შინაარსზე გადასვლა

ბულგარული ენა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბულგ.)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ბულგარული ენა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ბულგარული ენა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ბულგარული ენა
български език
გავრცელებულია ბულგარეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, უკრაინა, რუმინეთი, მოლდოვა, ბელარუსი, სერბეთი, თურქეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა მშობლიური ენა: 11 – 13 მლნ.[1]
ოფიციალური სტატუსი ოფიციალური ენა:
დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი
დროშა: ევროპის კავშირი ევროკავშირი

არეგულირებს: ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ბულგარული ენის ინსტიტუტი

ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული ოჯახი:
სლავური
სამხრეთსლავური
ბულგარული
დამწერლობის სისტემა კირილიცა
ენის კოდები ISO 639-1: bg
ISO 639-2: bul
ISO/FDIS 639-3: bul
რუკა
მოლაპარაკეთა არეალი
მოლაპარაკეთა არეალი

მოლაპარაკეთა არეალი

ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-bg}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიაბულგარული ენა

სოფიის უნივერსიტეტი

ბულგარული ენა (ბულგ. български език) — ბულგარელების ენა, მიეკუთვნება ინდოევროპულ ენათა სლავური ოჯახის სამხრეთსლავურ ჯგუფს. ბულგარულს მრავალი დიალექტი აქვს. ისინი თავის მხრივ ცალკეულ კილო-კავებად იყოფა. ბულგარულთან ყველაზე ახლო მდგომი ენა არის მაკედონური. ამ ორი ენის დიალექტები ქმნის ერთგვარ ენობრივ კონტინუუმს. თვით ბულგარეთში ბევრი მაკედონურს არც კი აღიარებს ცალკე ენად და მას ბულგარულის დიალექტებს მიათვლის.

ბულგარულ ენას საერთო არაფერი აქვს ე.წ. პროტობულგარულთან, რომელიც მეცნიერთა მტკიცებით თურქულ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება, ხოლო ზოგ მეცნიერთა თეორიების მიხედვით კი პროტობულგარული ჩრდილოაღმოსავლეთ ირანულ ენათა ჯგუფს უნდა მიეკუთვნოს.

გავრცელების არეალი

ბულგარულ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 10 მლნ. კაცი; ბულგარეთში (დაახლ. 7,72 მლნ.), მაგრამ აგრეთვე საბერძნეთში (1970: 20 000), რუმინეთში (1970: 13 000), ჩრდილოეთ მაკედონიაში, მოლდოვაში (2005: 40 000), უკრაინაში (2001: 205 000), სერბეთში (1991: 25 200), ბელარუსში, სლოვაკეთში (2001: 1176) და თურქეთში (2001: 30 000 ე.წ. პომაკები).

მოკლე ისტორიული ცნობები

წმინდა კირილე და მეთოდე

თანამედროვე ბულგარული ენა არის პირდაპირი მემკვიდრე ძველი ბულგარული ენისა, რომელსაც სამეცნიერო ლიტერატურაში სხვადასხვა სახელი აქვს, მაგრამ ძირითადად მაინც სამი სახელი – ძველბულგარული, ძველი საეკლესიო სლავური და ძველი სლავურია გავრცელებული.

სალონიკის ძველბულგარულის საფუძველზე წარმოქმნილ ამ ენას უკვე IX–X საუკუნეებიდან მოეპოვება წერილობითი ძეგლები, რომლებიც საეკლესიო ხასიათისაა. ამ ფაქტმა განაპირობა ის, რომ ზოგ სლავურ ქვეყანაში ძველბულგარულს თანასახელად სწორედ ძველი საეკლესიო სლავური ან ძველი სლავური ჰქვია. ლიტერატურა ძველბულგარულ ენაზე ჯერ გლაგოლიცაზე, ხოლო მოგვიანებით კირილიცაზე იქმნებოდა.

ძველი საეკლესიო სლავურის გავლენისგან გათავისუფლების ხარჯზე მოხდა თანამედროვე ბულგარული ენის ჩამოყალიბება (XIX საუკუნის მიწურული) და ნორმირება.

ახალმა ბულგარულმა ენამ დროთა განმავლობაში დაკარგა (სახელის) ბრუნება და მის ნაცვლად დამკვიდრდა განსაზღვრული არტიკლი, რომელსაც პოსტპოზიციურ არტიკლსაც უწოდებენ. ბრუნება შემორჩა მხოლოდ ნაცვალსახელს, ისიც მეტად რუდიმენტარული სახით.

ბულგარული ენის ისტორიული განვითარების საფეხურები

ბულგარული ენა ისტორიულად სამ პერიოდად დაიყოფა:

  1. ძველბულგარული პერიოდი (IX-XI საუკუნეები)
  2. საშუალო ბულგარული პერიოდი (XII-XIV საუკუნეები)
  3. ახალბულგარული პერიოდი (XV საუკუნიდან მოყოლებული)

ძველბულგარული პერიოდი

ძველბულგარული პერიოდი მოიცავს დროის მონაკვეთს, ბულგარულ სამეფოში სლავური ენის ოფიციალურად გამოაცხადებიდან ვიდრე ამ სამეფოს ბიზანტიისადმი დაცემამდე 1018 წელს.

