ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესია)
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ბულგ. Българска православна църква


ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარი სოფიაში

ინფორმაცია
დამაარსებელი

ანდრია პირველწოდებული
ბორის I

ავტოკეფალია

919

ადგილი დიპტიქში

მე-8

წინამძღვარი

ნეოფიტე

რეზიდენცია

სოფია

არეალი

ბულგარეთი

საეკლესიო ენა

საეკლესიო სლავური
ბულგარული

მრევლი

~10 000 000

ოფიციალური საიტი

http://www.bg-patriarshia.bg

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია (ბულგ. Българска православна църква) – ავტოკეფალური, მართლმადიდებლური, სამოციქულო ეკლესია, უკავია მე–8 ადგილი მართლმადიდებელ ეკლესიათა დიფტიქში. დაარსებულია წმ. ანდრია მოციქულის მიერ. ხელმძღვანელობს პატრიარქი და წმინდა სინოდი. პატრიარქის სრული სახელწოდებაა უწმინდესი პატრიარქი ბულგარეთისა და მიტროპოლიტი სოფიისა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტიანობამ თანამედროვე ბულგარეთის ტერიტორიაზე გავრცელება ჯერ კიდევ I საუკუნეში დაიწყო. ბულგარეთის ეკლესიის თქმულების მიხედვით ეპისკოპოსის კათედრა მდებარეობდა ქალაქ ოდესში, სადაც ეპისკოპოსი იყო მოციქული ამპლი. ევსები კესარიელის ცნობით II საუკუნეში ბულგარეთის მიწაზე იყო ორი საეპისკოპოსო კათედრა დებელტში და ანხიალში.

325 წელს ნიკეის კრებაში მონაწილეობდა სარდიკის ეპისკოპოსი პროტოგონი.

865 წელს წმინდა თავად ბორისის დროს ხდება ბულგარელების საყოველთაო ნათლობა. ხოლო ოთხწლიანი უნიის შემდეგ რომის ეკლესიასთან 870 წელს, ბულგარეთის ეკლესია ხდება ავტონომიური კონსტანტინოპოლის პატრიარქატის იურისდიქციაში.

886 წელს ბულგარულმა ეკლესიამ მიიღო წმინდა კირილე და მეთოდე, რომლებიც განდევნა გერმანულმა სამღვდელოებამ მორავიიდან.

მეფე სიმონ I-ის (893–927) დროს 919 წელს პრესლავის ტაძარში გამოაცხადეს ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია საპატრიარქო რანგში. ეკლესიის ავტოკეფალია მსოფლიო პატრიარქმა აღიარა მხოლოდ 927 წელს, სიმონ I-ს მემკვიდრის წმინდა მეფე პეტრე I-ის (927–969) დროს, რომელიც დაქორწინებული იყო ბიზანტიის პრინცესაზე.

ბიზანტიის მიერ აღმოსავლეთ ბულგარეთის ოკუპაციის დროს, ბულგარეთის საპატრიარქომ თავისი ცენტრი დრისტრში გადაიტანა, შემდეგ კი მაკედონიის სხვადასხვა ქალაქებში გადაჰქონდა.

1018 წელს ბულგარეთის სრული დამარცხების შემდეგ ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი II ბულგართმმუსვრელმა გააუქმა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო და გახადა საარქიეპისკოპოსო, ცენტრით მაკედონიის ქალაქ ოხრიდში. პირველი ოხრიდელი არქიეპისკოპოსი ბულგარელი იყო, ხოლო მომდევნო ეპისკოპოსები ბერძნები.

1085 წელს ძმების პეტრესა და ასენის აჯანყების შემდეგ ბულგარეთი განთავისუფლდა ბიზანტიელთა უღლისაგან და აღადგინა საეკლესიო დამოუკიდებლობაც. 1204 წელს მეფე კალოიანის დროს ხელი მოეწერა მეორე უნიას რომის კურიასთან, რომელიც გრძელდებოდა 1235 წლამდე.

XIV საუკუნეში ბულგარეთი გახდა ისიხაზმის ცენტრი, რომლის სათვეშიც იდგნენ წმინდა პატრიარქი თეოდოსი II, ექვთიმე ტირნოველი და მათი მოსწავლეები. ამავე საუკუნის ბოლოს ბულგარეთი დაიპყრო ოსმალეთის იმპერიამ და ეკლესია კვლავ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ მოექცა.

1860 წლის 3 აპრილს წმინდა აღდგომის დღეს კონსტანტინოპოლში ეპისკოპოსმა ილარიონმა კონსტანტინოპოლის პატრიარქის ნაცვლად მოიხსენია ყველა მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, რაც საპატრიარქოს იურისდიქციიდან ბულგარეთის ეკლესიის ცალმხრივ გამოსვლას ნიშნავდა.

1870 წლის 28 თებერვალს გამოქვეყნდა სულთნის ფირმანი ბულგარეთის ავტონომიური საეგზარქოსოს დაარსების შესახებ. 1872 წლის თებერვალში არჩეულმა ეგზარქოსმა ანთიმ I–მა საპატრიარქოს აკრძალვის მიუხედავად 11 მაისს კონსტანტინოპოლის ბულგარულ ტაძარში ჩაატარალიტურგია, რომლის დროსაც საზეიმოდ წაიკითხა აქტი ბულგარეთის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადების შესახებ. საპასუხოდ საპატრიარქომ ეგზარქოსს ჩამოართვა უფლებები, ხოლო თანამზრახველები ეკლესიიდან განკვეთეს.

