ბრჟეცლავი
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ბრჟეცლავი ჩეხ. Břeclav | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მხარე | სამხრეთ მორავიის მხარე | ||||
| შიდა დაყოფა | Charvátská Nová Ves[1] , Poštorná[1] და Břeclav | ||||
| კოორდინატები | 48°45′34″ ჩ. გ. 16°52′56″ ა. გ. / 48.75944° ჩ. გ. 16.88222° ა. გ. | ||||
| მმართველი | Svatopluk Pěček | ||||
| პირველი ხსენება | 1046 | ||||
| ფართობი | 77,1 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 158 მეტრი | ||||
| მოსახლეობა | 24 538 (1 იანვარი, 2025)[2] | ||||
| საფოსტო ინდექსი | 690 02[3] , 690 03[3] , 690 06[3] , 691 41[3] და 691 46[3] | ||||
| საავტომობილო კოდი | B | ||||
| ოფიციალური საიტი | https://breclav.eu/ | ||||
ბრჟეცლავი (ჩეხ. Břeclav) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ მორავიის მხარეში. ქალაქი ბრჟეცლავი ბრჟეცლავის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქი სამი მუნიციპალური ერთეულისგან შედგება, ბრჟეცლავის გარდა მის მუნიციპალიტეტში ერთიანდება ხარვატსკა-ნოვა-ვესი და პოშტორნა. ჩეხეთ-ავსტრიის სახელმწიფო საზღვარზე და ჩეხეთ-სლოვაკეთის სახელმწიფო საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქი მნიშვნელოვან სარკინიგზო კვანძს წარმოადგენს.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის დღევანდელი ჩეხური სახელწოდება ციხესიმაგრის პირველი დამაარსებლის, ჰერცოგ ბრეტისლავ I-ის სახელიდან მომდინარეობს. ძველი გერმანული სახელწოდება ლუნდენბურგი აქაურ სლავური ტომის ხალხს ლიახებს უკავშირდება, რადგან გერმანულად მათ ლუნდენებს უწოდებდნენ.[4]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრჟეცლავი ქალაქ ბრნოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს. ის ავსტრიის ქალაქ ბერნჰარდსტალს ესაზღვრება. ქალაქი სლოვაკეთის სოფელ კუტიდან 10 კილომეტრში, ხოლო ავსტრიის დედაქალაქ ვენიდან 65 კილომეტრში მდებარეობს.
ბრჟეცლავი ქვეყნის ყველაზე თბილ ნაწილში, ქვედა მორავის ხეობაში მდებარეობს. ქალაქში მდინარე ტაია . მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში ფართოფოთლოვანი ხშირი ჭალის ტყეა.



ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრჟეცლავის ტერიტორიაზე პირველი სლავური დასახლება უკვე ჩვენი წელთაღრიცხვით VI საუკუნეში გაჩნდა. VIII საუკუნეში ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სლავური დასახლების ტიპი გორდი დაარსდა. IX საუკუნეში ქალაქი დიდი მორავიის მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა, თუმცა X საუკუნეში აქაურობა მიატოვეს და გაუკაცრიელდა.[5]
1041 წელს ჰერცოგმა ბრეტისლავ I-მა აქ სასაზღვრო ციხესიმაგრე ააგო. ბრჟეცლავი წერილობით წყაროებში პირველად 1046 წელს არის მოხსენიებული და ამ წყაროში მას ლათინური სახელწოდება „ბრეტიზლავე“ ჰქვია. XIII საუკუნის მეორე ნახევარში ციხესიმაგრე რომანული სტილის დიდ ციხესიმაგრედ გადააკეთეს. ისტორიის მანძილზე ციხე ხშირად იცვლიდა მფლობელებს. XV საუკუნის დასაწყისში ის ლიხტენშტაინების საგვარეულომ შეიძინა.[4][5]
ჰუსიტური ომების დროს ციხე ჰუსიტების სამხედრო ბაზად იქცა და მათ ციხესიმაგრის მიმდებარედ არსებული დასახლება გაძარცვეს. მოსახლეობას გაქცევა მოუწია და მათ მდინარის მეორე მხარეს ახალი სავაჭრო ქალაქი დააარსეს. ახალ დასახლებას „ნოვა ბრჟეცლავი“ („ახალი ბრჟეცლავი“) დაერქვა, ისტორიულ ბრჟეცლავს კი „სტარა ბრჟეცლავად“ („ძველი ბრჟეცლავი“) მოიხსენიებდნენ.[5]
1534 წელს ბრჟეცლავის მამული ჟეროტინების საგვარეულომ შეიძინა. ოჯახმა ციხე რენესანსის ეპოქის სასახლედ გადააკეთა, რომელმაც ასევე შეინარჩუნა სამხედრო-საფორთეფიკაციო დანიშნულება. XVI საუკუნეში სოფლის მეურნეობა, ხელოსნობა და მეცნიერება განვითარდა, თუმცა ეს განვითარება ოცდაათწლიანი ომით დასრულდა. თეთრი მთის ბრძოლის შემდეგ ბრჟეცლავი ჟეროტინებს ჩამოართვეს. 1638 წელს ლიხტენშტეინებმა უკვე დანგრეული სასახლე შეიძინეს.[4]