საშუალო ბულგარული პერიოდი

ახალბულგარული პერიოდი

ზოგი თავისებურებანი

დამწერლობა

ბულგარული დამწერლობა ეფუძნება კირილიცას და მოიცავს 30 ასო-ნიშანს (გრაფემას). ანბანი კირილურის საფუძველზე ჩამოყალიბდა. 30-დან 29 ასო-ნიშნის სხვადასხვა – დიდი და პატარა ვარიანტი არსებობს, მხოლოდ ერთ ასო-ნიშანს არ გააჩნია დიდი ვარიანტი, კერძოდ; -, ь-ს.

1792 წლის ბულგარული დედაენა
ზოგრაფენსის კოდექსი – ძველ ბულგარულ ენაზე შესრულებული ერთ-ერთი ხელნაწერი (დაახლ. X ს.)
# ასო ბულგარული
სახელწოდება
ISO
ტრანსლიტერაცია
1 А, а а [a]
2 Б, б бъ [b]
3 В, в въ [v]
4 Г, г гъ [g]
5 Д, д дъ [d]
6 Е, е е [ɛ]
7 Ж, ж жъ [ʒ]
8 З, з зъ [z]
9 И, и и [i]
10 Й, й и кратко [j]
11 К, к къ [k]
12 Л, л лъ [l]
13 М, м мъ [m]
14 Н, н нъ [n]
15 О, о о [ɔ]
16 П, п пъ [p]
17 Р, р ръ [r]
18 С, с съ [s]
19 Т, т тъ [t]
20 У, у у [u]
21 Ф, ф фъ [f]
22 Х, х хъ [x]
23 Ц, ц цъ [t͡s]
24 Ч, ч чъ [ʧ]
25 Ш, ш шъ [ʃ]
26 Щ, щ штъ [ʃt]
27 Ъ, ъ ер голям [ɤ̞]
28 Ь, ь ер малък -
29 Ю, ю йу [ju]
30 Я, я йа [ja]
ხმოვნები (гласни): а, е, и, о, у, ъ
я = ჲა = > Яна [ჲანა] - სახელი (ქალის),
ю = ჲუ = > южен [ჲუჟენ] (სამხრეთ-, სამხრეთული),
ь = = > актьор [აქტჲორ] მსახიობი.
თანხმოვნები (съгласни):
მჟღერი (звучни): б, в, г, д, ж, з, дж - , дз -
ყრუ (беззвучни): п, ф , к, т, ш, с, ч, ц, х
სონორი (сонорни): м, н, р, л, й

ბულგარულ ენას არ მოეპოვება კირილიცას ანბანიდან ცნობილი შემდეგი ასო-ნიშნები: э, ё. ბულგარულ ენას არ მოეპოვება კირილიცას მქონე ზოგი სლავი ხალხისთვის ცნობილი ასო-ნიშნების შესატყვისი შემდეგი ბგერები: ы, щ.

ამიტომ;
щ იკითხება, როგორც შტщаб - შტაბი, щати - შტატები, щурм - შტურმი. მაგრამ რუსული გვარი Щербаков ბულგარულად უნდა გადავიტანოთ ფონეტიკურად Шчербаков, რომ არ გამოვიდეს დაწერილი შტერბაკოვი.
ы იკითხება და იწერება, როგორც и: Крилов.
ё იკითხება და იწერება, როგორც ьо (თანხმოვნის შემდეგ): Семьонов, ხოლო როგორც:::йо::: სიტყვის დასაწყისში და ხმოვნის შემდეგ – Йовков, Панайот.
э იკითხება და იწერება, როგორც е: експерт, етаж.
дж იკითხება, როგორც ქართული : джоб [ჯოფ] – ჯიბე.
дз იკითხება, როგორც ქართული : дзифт [ძიφთ] – ზეთი.

ძველ ტექსტებში დამატებით შეიძლება კიდევ შემდეგი ორი ასო-ნიშანი შეგვხვდეს - ჲატი (ჲატი - Ѣ/ѣ) და დიდი ჲუსი (სლავური ცხვირისმიერი ხმოვანი - Ѫ/ѫ).

ჲატი - Ѣ/ѣ“ სხვადასხვა ასო-ნიშნებთან მეზობლობაში წარმოითქმის სხვადასხვანაირად, კერძოდ; როგორც е, ან я; მაგ.; голѣмголѣми)
დიდი ჲუსი - Ѫ/ѫ“ არ უნდა აგვერიოს კირილურ ასო-ნიშან პატარა ჲუსთან – Ѧ/ѧ).

1945 წელს ჩატარებული რეფორმის შედეგად ძველ ასო-ნიშნებს აღარ გამოიყენებენ.

მახვილი ბულგარულში არის თავისუფალი და დინამიური.

ზმნა

ზმნა ის მეტყველების ნაწილია, რომელიც ფორმათა გასაოცარი სიმდიდრის გამო ყველაზე მეტ სირთულეს უმზადებს ბულგარული ენის ენის შესწავლის მსურველთ. ბულგარული ზმნა ხასიათდება შემდეგი კატეგორიებით: პირი, რიცხვი, დრო, კილო, გვარი, ასპექტი, სქესი მხოლოდ პერიფრასტულ დროებში.

