შინაარსზე გადასვლა

ბრუნტალი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ბრუნტალი
Bruntál

მშვიდობის მოედანი
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე მორავია-სილეზიის მხარე
შიდა დაყოფა Karlovec[1] და Q56412216?
კოორდინატები 49°59′18″ ჩ. გ. 17°27′53″ ა. გ. / 49.98833° ჩ. გ. 17.46472° ა. გ. / 49.98833; 17.46472
მმართველი მარტინ ჰენჩი
პირველი ხსენება 1223
ფართობი 29,34 კმ²
ცენტრის სიმაღლე 409 მ
მოსახლეობა 15 037[2] კაცი (2025)
სიმჭიდროვე 512,5 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 792 01
საავტომობილო კოდი T
ოფიციალური საიტი mubruntal.cz
ბრუნტალი — ჩეხეთი
ბრუნტალი

ბრუნტალი (ჩეხ. Bruntál) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის მორავია-სილეზიის მხარეში. ქალაქი ბრუნტალის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია. ბრუნტალის ცენტრს ჩეხეთის კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ბრუნტალს თავდაპირველად გერმანული სახელწოდება ჰქონდა. ეს იყო „Freudenthal“, რაც ქართულად „სასიამოვნო ხეობას“ ნიშნავს. ჩეხური სახელწოდება მოგვიანებით გერმანული სახელწოდებიდან ითარგმნა.[3]

ბრუნტალი ჩეხეთის ქალაქ ოლომოუციდან ჩრდილოეთით დაახლოებით 45 კილომეტრში მდებარეობს. ბრუნტალი ჩეხური სილეზიის ისტორიულ რეგიონში მდებარეობს. ქალაქი დაბალი იესენიკის მაღლობზეა გაშენებული. მის მუნიციპალურ ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალი წერტილია უჰლირჟსკი-ვრხი, მისი სიმაღლე 672 მეტრია ზღვის დონიდან. ეს არის ჩამქრალი სტატოვულკანი, რომელიც საინტერესო გეოლოგიური ღირსშესანიშნაობაა რეგიონში. ბურნტალში პატარა მდინარე ჩერნი მიედინება, მასში ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე შენაკადი ღელე ჩაედინება.

ბრუნტალის პირველად მეფე ოტოკარ I-ის მიერ 1223 წელს გამოცემულ უნიჩოვის ქარტიაშია ნახსენები. ამ ქარტიის თანახმად, ბრუნტალი 1213 წელს ბოჰემიის მმართველმა ვლადისლავ ინდრჟიხმა დააარსა, დაარსების შემდეგ მან ქალაქს მაგდებურგს უფლებები მიანიჭა. ეს იყო ჩეხურ მიწებზე არსებული პირველი დასახლება, რომელსაც მაგდებურგის ავტონომიური თვითმმართველობის უფლებები ჰქონდა. 1352 წლისთვის ბრუნტალში მდებარეობდა ჩრდილოეთ მორავიაში მაგდებურგის უფლებებით აღჭურვილი ყველა ქალაქის (მათ შორის ოლომოუცისა და ოპავის) სააპელაციო სასამართლო. ბრუნტალის ადგილზე ქალაქის დაარსებას ორი ძირითადი მიზეზი ჰქონდა: ერთი მიზეზი ამ ტერიტორიაზე არსებული მინერალების მადნებია, მეორე ვროცლავის ეპისკოპოსების მხრიდან ტერიტორიის დაპყრობის მზარდი საფრთხე.[4][5] ბრუნტალში სამთო მოპოვება დაარსებიდან მალევე განვითარდა, თავდაპირველად აქ ძვირფას ლითონებს, ხოლო მოგვიანებით რკინის მადანს მოიპოვებდნენ. ეს საქმიანობა ქალაქის კეთილდღეობის მთავარი წყარო XVII საუკუნემდე იყო. სამთო მოპოვების მნიშვნელობა ასახულია 1287 წელს ქალაქის გერბზე დატანილ მაღაროელის ფუგურაზე, რომელიც დღესაც გვხვდება ბრუნტალის გერბზე.[6]

მშვიდობის მოედანი XX საუკუნის დასაწყისში

სამთო მოპოვების გარდა ქალაქის ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო მისმა სავაჭრო გზაზე მდებარეობამ და ხელოსნობის განვითარებამ. ბრუნტალი 1474 წლამდე პრჟემისლოვცების დინასტიის სხვადასხვა შტოს ეკუთვნოდა. 1213–1318 წლებში ის ცენტრალურ ევროპაში მდებარე ქვეყნის, მორავიის მარკის შემადგენლობაში შედიოდა. 1318–1377 წლებში ოპავის ჰერცოგების მფლობელობაში გადავიდა, ხოლო 1377–1474 წლებში კრნოვის ჰერცოგების.

