ბუდეშური თეთრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბუდეშური)

ბუდეშური თეთრი, ბუდეშური, თეთრი ყურძენი, ბუდეშურის ყურძენიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე და საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ივ. ჯავახიშვილის თვალსაზრისით ამ ჯიშის სახელწოდება მისი სადაურობის მაუწყებელია. სხვა მოსაზრებით ვაზს სახელწოდება ოვალური მარცვლის ფორმის გამო უნდა მიეღო. მაქსიმე რამიშვილის ვარაუდით კი ამ ჯიშის სახელწოდება შეიძლება კახეთის სოფელ „ბუშეტიდან“ იყოს წამოსული.

ძირითადად გავრცელებულია ქართლსა და კახეთში. თავის დროზე გატანილი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირის ღვინის მწარმოებელ რესპუბლიკებში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის, ხუთნაკვთიანი. ქვედა მხრიდან ძარღვების გასწვრივ გასდევს უმნიშვნელო შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, განიერკონუსური. არის დატოტვილი და უფორმო მტევნებიც. საშუალო სიკუმსისაა, თუმცა თხელი და კუმსი მტევნებიც გვსვდება. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური ან ოდნავ მოგრძო, მწვანე, მზის მხრიდან მოყვითალო ელფერიო. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი საკმაოდ წვნიანი და ხორციანია, ჩვეულებრივი ტკბილი გემოთი.

ბუდეშური თეთრი საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდისა და მაღალმოსავლიანი ვაზის ჯიშია. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 140-150 დღეა. ვაზი სრულ სიმწიფეში სექტემბრის შუა რიცხვებში შედის. მტევნის საშუალო წონა 190-200 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 7.0-10.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.5-19.2%, ხოლო მჟავიანობა — 6.5-7 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის თეთრი და ცქრიალა ღვინო. ცალკე დაყენებული ღვინო ღია ჩალისფერია, გამჭვირვალე, მცირე ექსტრაქტული და მსუბუქი^ მასობრივი მოხმარებისაა. წარსულში ჩინურთან კუპაჟით მიიღებოდა სასიამოვნო შუშხუნა ტიპის სუფრის ღვინო. ჩინურთან და გორულ მწვანესთან სეპაჟით მონაწილეობდა ცნობილი „ატენური“ ღვინის შედგენილობაში. გამოიყენება სასუფრე ყურძნად. ჯიში პერსპექტიულია მესხეთის მევენახეობის მიკროზონებისთვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 79
  • ვაზის ჯიშები // „ჩვენი სოფელი“ : გაზეთი, თბილისი, აგვისტო, 2021, № 65, გვ. 7.