ბულგარული ენა არ იცნობს ზმნის საწყის (განუსაზღვრელ) ფორმას, ანუ ინფინიტივს და მის ნაცვლად ახლანდელი დროის მხ. რიცხვის პირველ პირს გამოიყენებენ. მაგ.; обяснявам, давам, купувам, уча, мисля.

ზმნის პირი

ბულგარულში პირის კატეგორია ყოველთვის რიცხვის გრამატიკულ კატეგორიასთან არის დაკავშირებული, რის გამოც ერთდროულად პირისა და რიცხვის კატეგორიაზე და ასევე რიცხვის კატეგორიის ორნაწილიანობაზე – (მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი) შეიძლება საუბარი. საზღვრული ზმნის ყოველ პარადიგმას აქვს 6 ფორმა, რომელიც პირისა და რიცხვის კატეგორიებს მოიცავს (იხ. ქვემოთ – პირის ნაცვალსახელი).

მხოლობითი რიცხვის მე-2 პირს შეიძლება ბულგარულში ჰქონდეს ე.წ. განუსაზღვრელ-პერსონალური მნიშვნელობა. მაგ.;

Трудно е да намериш билет.
ძნელია იშოვო ბილეთი.
ძნელია ბილეთის შოვნა.

მხრავლობითი რიცხვის მე-3 პირს შეიძლება ბულგარულში ჰქონდეს ე.წ. განმაზოგადებელ-არაპერსონალური მნიშვნელობა. მაგ.;

Ще предават ли мача?
გაგრძელდება მატჩი? (სიტყვასიტყვით: გააგძელებენ (კი, განა) მატჩს?)

ზმნის დროის ფორმები

ბულგარული ზმნა იუღლება 9 დროის ფორმაში. (დროის ფორმები დროის ქართული და ლათინური (საერთაშორისო ლინგვისტური) ტერმინოლოგიით)
აწმყო (მოიხმარს დროის ერთი ფორმას)
1. Сегашно време – ახლანდელი დრო. (პრეზენსი)
წარსული (მოიხმარს დროის ოთხი ფორმას)
2. Минало свършено време – ნამყო წყვეტილი დრო. (აორისტი)
аз четох „მე (ერთხელ ) წა/ვიკითხე“
3. Минало неопределено време – ნამყო სრული დრო. (პერფექტი)
аз съм чел „მე (არაერთხელ) ვიკითხე“
4. Минало несвършено време - ნამყო უსრული (უწყვეტელი) დრო. (იმპერფექტი)
аз четях „მე ვკითხულობდი“
5. Минало предварително време - ნამყო წინარე წარსული დრო. (პლუსკვამპერფექტი)
аз бях чел „მე (უწინ) ვკითხულობდი, ან წავიკითხე“
მომავალი (მოიხმარს დროის ოთხი ფორმას)
6. Бъдеще време - მომავალი დრო. (ფუტურუმი)
7. Бъдеще време в миналото - მომავალი დრო ნამყოში. (ფუტურუმ პრეტერიტი)
8. Бъдеще предварително време - მომავალი წინარე წარსული დრო. (ფუტურუმ ეგზაქტუმი)
9. Бъдеще предварително време в миналото - მომავალი წინარე წარსული დრო ნამყოში. (ფუტურუმ ეგზაქტუმ პრეტერიტი)

ეს უკანასკნელი (მომავალი წინარე წარსული დრო ნამყოში) თითქმის არ იხმარება და ნელ-ნელა ქრება.

ასპექტი

ასპექტი (вид) ბულგარულში ორი ნაწილისგან შედგება უსრული და სრული ასპექტისაგან.
1. Несвършен вид - უსრული (იმპერფექტიული) ასპექტი
2. Свършен вид - სრული (პერფექტიული ) ასპექტი
მოქმედება გამოხატული უსრულ ასპექტში = ლინეარული, მოქმედების მიმდინარეობა, მოქმედების გამეორება, მოქმედების, როგორც ნამოქმედარის აღწერა.
მოქმედება გამოხატული სრულ ასპექტში = წყვეტილი, მოქმედების შედეგი, მოქმედების ერთჯერადობა, მოქმედების, როგორც ნამოქმედარის შეჯერება.

ბულგარული ზმნების უმეტესობა წყვილდება ასპექტში. ამ ზმნურ წყვილებს საერთო ლექსიკალური მნიშვნელობა აქვთ, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავებაა მათ გრამატიკულ მნიშვნელობაში. მაგ.; затварям > < затворя = დახურვა; идвам > < дойда = (მი)(მო)(წა)სვლა.

ზმნის ასპექტის ორნაწილიანობა ნიშნავს იმასაც, რომ ბულგარული ზმნა არა დროის 9 ფორმაში იუღლება, არამედ 18-ში.

თხრობითი კილო

ბულგარული ზმნების თხრობით კილოში საწარმოებლად საჭიროა ამ ზმნათა კლასიფიკაციის დაუფლება. ბულგარული ზმნებს ჰყოფენ უღლების კლასებად და ქვეკლასებად, რომლებსაც უღლების ტიპებსაც უწოდებენ და რომელთა დადგენა მთელ რიგ ზმნებთან ფუძისეული ხმოვნის და/ან მახვილის მეშვეობითაა შესაძლებელი. ზმნათა ეს კლასიფიკაცია ემყარება ფუძის უნარს ჰქონდეს ორგვარი ფორმა. არსებობს ახლანდელი დროის ფუძე და აორისტის ფუძე.