1474 წელს ბოჰემია-უნგრეთის ომის (1468–1478) დროს ბრუნტალი უნგრეთის მეფის მატიაშ ჰუნიადის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს. ამ პერიოდიდან მოყოლებული ქალაქმა პოლიტიკური მნიშვნელობა დაკარგა.

XIX საუკუნეში ბრუნტალი ჩეხური სილეზიის ქსოვილების წარმოების ცენტრი გახდა. ქალაქში რკინიგზა 1872 წელს გაიყვანეს. 1910 წლისთვის ბრუნტალში 7 939 ადამიანი ცხოვრობდა და მათგან 99,7% გერმანულენოვანი იყო. ამ რაოდენობაში ითვლება ადგილობრივი ებრაელებიც, რადგან მათ არ ჰქონდათ უფლება იდიში თავის ენად ჩაეწერათ სტატისტიკაში.[7]

მეორე მსოფლიო ომის დროს ბრუნტალი საბჭოთა კავშირის არმიამ 1945 წლის 7 მაისს გაანთავისუფლა. მოგვიანებით პოტსდამის შეთანხმებით ქალაქიდან გერმანელები გააძევეს.[4]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბრუნტალის ციხე

ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი ბრუნტალის ციხეა. ნაგებობა XV საუკუნის ბოლოს აიგო და ის თავდაპირველი გოტიკური ციხესიმაგრე იყო. XVI საუკუნის მეორე ნახევარში ციხე რენესანსის სტილში გადაკეთდა,1766–1769 წლებში კი ბაროკოს სტილში აღადგინეს. დღეს ციხესიმაგრეში რეგიონალური მუზეუმია განთავსებული. ციხესიმაგრის გარშემო XVI საუკუნეში გაშენებული ბაღია.[8]

ღვთისმშობლის მიძინების სამრევლო ეკლესია XIII საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. 1729–1731 წლებში ეკლესიას ორი სამლოცველო დაემატა. 1749 და 1764 წლების ხანძრების შემდეგ ეკლესია ბაროკოს სტილში აღადგინეს და ახალი სამრეკლო ააშენეს.

პიარისტთა ორდენის ყოფილ ტაძარში დღეს მართლმადიდებლური ეკლესიაა. ნუგეშისმცემელი ღვთისმშობლის სახელობისაა და 1731–1752 წლებში აშენდა.[9] უჰლირჟსკი-ვრხზე მდებარეობს ბაროკოს სტილის ღვთისმშობლის მომლოცველთა ეკლესია, ის 1755–1758 წლებში აშენდა და აქ 1654 წელს აგებული ხის ეკლესია ჩაანაცვლა.[9]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ↑ Czech location identification system — Czech Office of Surveying and Cadastre.
  2. ↑ Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
  3. ↑ Údolí radosti pod vyhaslou sopkou cs. CzechTourism. ციტირების თარიღი: 2022-03-07
  4. 1 2 Z historie Bruntálu cs. Město Bruntál. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-20. ციტირების თარიღი: 2024-09-16
  5. ↑ Wihoda, Martin (1998). „Geneze městského zřízení na Moravě jako zakladatelské dílo markraběte Vladislava Jindřicha?“ (PDF). Sborník prací Filozofické fakulty brněnské univerzity. Masaryk University, Faculty of Arts. 47: 21–33. ISSN 0231-7710.
  6. ↑ Niesner, Tomáš. (2012-01-05) Dějiny města cs. Průvodce městem Bruntál. Město Bruntál. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-07. ციტირების თარიღი: 2022-03-07
  7. ↑ Ludwig Patryn (ed): Die Ergebnisse der Volkszählung vom 31. Dezember 1910 in Schlesien დაარქივებული 2011-07-18 საიტზე Wayback Machine. , Troppau 1912.
  8. ↑ Zámek Bruntál a zámecký park cs. Město Bruntál. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-07. ციტირების თარიღი: 2022-03-07
  9. 1 2 Kostely cs. Město Bruntál. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-07. ციტირების თარიღი: 2022-03-07