1872 წლის სექტემბერში კონსტანტინოპოლში ბულგარელები დაადანაშაულეს "ფილეტიზმში" და დასაჯეს როგორც სქიზმატიკოსები. აღნიშნული სასჯელი მოეხსნათ 1945 წელს, ხოლო 1953 წლიდან ბულგარეთის ეკლესია საპატრიარქოა.

განხეთქილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიები

1992 წელს პოლიტიკური ხელისუფლების მეშვეობით ბულგარეთის ეკლესიაში დაიწყო განხეთქილება. სამღდელოების ნაწილი გამოვიდა პატრიარქ მაქსიმეს წინააღმდეგ, რომელიც დაადანაშაულეს ყოფილ კომუნისტურ ხელისუფლებასთან კავშირში, მის ინტრონიზაციას კი თვლიდნენ არაკანონიკურად. განხეთქილების მონაწილეებმა შეადგინეს ალტერნატიული სინოდი. რელიგიურ მოღვაწეთა უმრავლეობა არ შეუერთდა განხეთქილებას, მაგრამ სახელმწიფოს მხარდაჭერით განხეთქილების ორგანიზატორებმა 1996 წელს ყოფილი ნევროკოპსკის მიტროპოლიტი პიმენი გამოაცხადეს ალტერნატიულ პატრიარქად.

შექმნილი კრიზისის გადასაწყვეტად 1998 წელს სოფიაში შედგა საყოველთაოდ ცნობილი კრება 13 ავტოკეფალური ეკლესიისა, რომელთა შორის 7 პატრიარქი იყო. შეკრების დროს "ალტერნატიული ბულგარული საპატრიარქოს" წარმომადგენლებმა განაცხადეს თავის სინანულზე და გამოხატეს სურვილი ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნებაზე. კრებამ დაადგინა, რომ ყოველი განხეთქილება ეკლესიაში წარმოადგენს ცოდვას და მასში მყოფნი კარგავენ წმინდა სულის მადლს და თესავენ მორწმუნეთა შორის ცდუნებებს. ამიტომ უნდა აღმოიფხვრას განხეთქილებები და აღადგინონ ერთიანობა. კრებამ მიიღო განხეთქილების მესვეურთა მონანიება, ხოლო ბულგარეთის ეკლესიის ანათემა მოეხსნა ყოფილ მიტროპოლიტ პიმენს და აღადგინეს საეპისკოპოსო წოდებაში. ბულგარეთის ეკლესიამ მიიღო და აღიარა არაკანონიკურად ხელდასხმული ეპისკოპოსები. თუმცა ალტერნატიული ეკლესიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არ მოინანია, მაგრამ აღნიშნული კრების შემდეგ მათი რაოდენობა და გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა.

2003 წელს ბულგარეთის ეკლესიამ მიიღო ოფიციალური რეგისტრაცია და აღიარებულ იქნა სახელმწიფოს მიერ. 2004 წელს ალტერნატიული ეკლესიის ტაძრები გადაეცა ბულგარეთის ეკლესიას, რაც შეიძლება ჩაითვალოს განხეთქილების დასასრულად.

თანამედროვე მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბულგარელი მღვდელი

კანონიკური ტერიტორია – ბულგარეთი; ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება მთელ რიგ ეპარქიებზე ევროპაში, ამერიკაში და ავსტრალიაში.

ბულგარეთის ეკლესიის ეპისკოპატი მოითვლის 22 ეპისკოპოსს.

ბულგარეთის საპატრიარქოს საკათედრო ტაძარია – წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის კათედრალური ტაძარი სოფიაში.

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია ითვლის 15 ეპარქიას, რომელთაგან 13 ბულგარეთში მდებარეობს, ხოლო 2 საზღვარგარეთ (ნიუ–იორკი, ბერლინი).

ბულგარეთის ეკლესიას ემსახურება 1500 მღვდელი. გარდა ამისა ეკლესიას აქვს 120 მოქმედი მონასტერი, სადაც ცხოვრობს 400 ბერი და მონაზონი.

ათონის მთაზე მდებარეობს ბულგარული ზოგრაფის მონასტერი.

ბულგარეთში მოქმედებს 2 სემინარია (პლოვდივი და სოფია) და ღვთისმეტყველების ფაკულტეტები სოფიისა და და წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტებში.

მორწმუნეთა რიცხვი – დაახლ. 10 მლნ. (უმრავლესობა ბულგარელებია).

1971 წლის 4 ივლისიდან 2012 წლის 6 ნოემბრამდე ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი იყო მაქსიმე. 2013 წლის 24 თებერვალიდან დღემდე კი სრულიად ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქია ნეოფიტე.

2009 წლის 19 ივნისიდან მოქმედებს ეკლესიის ოფიციალური საიტი – http://www.bg-patriarshia.bg

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]