ახლანდელი დროის ფუძე გამოიყენება უღლების კლასების საწარმოებლად.
აორისტის ფუძე გამოიყენება უღლების ტიპების საწარმოებლად.

ზმნების ამ ფუძეთა ცოდნით ხდება შესაძლებელი ნებისმიერი ზმნის ნებისმიერი ფორმის წარმოება.

ფუძისეული ხმოვნის ყველაზე ნათლად დანახვა შეიძლება მხოლობითი რიცხვის ახლანდელი დროისა და აორისტის მესამე პირში (ანუ ფორმებში, რომელთაც პირის დაბოლოება არ გააჩნიათ). დაბოლოებები პირისა და რიცხვის სხვა ფორმებში (ერთი გამონაკლისის – I და II უღლების კლასების, ახლანდელი დროის მხოლობითი რიცხვის I პირისა და მრავლობითი რიცხვის III პირის გარდა) დაერთვის ფუძისულ ხმოვანს.

იმპერფექტისა და მისგან ნაწარმოები იმპერფექტ-პარტიციპის საწარმოებლად საჭიროა ახლანდელი დროისა და აორისტის ფუძეების გარდა I და II უღლების ზმნებს კიდევ ერთი, მესამე ფუძის ცოდნა, რომელსაც იმპერფექტის ფუძეს უწოდებენ. იმპერფექტის ფუძის მართებულად წარმოებისთვის კი ახლანდელი დროის ფუძის ცოდნაა საჭირო.

ზმნის დროის ფორმათა მნიშვნელობა თხრობითი კილოს მოქმედებით გვარში

ბულგარული ზმნების ინდიკატიური დროის ფორმების აღსაწერად საჭიროა რამდენიმე (ძირითადი) საორიენტაციო პუნქტის გათვალისწინება:

– საუბრის მომენტი ნამდვილია თუ ფიქტიური, ანუ მხედველობაშია დროის მომენტი, როცა ესა თუ ის აზრი გამოითქმის.
– ქმედების მომენტი თუ ქმედების დრო, ანუ მხედველობაშია დროის ის მონაკვეთი, თუ როდის ხორციელდება (ხორციელდებოდა, განხორციელდება) ზმნით გამოხატული ქმედება.
– საორიენტაციო პუნქტი მთქმელისთვის/დამწერისთვის არის დრო საუბრის მომენტამდე და საუბრის მომენტის შემდეგ.
პრეზენსი
ახლანდელი დრო – Сегашно време

პრეზენსი გამოხატავს იმ ზმნურ ქმედებას, რომელიც საუბრის მომენტში ხორციელდება.

Другарката Рашева има гост. Гурам разбира български.

პრეზენსი ძალიან ხშირად გამოიყენება იმ მოქმედებათა გამოსახატავად, რომლებიც საუბრის მომენტამდე განხორციელდა, ან საუბრის მომენტის შემდეგ განხორციელდება, უნდა განხორციელდეს. განსხვავებები, რომლებიც ბულგარულ და ქართულ ახლანდელ დროებს შორის არის, სტილისტური და სიხშირითი ხასიათისაა.

შენიშვნა: ე.წ. აქტუალური პრეზენსი, ანუ ახლანდელი დროის ფორმა კითხვაზე – რა ხდება?, უპასუხებს მხოლოდ იმპეფექტული ასპექტის პრეზენსით.
აორისტი
ნამყო წყვეტილი დრო – Минало свършено време

აორისტი, რომელიც მეწყვილე ზმნებთან უმეტესწილად პერფექტული ასპექტით იწარმოება, იმ ზმნურ მოქმედებებს გამოხატავს, რომლებიც საორიენტაციო დროდ საუბრის მომენტამდე განხორციელდა და დასრულდა.

Вчера се върнах рано от работа.

ეს არის ე.წ. სასაუბრო დრო წარსული მოქმედებებისთვის, განსაკუთრებით კი, მოქმედებათა თანამიმდევრობის, მოქმედებათა ჯერის აღსაწერად.

პერფექტი
ნამყო სრული დრო – Минало неопределено време

პერფექტი გამოხატავს მოქმედებას, რომელიც საუბრის მომენტამდე ისე შედგა, რომ მისი (ამ მოქმედების) განხორციელება მოსაუბრეს/დამწერს წარსულის გარკვეულ საორიენტაციო მომენტამდე არ მიუყვანია.

Ходил съм на Черно море. ≈ ((ოდესღაც) ვყოფილვარ/მივლია შავ ზღვაზე)

ბევრ სხვა შემთხვევაში, განსაკუთრებით კი პერფექტულ ასპექტში, წარსულის მნიშვნელობასთან კიდევ ერთი, საუბრის მომენტზე ორიენტირებული მნიშვნელობაა დაკავშირებული. ამ დროს პერფექტი საუბრის მომენტისთვის არსებულ მოქმედებას გამოხატავს, რომელიც წარსულში განხორციელებული მოქმედების შედეგია.

