და ფაუნის შესახებ.[10] ზავროპოდის 160 მილიონი წლის წინანდელი ნამარხი Van Ingen & Van Ingen-ის კოლექციის ნაწილი იყო და ასევე ინახებოდა მუზეუმში.[11]

მუზეუმში ასევე მდებარეობდა აღმოჩენების ოთახი და აქტივობების ოთახი, რომლებიც სპეციალურად ბავშვებისათვის იყო განკუთვნილი. ასევე ხელმისაწვდომი იყო გიდის ტურები და არსებობდა სპეციალური რესურსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვიზიტორებისათვის.[3] განსაკუთრებული გამოფენა მოიცავდა ზავროპოდის ნამარხს, „ფრინველების კვერცხების კოლექციას ინდური ორბისა და სირაქლემის კვერცხების ჩათვლით“, ასევე „ფიტულები, რომელთა შორის იყო კატისებრი არსებები.[7]

2015 წლისთვის ასევე იყო დაგეგმილი ახალი გამოფენების მოწყობა, რომელთა შორის იქნებოდა: „კლიმატის ცვლილების, გლობალური დათბობის, გაუდაბნოებასთან ბრძოლის, ცუნამისა და ოზონის შრის“ დარბაზი. ამ იდეა ხანძრის გამო ვეღარ განხორციელდა.[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 About us. NMNH official site. ციტირების თარიღი: 15 September 2015
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 New, futuristic natural history museum to come up in Delhi (19 July 2015). ციტირების თარიღი: 15 September 2015
  3. 3.0 3.1 National Museum of Natural History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი 2021.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Doshi, Vidhi. (26 April 2016) Fire guts Delhi's natural history museum. ციტირების თარიღი: 26 April 2016
  5. Vision & Mission. NMNH official site. ციტირების თარიღი: 15 September 2015
  6. 6.0 6.1 Priyadershini, S.. Fragile legacy (6 October 2012). ციტირების თარიღი: 15 September 2015
  7. 7.0 7.1 7.2 „Makeover for natural history museum“. The Times of India. 4 August 2015. ციტირების თარიღი: 15 September 2015.
  8. 8.0 8.1 Fire destroys Delhi's National Museum of Natural History (26 April 2016). ციტირების თარიღი: 27 April 2016
  9. Mehrotra, Sonal. (26 April 2016) Delhi's National Museum of Natural History Destroyed in Massive Fire. NDTV.com.
  10. „Delhi Museum fire: Safety systems failed, priceless exhibits gutted“. India Today. 26 April 2016. ციტირების თარიღი: 27 April 2016.
  11. Massive fire destroys Delhi's National Museum of Natural History (26 April 2016). ციტირების თარიღი: 27 April 2016