შინაარსზე გადასვლა

ბუბასტისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძველი ქალაქი
ბუბასტისი
ქვეყანა[[ეგვიპტე]]

ბუბასტისიძველი ეგვიპტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი ქვემო ეგვიპტეში, ნილოსის დელტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პელუსიუმის განშტოებაზე. ქალაქი არსებობდა ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისიდან ახ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებამდე. ძვ. წ. X–VIII საუკუნეებში იგი ლიბიელთა XXII დინასტიის მმართველთა რეზიდენცია და ეგვიპტის დედაქალაქი იყო. ქალაქის ნანგრევები დღეს თანამედროვე ქალაქ ეზ-ზაქაზიქის მახლობლად მდებარე არქეოლოგიურ ძეგლზე თელ ბასტაზეა შემორჩენილი.[1]

ქალაქის თავდაპირველი ეგვიპტური სახელწოდება იყო პერ-ბასტეტი, რაც „ბასტეტის სახლს“ ნიშნავს. იგი უკავშირდება ქალღმერთ ბასტეტის კულტს, რომლის მთავარი სალოცავი სწორედ ბუბასტისში მდებარეობდა. ძველბერძნულ წყაროებში ქალაქი ცნობილია სახელით ბუბასტისი, რომელიც ეგვიპტური სახელის ელინიზებული ფორმაა. ბიბლიაში ქალაქი მოხსენიებულია სახელით პი-ბესეთი, ხოლო კოპტურ ეპოქაში — ბუბასტი.[1]

ბუბასტისი ჩამოყალიბდა ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში. უკვე ძველი სამეფოს ეპოქაში იგი მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრი გახდა. VI დინასტიის მეფეების — ტეტისა და პეპი I-ის მმართველობის დროს ქალაქში ტაძრების მშენებლობა მიმდინარეობდა და ბუბასტისის მნიშვნელობა თანდათან იზრდებოდა. ქალაქმა უდიდეს აღმავლობას ძვ. წ. X–VIII საუკუნეებში მიაღწია, როდესაც XXII დინასტიის მმართველთა რეზიდენცია გახდა და ფაქტობრივად ეგვიპტის დედაქალაქის ფუნქციას ასრულებდა. დინასტიის დამაარსებელმა შეშონქ I-მა მნიშვნელოვნად გააფართოვა ბასტეტის ტაძარი და იგი სამხედრო ლაშქრობებიდან, მათ შორის იერუსალიმიდან, მოტანილი ნადავლით შეამკო.

ძვ. წ. VII საუკუნეში ბუბასტისი ბუბასტისის ნომის ადმინისტრაციულ ცენტრად იქცა. ძვ. წ. 343 წელს, ეგვიპტეში სპარსელთა მეორე შემოსევის დროს, ქალაქი მეფე არტაქსერქსე III-მ ალყაში მოაქცია, აიღო და მისი თავდაცვითი კედლების დანგრევა ბრძანა. ძვ. წ. 332 წელს, ალექსანდრე მაკედონელის მიერ ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ, ბუბასტისი პტოლემეების სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა და კვლავ მნიშვნელოვანი რელიგიური და სავაჭრო ცენტრი დარჩა.[2]

რომაულ და ბიზანტიურ პერიოდში ქალაქის მნიშვნელობა თანდათან შემცირდა. III–IV საუკუნეებში აქ ქრისტიანი ეპისკოპოსის კათედრაც არსებობდა, თუმცა ქალაქი ნელ-ნელა დაიცალა და ახ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებისთვის საბოლოოდ გაუკაცრიელდა.

ბუბასტისი მდებარეობდა ნილოსის პელუსიუმის განშტოებაზე, ქვემო ეგვიპტის ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ რეგიონში. ქალაქის ეკონომიკა ეფუძნებოდა მიწათმოქმედებას, განსაკუთრებით მარცვლეული კულტურებისა და სელის მოყვანას, ასევე მეცხოველეობას. ქალაქის ხელსაყრელი მდებარეობა მას მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად აქცევდა. აქ გადიოდა სახმელეთო გზები სინაის ნახევარკუნძულისა და წინა აზიის მიმართულებით, აგრეთვე წყლის სავაჭრო გზა, რომელიც ე.წ. „ფარაონების არხის“ მეშვეობით ნილოსს წითელ ზღვასთან აკავშირებდა.

ქალაქის მთავარი საკულტო ნაგებობა იყო ბასტეტის ტაძარი, რომელსაც ძვ. ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე, რომელმაც ეგვიპტე ძვ. წ. V საუკუნეში მოინახულა, ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს ტაძრად აღწერდა. მისი ცნობით, ტაძარი ორ არხს შორის მდებარე კუნძულზე იყო აგებული და მაღალი ხეებით გარშემორტყმული ჭალებით იყო შემოსაზღვრული.[2] ბუბასტისში ყოველწლიურად იმართებოდა ბასტეტისადმი მიძღვნილი დიდი რელიგიური დღესასწაული, რომელშიც, ჰეროდოტეს ცნობით, ასობით ათასი მომლოცველი მონაწილეობდა. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილია კატებისა და იქნევმონების (ეგვიპტური მანგუსტების) მუმიფიცირებული სამარხები, რაც ბასტეტის კულტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს.

ქრისტიანული გადმოცემის მიხედვით, ბუბასტისი ერთ-ერთი პირველი ქალაქი იყო, რომელიც წმინდა ოჯახმა ეგვიპტეში გაქცევის დროს მოინახულა. ამ მოვლენას უკავშირებენ ადგილობრივ „წმინდა ჭას“, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.[3]

ბუბასტისში პირველი სისტემატური არქეოლოგიური გათხრები XIX საუკუნის ბოლოს შვეიცარიელმა ეგვიპტოლოგმა ედუარდ ნავილმა ჩაატარა. მისი ხელმძღვანელობით აღმოაჩინეს ბასტეტის ტაძრის ნაშთები, სასახლის ნაგებობები და კატების დიდი ნეკროპოლი. XX–XXI საუკუნეებში კვლევები ეგვიპტურმა და გერმანულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციებმა გააგრძელეს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენებია რამსეს II-ისა და ამენემჰეტ III-ის ქანდაკებები, XIX დინასტიის პერიოდის ოქროს საგანძური და კანოპოსის სტელა (ძვ. წ. 238), რომელზეც ტექსტი სამ ენაზეა ამოკვეთილი. მისი მნიშვნელობა ძველი ეგვიპტური დამწერლობის შესწავლისთვის ხშირად როზეტის ქვას ადარებენ.

  1. 1 2 Египтологический Изборник. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-11-07. ციტირების თარიღი: 2026-07-31
  2. 1 2 Геродот. История. Книга II. Евтерпа. ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-02. ციტირების თარიღი: 2026-07-31
  3. Naville, Edouard; Hall, H. R; Ayrton, Edward R; Clarke, Somers; Currelly, C. T; Freer, Charles Lang (1907). The XIth dynasty temple at Deir el-Bahari. London; Boston, Mass.: Sold at the offices of the Egypt Exploration Fund [etc.].