Приготовил съм се вече. ≈ (მოვემზადე)
იმპერფექტი
ნამყო უსრული (უწყვეტელი) დრო – Минало несвършено време

იმპერფექტი გამოხატავს მოქმედებებსა და მოქმედებათა განმეორებებს, რომლებიც წარსულ საორიენტაციო დროს დაიწყო, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს საორიენტაციო დრო, რომელიც უმეტესწილად სხვა ზმნური ფორმით ან ადვერბიალური განსაზღვრებით, ისევე როგორც კონტექსტშია მოცემული, შეიძლება დროის შედარებით უფრო დიდ მონაკვეთს მოიცავდეს.

Когато влязох, той четеше. Тогава рядко се вглеждах в нея.
პლუსკვამპერფექტი
ნამყო წინარე წარსული დრო – Минало предварително време

პლუსკვამპერფექტი გამოხატავს საუბრის (მომენტამდე) და წარსულ საორიენტაციო მომენტამდე არსებულ ზმნურ მოქმედებას, რომელიც ტექსტში ყოველთვის არაა ხაზგასმული.

Когато отидохме на гарата, влакът беше тръгнал.
Бях решила да мълча, но ти сякаш не си с мене.
ფუტურუმი
მომავალი დრო – Бъдеще време

ა) ფუტურუმი გამოხატავს მოქმედებას, რომელიც საუბრის მომენტის შემდეგ განხორციელდება.

Утре ще разговаряме за въпроса. Какво ядене ще избереш?

საყურადღებოა ის, რომ ფუტურუმი შეუძლებელია შევცვალოთ ისე ადვილად შევცვალოთ პრეზენსით, როგორც ეს ქართულშია შესაძლებელი. თუ მომავალ დროში გვინდა ვისაუბროთ, უნდა გამოვიყენოთ ფუტურუმი.

ბ) შეიძლება ხშირად იმპერფექტული ასპექტით წარმოებული ფუტურუმი იმ მოქმედებების გამოსახატავად გამოვიყენოთ, რომელთა განხორციელება საუბრის მომენტისთვის ივარაუდება.

Той сега вече ще обядва.
(ნიშნავს; მოსაუბრე ვარაუდობს, რომ „ის“ ახლა შეიძლება სადილობდეს)

გ) ფუტურუმი შეიძლება სასაუბრო ენაში ასევე ბრძანების გამოსახატავად გამოიყენებოდეს, მაგრამ მისი გამოყენება მხოლოდ ფამილარული საკომუნიკაციო სფეროთი შემოიფარგლება.

Няма да ходиш там!
არ წახვიდე/ნუ წახვალ იქ.
ფუტურუმ პრეტერიტი
მომავალი დრო ნამყოში – Бъдеще време в миналото

ბულგარულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში ფუტურუმ პრეტერიტის ადგილი, როგორც თხრობითი კილოს დროის ფორმისა მეტად საკამათოა, მისი უმეტესწილად მოდალური (ხასიათის) გამოყენებისა გამო. მიუხედავად ამისა, არის შემთხვევები, როცა ის სუფთა ინდიკატიური დროის მნიშვნელობით გამოიყენება. ამდენადაა გამართლებული იგი (ფუტურუმ პრეტერიტი) თხრობითი კილოს დროებს მივათვალოთ. ფუტურუმ პრეტერიტი გამოხატავს მოქმედებას, რომელიც მოცემული საორიენტაციო პუნქტის შემდეგ განხორციელდება.

Когато говорих с него, той щеше да ходи на събрание.
Той чакаше пред сградата, където щеше по-късно да работи.

იმის გამო, რომ ამ ფორმის ტემპორალური მნიშვნელობა შესაძლებლობას უშვებს, რომ ეს განზრახული მოქმედება შეიძლება არ განხორციელდა, ხშირად მხოლოდ საუბრისწინანდელი შესაძლებლის, მაგრამ არა ნამდვილად განხორციელებული მოქმედების გამოსახატავად გამოიყენება.

За малко щеше да изпуснеш изпращането.
ფუტურუმ ეგზაქტუმი
მომავალი წინარე წარსული დრო – Бъдеще предварително време

ფუტურუმ ეგზაქტუმი იმ მოქმედების გამოსახატავად გამოიყენება, რომელიც დროის საორიენტაციო პუნქტის წინ საუბრის მომენტს რომ მოჰყვება, იქნება გაკეთებული.

В петък ще съм взел ръкописа.

ფუტურუმ ეგზაქტუმი გამოიყენება სავარაუდოდ განხორციელებული მოქმედების გამოსახატავადაც და მაშინ მისი ტემპორალური მნიშვნელობა შეესაბამება პერფექტს.

Той сега вече ще е написал статията.

ბრძანებითი კილო

არსებობს ორი ფორმა – სინთეტური და ანალიტიკური

სინთეტური ფორმა

პრეზენსის ფუძე – пише - разговаря
იმპერატივი – пиши, пишете - разговаряй, разговаряйте

ზოგ ზმნას აქვს შემოკლებული ბრძანებითი ფორმები:

სახელობითი ფორმა
вляза - държа
ბრძანებითი ფორმა
влез, влезте - дръжте, дръжте

ანალიტიკური ფორმები

да дойда - нека да дойда
да дойдеш - нека да дойдеш
да дойде - да дойде და ა.შ.

.....

