შინაარსზე გადასვლა

ბუდაპეშტის საბავშვო რკინიგზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბავშვო რკინიგზა ბუდაპეშტში

ბუდაპეშტის საბავშვო რკინიგზა — ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა ბუდაპეშტში, რომელიც ბავშვებს პრაქტიკულად აცნობს რკინიგზის პროფესიებს. მას 1990 წლამდე პიონერული რკინიგზა (Úttörővasút) ერქვა. ლიანდაგის სიგანე 760 მმ. რკინიგზა აშენდა 1948-1950 წლებში უნგრელი ახალგაზრდების მონაწილეობით. მისი პირველი მონაკვეთი გაიხსნა 1948 წლის 31 ივლისს, 10:00 საათზე, ხოლო სრულად გზის მოწყობა დასრულდა მომდევნო 2–3 წლის განმავლობაში, რითიც ბუდაპეშტის საბავშვო რკინიგზა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გრძელ საბავშვო რკინიგზად ითვლება.

რკინიგზის მარშრუტზე მდებარეობს ცხრა სადგური. ერთ-ერთ საბოლოო სადგურთან მიდის ტრამვაის №61 მარშრუტი, ერთ-ერთ შუალედურ სადგურთან კი — საბაგირო გზა, ხოლო მეორე საბოლოო სადგურს უკავშირდება კბილანიანი რკინიგზა, რომელიც ბუდაპეშტის გარეუბნის ღირსშესანიშნაობებისკენ მიემართება. ცენტრალურ სადგურ „Hűvösvölgy“-ზე მდებარეობს საბავშვო რკინიგზის მუზეუმი, რომელიც მის ისტორიასა და საქმიანობას ეძღვნება.

ბუდაპეშტის საბავშვო რკინიგზა ზამთარში

ბუდაპეშტის საბავშვო რკინიგზის აშენების იდეა გაჩნდა თითქმის დაუყოვნებლივ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ — საბჭოთა კავშირში არსებულ პიონერულ რკინიგზებზე დაყრდნობით. პროექტის განხორციელება დაიწყო 1948 წლის 11 აპრილს ბუდაპეშტის ტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტებისა და ინჟინრების მონაწილეობით, უნგრეთის სახელმწიფო რკინიგზების ადმინისტრაციის მხარდაჭერით.

პირველი მონაკვეთი — სიგრძით 3,2 კმ — მთავარ სადგურ „Széchenyi-hegy“-დან მიემართებოდა სადგურ „Előre“-მდე, ორი შუალედური სადგურის გავლით. „Széchenyi-hegy“-ზე განთავსდა ლოკომოტივებისა და ვაგონების დეპო. გახსნისთვის გზაზე შეიტანეს სამგზავრო მოტორიანი მატარებლები (ავტომოტრისები).

1949 წელს რკინიგზა დამატებით 3,6 კმ-ით გაგრძელდა, ხოლო 1950 წელს — კიდევ 4,4 კმ-ით. ამავე წელს დასრულდა დეპოს მშენებლობაც. გზის საბოლოო, მესამე მონაკვეთი გაიხსნა 1950 წლის 19 აგვისტოს, რის შემდეგაც ბუდაპეშტის საბავშვო რკინიგზამ მიიღო თავისი დღევანდელი ფორმა და სიგრძე.

სადგურების სია:

  • Széchenyi-hegy (0 კმ)
  • Normafa (0,8 კმ)
  • Csillebérc (1,7 კმ)
  • Virágvölgy (3,0 კმ)
  • János-hegy (4,5 კმ) (გადაჯდომა საბაგირო გზაზე Libegő)
  • Vadaspark megállóhely (5,7 კმ)
  • Szépjuhászné (6,7 კმ)
  • Hárs-hegy (8,7 კმ)
  • Hűvösvölgy (11,2 კმ) ტრამვაის ბოლო სადგური 61

80-იან წლებში მოხდა მოძრავი შემადგენლობის განახლება — ავტომოტორები შეცვალეს თბოლოკომოტივებმა და ვაგონებმა. ცოტა ხანში გზაზე გამოჩნდა სალონის ტიპის ვაგონი, რომლის შეკვეთა შესაძლებელი იყო, რამაც გზის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა.

სოციალისტური რეჟიმის დაცემამ რკინიგზამ შედარებით მშვიდად გადაიტანა — არ ყოფილა არც ერთი მოლაპარაკება მისი დახურვის შესახებ, როგორც ბევრ სხვა ყოფილ სოციალისტურ ქვეყანაში და აღმოჩნდნენ საკმარისი ენთუზიასტები, რომლებიც მზად იყვნენ მისი მხარდაჭერისა და დახმარებისათვის.

თანამედროვე პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუდაპეშტის საბავშვო რკინიგზაზე ამჟამად მოქმედებს რუმინული წარმოების Mk45 ტიპის თბომავალი, ორი MÁV 490 სერიის ორთქმავალი, აგრეთვე რამდენიმე დახურული და ღია ტიპის ვაგონი. რკინიგზა ფუნქციონირებს ყოველდღიურად ზაფხულის პერიოდში, ხოლო სექტემბრიდან აპრილამდე — კვირაში ექვსი დღე (ორშაბათის გამოკლებით), 09:00 საათიდან 16:00 საათამდე. გზის ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი 10-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც ასრულებენ თითქმის ყველა ფუნქციას, ლოკომოტივის მართვის გარდა. ეს პრაქტიკა განასხვავებს ბუდაპეშტის საბავშვო რკინიგზას სხვა ქვეყნების ანალოგიური ობიექტებისგან, მათ შორის რუსეთისგან. მოზარდები მომსახურებას ახორციელებენ საშუალოდ 15-დღიანი ცვლებით. 2007-2009 წლებში ბუდაპეშტის ახალგაზრდა რკინიგზელები მონაწილეობდნენ გამოცდილების გაცვლის პროგრამებში — სტუმრობდნენ უკრაინაში გამართულ ახალგაზრდა რკინიგზელთა შეკრებებს, ხოლო უკრაინელ თანატოლებსაც მასპინძლობდნენ ბუდაპეშტში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]