ბუზმარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბუზმარიოსი)

ბუზმარი, ბუზმარიოსი, ბოზმარიოსი — პოლიტიკური მოღვაწე ქართლში V საუკუნის 10-20-იან წლებში, პეტრე იბერის მამა.

პეტრე იბერის ცხოვრების სირიული რედაქციის მიხედვით, ბუზმარი ქართლის (იბერიის) მეფე იყო. ქართულ ისტორიულ წყაროებში ამ სახელის მქონე მეფე არ იხსენიება. ქართველი ისტორიკოსების დიდ ნაწილს (მათ შორის, ივანე ჯავახიშვილს) ბუზმარის მეფობა ქართლში ან მის ერთ ნაწილში (ს. კაკაბაძე, ვ. დონდუა, გ. მელიქიშვილი) საეჭვოდ არ მიაჩნია. არსებობს მოსაზრება (ა. ბოგვერაძე), რომ ბუზმარი ქართლის სპასპეტი იყო და მოღვაწეობდა ბაკურსა და არჩილის მეფობის დროს. შესაძლოა ბუზმარი იყოს პალესტინის ერთ-ერთ ქართულ წარწერაში მოხსენიებული „ბუ-რზ[ე]ნ“. ბორის ვერცხლის თასის არმაზული წარწერიდან ცნობილია „ბუზმიჰრ, კეთილი პიტიახში“, რომელიც უფრო ადრინდელი, III საუკუნის მოღვაწე უნდა იყოს.

ირანისადმი ქართლის ვასალობის გამტკიცების მიზნით შაჰს ბუზმარისთვის შვილი უთხოვია მძევლად. ამასვე მოითხოვდა მისგან ბიზანტიის იმპერატორი თეოდოსი II (400–450). ბუზმარს ერთმორწმუნე ბიზანტიური ორიენტაცია უმჯობინებია და თავისი ერთადერთი ძე მურვანოსი (შემდგომ პეტრე იბერის სახელით ცნობილი) 421–424 წლების შუა ხანებში კონსტანტინოპოლს გაუგზავნია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1989 (თხზ. თორმეტ ტომად. ტ. 1).
  • ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 555.
  • გოილაძე ვახტანგ, ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბილისი: მეცნიერება, 1990.
  • Rapp Jr, Stephen H, Sasanian World through Georgian Eyes, Caucasia and the Iranian Commonwealth in Late Antique Georgian Literature, Routledge, 2014.