недей да идваш недей идва, недейте идва


რენარატივი

ქართველისთვის არც ისე იოლია გაიგოს რენარატივის არსი და უშეცდომოდ გამოიყენოს მისი ფორმები. რენარატივს, ასევე ნარატივს, ანუ ხელახლა თხრობის კილოს, ან არაპირდაპირი, ირიბი განცდის ფორმასაც უწოდებენ. რენარატივის ფორმების (პარადიგმების) დანიშნულებაა, ერთის მიერ გამოთქმული ინფორმაცია მეორეს მეშვეობით მიაწოდოს მესამეს. ამგვარად მეორეს დისტანციაც (ეჭვი, ვარაუდი) შეუძლია გამოხატოს, ან უფრო მიანიშნოს მესამესთან საუბარში მეორეს, პირველწყაროს ნათქვამის სარწმუნოობასთან დაკავშირებით. დაახლოებით ეს არის რაღაც მსგავი შემდეგი ქართული ფორმებისა; არის, ყოფილა, ყოფილა. (ეს დროის ფორმა ერთი შეხედვით ჰგავს ქართულ თურმეობითს, მაგრამ ზუსტი პარალელის გავლება მაინც შეუძლებელია.)

რენარატივის წარმოება

რენარატივის პერიფრასტული ფორმების წარმოებისთვის საჭიროა ბულგარული ზმნის სხვა ინფინიტური ფორმის ცოდნა, კერძოდ კი, იმპერფექტპარტიციპისა, რომელიც л-სუფიქსის მეშვეობით იწარმოება: იმპერფექტის ფუძეს დაურთავენ აორისტპარტიციპისგან ცნობილ სუფიქსს და მივიღებთ четя-л, желае-л, пише-л. ორივე л-პარტიციპებთან (ანუ აორისტ- და იმპერფექტპარტიციპთან) დამხმარე ზმნის съм-ს ფინიტური (საზღვრული) ფორმები გამოიყენება – съм იუღლება პრეზენსში, თუმცა მხოლობით და მრავლობით რიცხვს მესამე პირი აკლია და პარტიციპი დამხმარე ზმნის გარეშე მარტო რჩება .

პრეზენსისა და იმპერფექტის, ფუტურუმისა და ფუტურუმპრეტერიტის, ისევე როგორც პერფექტისა და პლუსკვამპერფექტის ფორმები რენარატივში ერთმანეთს ემთხვევა.
პრეზენსი და იმპერფექტი რენარატივში

რენარატივის პრეზენსი და იმპერფექტი იმპერფექტპარტიციპისა იწარმოება დამხმარე ზმნის съм-ს მეშვეობით.

მხოლობითი რიცხვის 1. პირი = говорел/–а/ съм
მხოლობითი რიცხვის 2. პირი = говорел/–а/ си
მხოლობითი რიცხვის 3. პირი = говорел/–а/
მრავლობითი რიცხვის 1. პირი = говорели сме
მრავლობითი რიცხვის 2. პირი = говорели сте
მრავლობითი რიცხვის 3. პირი = говорели
აორისტი რენარატივში

რენარატივის აორისტი იწარმოება აორისტპარტიციპისა და დამხმარე ზმნის съм-ს პრეზენსის მეშვეობით.

მხოლობითი რიცხვის 1. პირი = говорил/–а/ съм
მხოლობითი რიცხვის 2. პირი = говорил/–а/ си
მხოლობითი რიცხვის 3. პირი = говорил/–а/
მრავლობითი რიცხვის 1. პირი = говорили сме
მრავლობითი რიცხვის 2. პირი = говорили сте
მრავლობითი რიცხვის 3. პირი = говорили
ფუტურუმი და ფუტურუმ პრეტერიტი რენარატივში

რენარატივის ფუტურუმისა და ფუტურუმ პრეტერიტის საწარმოებლად საჭიროა ზმნა ща-ს გახსენება. ამ ზმნის ფუძისგან იწარმოება ასევე л-პარტიციპიც (щял, -ла, -о; щели) რომელიც დამხმარე ზმნის съм-ს პრეზენსის მეშვეობით დაუკავშირდება да, ხოლო да თავის მხრივ დაუკავშირდება ძირითადი საუღლებელი ზმნის პრეზენსს და გვექნება კონსტრუქცია;

მხოლობითი რიცხვის 1. პირი = щял/–а/ съм да замина
მხოლობითი რიცხვის 2. პირი = щял/–а/ си да заминеш
მხოლობითი რიცხვის 3. პირი = щял/–а/,–о/ да замине
მრავლობითი რიცხვის 1. პირი = щели сме да заминем
მრავლობითი რიცხვის 2. პირი = щели сте да заминете
მრავლობითი რიცხვის 3. პირი = щели да заминат
დამხმარე ზმნის съм-ს პრეზენსი მხ. რ.-ისა და მრ.-ს მესამე პირში არა გვაქვს.
პერფექტი და პლუსკვამპერფექტი რენარატივში

ეს რენარატიული ფორმები შედგება დამხმარე ზმნის съм-ს რენარატიული პრეზენსის бил/–а съм; бил/–а си-ს ფორმებისაგან და საუღლებელი ზმნის აორისტპარტიციპისაგან.

მხოლობითი რიცხვის 1. პირი = бил /–а/ съм видял//
მხოლობითი რიცხვის 2. პირი = бил /–а/ си видял//
მხოლობითი რიცხვის 3. პირი = бил /–а/,–о/ видял/, о/
მრავლობითი რიცხვის 1. პირი = били сме видели
მრავლობითი რიცხვის 2. პირი = били сте видели
მრავლობითი რიცხვის 3. პირი = били видели
დამხმარე ზმნის съм-ს პრეზენსი მხ. რ.-ისა და მრ.-ს მესამე პირში არა გვაქვს.

პირის ნაცვალსახელი

თანამედროვე ბულგარულ ენაში ძველი ბულგარულისაგან განსხვავებით პირის ნაცვალსახელი მხოლობით ან მრავლობით რიცხვში დგას. უწინ, ძველ ბულგარულს ჰქონდა კიდევ ერთი რიცხვითი კატეგორია, რომელსაც წყვილობითი, ან ორობითი ჰქვია. საენათმეცნიერო ლიტერატურაში წყვილობითს აღნიშნავენ ასევე ლათინური ტერმინით – დუალისი.

ბულგარული პირის ნაცვალსახელი იბრუნვის სახელობით, მიცემითი და ბრალდებით ბრუნვაში.

პირის ნაცვალსახელის ფორმები (სახელობითი ბრუნვაში)
მხოლობითი რიცხვი

1. პირი: მე – аз [აზ] 2. პირი: შენ – ти [ტი] 3. პირი: ის – той [ტოჲ] (მამრ. სქ.), ის – тя [ტჲა] (მდედრ. სქ.), ის – то [ტო] (საშ. სქ.)

მრავლობითი რიცხვი

1. პირი: ჩვენ – ние [ნიე] 2. პირი: თქვენ – вие [ვიე] 3. პირი: ისინი/მათ – те [ტე]

კუთვნილებითი ნაცვალსახელი

ბულგარული კუთვნილებითი ნაცვალსახელი არაა იმაზე ბევრად უფრო რთული, ვიდრე ამას შეჩვეულია რომელიმე გერმანიკული, რომანული და სლავური ენის შემსწავლელი; კუთვნილებითი ნაცვალსახელი შეიძლება იდგეს მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის სამივე პირში და აქ, სირთულე ის კი არაა, რომ ნებისმიერი ნაცვალსახელი ფორმაცვალებადობისას გრამატიკულ სქესს აფიქსირებს, არამედ განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ორივე რიცხვის მესამე პირი. კერძოდ; მესამე პირში გიწევს დააზუსტო არა მარტო „მქონებლის“ სქესი, არამედ იმ „საგნის“ სქესიც, რომელიც მქონებელს ეკუთვნის.

კუთვნილებითი ნაცვალსახელის ფორმები (სრული ფორმა) სამივე სქესში
მხოლობითი რიცხვი
ჩემი – мой [მოჲ]
შენი – твой [ტვოჲ]
მისი – негов [ნეგოვ] (მამრ. სქ. ეკუთვნის მამრ. სქესის „საგანი“),
მისი – неин [ნეინ] (მდედრ. სქ. ეკუთვნის მამრ. სქესის „საგანი“),
მისი – негов [ნეგოვ] (საშ. სქ. ეკუთვნის მამრ. სქესის „საგანი“)
მრავლობითი რიცხვი
ჩვენი – наш [ნაშ]
თქვენი – ваш [ვაშ]
მათი – техен [ტეხენ] (/მრავლ.რ./ მამრ. სქ. ეკუთვნის /მხ. რ./ მამრ. სქესის „საგანი“),
მათი – тяхна [ტჲახნა] (/მრავლ.რ./ მდედრ. სქ. ეკუთვნის /მხ. რ./ მდედრ. სქესის „საგანი“),
მათი – тяхно [ტჲახნო] (/მრავლ.რ./ საშ. სქ. ეკუთვნის /მხ. რ./ საშ. სქესის „საგანი“)

გარდა ამისა არსებობს კიდევ ე.წ. მრავლობითი, რომელიც მხოლობითი რიცხვისთვის მესამე პირში ასევე იყოფა შესაბამისი სქესის მიხედვით და გრამატიკულ ფორმათა სიმდიდრისა და სემანტიკური დიფერენცირებულობის თვალსაზრისით ერთ-ერთი უიშვიათესთაგანია ენათა შორის და ამ მხრივ მხოლოდ სერბო-ხორვატულს უდებს ტოლს, რომელიც მრავლობითშიც განასხვავებს სქესს „მქონელისთვისაც“ და „მიკუთვნებული საგნისთვისაც“.

მხოლობითი რიცხვი
ჩემი (სიტყვასიტყვით, ჩემები) – мои [მოი]
შენი (სიტყვასიტყვით, შენები) – твои [ტვოი]
მისი (სიტყვასიტყვით, მისები) – негови [ნეგოვი] (მამრ. სქ. „მქონებელს“ ეკუთვნის მრ. რ. „საგნები“),
მისი (სიტყვასიტყვით, მისები) – нейни [ნეჲნი] (მდედრ. სქ. „მქონებელს“ ეკუთვნის მრ. რ. „საგნები“),
მისი (სიტყვასიტყვით, მისები) – негови [ნეგოვი] (საშ. სქ. „მქონებელს“ ეკუთვნის მრ. რ. „საგნები“)
მრავლობითი რიცხვი
ჩვენი (სიტყვასიტყვით, ჩვენები) – наши [ნაში]
თქვენი (სიტყვასიტყვით, თქვენები) – ваши [ვაში]
მათი (სიტყვასიტყვით, მათი) – техни [ტეხნი] (/მრავლ.რ./ მამრ. სქ. ეკუთვნის /მხ. რ./ მამრ. სქესის „საგანი“).

ბულგარულს მოპოვება ასევე კუთვნილებითი ნაცვალსახელის მოკლე ფორმები. ლექსიკური მნიშვნელობა იგივეა, მაგრამ განსხვავებაა გრამატიკულ მნიშვნელობაში – მოკლე ფორმა კიდევ უფრო ხაზს უსვამს და აძლიერებს კუთვნილებითი ნაცვალსახელის ფუნქციას. ამის მიზეზის გამო მოკლე ფორმების გამოჩენება ყოველთვის არც აუცილებულია და არც მიზანშეწონილი.

მხოლობითი რიცხვი
ჩემი (სიტყვასიტყვით, ჩემები) – ми.
შენი (სიტყვასიტყვით, შენები) – ти.
მისი (სიტყვასიტყვით, მისები) – му.
მისი (სიტყვასიტყვით, მისები) – ѝ.
მისი (სიტყვასიტყვით, მისები) – му.
მრავლობითი რიცხვი
ჩვენი (სიტყვასიტყვით, ჩვენები) – ни.
თქვენი (სიტყვასიტყვით, თქვენები) – ви.
მათი (სიტყვასიტყვით, მათი) – им.

მოკლე ფორმის დროს ნაცვალსახელი არსებითის შემდეგ დგას დაახლ. როგორც ძველქართული ფორმა წიგნი ჩემი და არა ჩემი წიგნი (ეს უკანასკნელი არის სრული ფორმის შესატყვისი).

книгата ми, - столът ми, - млякото ми, - книгите ми.

მიმართვა

მიმართვის განსაკუთრებული ფორმა აქვს მხოლოდ მამრობით სქესს, რომლის დაბოლოება არის –и: мил - мили!, скъп - скъпи!, уважаем - уважаеми! მიმართვის ფორმები შეიძლება იდგეს არსებით სახელთან (мили татко!, скъпи другарю Иванов!), კუთვნილებით ნაცვლსახელთან და არსებითთან (мили ми брате!) და კუთვნილებით ნაცვლსახელთან (мили мой!, мой мили და ცალკე (უმეტესწილად იმპერატივთან ერთად: слушай, мили!)).

რამდენიმე სიტყვა და გამოთქმა

Здравей! Здравейте! Добър ден! - გამარჯობა(თ)!
Как си? Как сте? - როგორ ხარ? როგორ ხართ?
Благодаря, добре сме. - გმადლობ, კარგად ვარ.
Горе-долу - ვარ–რა. (ნელ-ნელა, არა მიშავს)
Ти как си? - შენ როგორა ხარ?
И аз съм добре. - მეც კარგადა ვარ.
От какво се оплаквате? - რა გაწუხებთ?
Не ми е добре. Лошо ми е. - ვერა ვარ კარგად. ცუდად ვარ.
Запознайте се! - გაიცანით ერთმანეთი!
Откъде сте? - საიდანა ხართ?
Аз съм грузинец. - მე ქართველი ვარ.
Той е българин. - ის (მამრ.) ბულგარელია.
Те са от Кипър. - ისინი კიპროსიდან არიან.
Чакай! Чакайте! - დაიცა(დე)! დაიცადეთ!
Гледай! Гледайте! - შეხე(დე)! შეხედეთ!
Влез! Влезте! - შემო(დი)! შემოდით!
Какво правиш? - რას შვრები?
Сега - ახლა
Днес - დღეს
Всичко хубаво! - გისურვებ(თ) ყოველივე კარგს!
Довиждане! - ნახვამდის!
Дочуване! - ნახვამდის! (დამშვიდობება სატელეფონო საუბრის დასრულებისას)

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • A. Scatton, A: A Reference Grammar of Modern Bulgarian. Columbus, Ohio: Slavica Publishers - 1984.
  • L. Beaulieux, S. Mladenov: Grammaire de la langue bulgare. 2e ed. Paris: Institut d'Etudes Slaves - 1950.
  • H. Walter, E. Karvanbasieva: Lehrbuch der bulgarischen Sprache. Leipzig: Verlag Enzyklopädie - 1958.
  • G. Mayer: The Definite Article in Contemporary Bulgarian. Paris - 1950.
  • Ю. Антонова, Е. Кирякова, Т. Накова: Български език, България и българите. (Основен курс за чуждестранни студенти) София: "Издателство Наука и изкуство" - 1984.
  • Б. Кръстев: Морфологията на бьлгарския език в 187 типови таблици. (Основен курс за чуждестранни студенти) София: "Издателство Наука и изкуство" - 1984.

რესურსები ინტერნეტში

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. 10 მილიონი ეთნოლოგის მიხედვით [1], 12 მილიონი ომნიგლოტის მიხედვით [2]