ბრჟეცლავის ებრაული თემი ისტორიულ წყაროებში პირველად XVI საუკუნეში იხსენიება, თუმცა ებრაელები აქ XIV-XV საუკუნეებიდან ცხოვრობდნენ. ებრაული მოსახლეობა ოცდაათწლიანი ომის დროს გაქრა. ახალი ებრაელი მოსახლეები კი 1650 წელს ჩასახლდნენ ბრჟეცლავში.[6]
ომისშემდგომი აღდგენა ნელი ტემპით მიმდინარეობდა. 1742 წელს ქალაქი დიდმა ხანძარმა გაანადგურა. 1830-იან წლებამდე აქ მხოლო პატარა სოფელი შემორჩა. 1836–1839 წლებში ვენიდან ბრნომდე რკინიგზა აშენდა, რამაც ეკონომიკური აღმავლობის დაწყება განაპირობა. დაარსდა ხე-ტყის და საკვების მწარმოებელი ქარხნები და მოსახლეობის ზრდა დაიწყო. 1872 წელს ბრჟეცლავი ქალაქად გამოცხადდა.[4]
XIX საუკუნეში ებრაელმა კუფნერების ოჯახმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ქალაქის განვითარებაში. 1862 წელს მათ დააარსეს შაქრის ქარხანა, რომელიც ავსტრია-უნგრეთის იმპერიის უდიდესი შაქრის ქარხანა გახდა. კუფნერების ოჯახმა წვლილი შეიტანა ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, მათ დააფინანსეს სინაგოგისა და სასაფლაოს მშენებლობა.[7]
1919 წლის, პირველი მსოფლიო ომის დასრულებისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, ბრჟეცლავი ახლადშექმნილი ჩეხოსლოვაკიის ნაწილი გახდა.[8]
1938 წლიდან 1945 წლამდე ბრჟეცლავი ნაცისტურ გერმანიას ჰქონდა ანექსირებული. ჰოლოკოსტის შედეგად ქალაქში ებრაული თემი გაქრა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანულენოვანი მოსახლეობა ბრჟეცლავიდან გააძევეს. 1974 წელს ხარვატსკა-ნოვა-ვესი და პოშტორნა ბრჟეცლავს შეუერთდნენ.[8]
1960-იან წლებში ბრჟეცლავში მოტორბოლის ტრასა ააგეს, აქ მოტოციკლეტთა შეჯიბრებები 1975 წლამდე იმართებოდა და ამ წელს ეს შეჯიბრი აკრძალეს.[9]
2021 წელს ბრჟეცლავის მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ ნაწილი ძლიერად დააზიანა სამხრეთ მორავიის ქარბორბალამ.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრჟეცლავის ციხე XIX საუკუნის პირველ ნახევარში ამჟამინდელი ნეო-გოთური სახით აშენდა. ის ლიხტენშტაინებმა ლედნიცე-ვალტიცეს კულტურული ლანდშაფტის შექმნის დროს აღადგინეს. დღეს ის ქალაქის საკუთრებაა. მისი ერთ-ერთი კოშკი გადმოსახედი კოშკის ფუნქციას ასრულებს.[10]
მასარიკის მოედანზე მდებარე წმინდა ვაცლავის სამრევლო ეკლესია თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშია, ის 1992-1995 წლებში მეორე მსოფლიო ომის დროს დანგრეული ბაროკოს სტილის ეკლესიის ადგილზე აშენდა. მეორე სამრევლო ტაძარი პოშტორნაში მდებარეობს, ეს ტაძარი ღვთისმშობლის მონახულების სახელობისაა. პოშტორნას ეკლესია უნიკალური ნეო-გოთური ნაგებობაა, რომელიც 1895–1898 წლებში აშენდა ადგილობრივ ქარხანაში წარმოებული აგურით.
1697 წელს აგებული პატარა სინაგოგა 1868 წელს უფრო დიდი სინაგოგით ჩაანაცვლეს. 1888 წელს სინაგოგის ექსტერიერი ნეო-რომანული, ხოლო ინტერიერი ნეომავრიტანული სტილის ელემენტებით გარემონტდა. დღესდღეობით მასში ქალაქის მუზეუმის ნაწილია განთავსებული. ებრაული სასაფლაო XVII საუკუნეში დაარსდა. შემორჩენილი 300 საფლავის ქვიდან ყველაზე ძველი XVIII საუკუნით თარიღდება. ყოფილი ებრაული გეტოს შუაგულში მდებარე ებრაული სკოლა დღეს ქალაქის მუზეუმისა და გალერეის მთავარ შენობას წარმოადგენს.[11]
ბრჟეცლავის დასავლეთი და სამხრეთი ნაწილი ლედნიცე-ვალტიცეს კულტურულ ლანდშაფტში მდებარეობს, ეს დაცული ლანდშაფტი 1996 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. მისი ბრჟეცლავის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა აპოლონის ტაძარია. იგი იოზეფ კორნჰოიზელის პროექტით 1817–1819 წლებში აშენდა.
ლედნიცე-ვალტიცეს კულტურულ ლანდშაფტის ჭალის ტყეში მდებარეობს პოჰანსკოს დიდი მორავიის ხანის არქეოლოგიურ ძეგლი. აქ ნაპოვნი არქეოლოგიური ნიმუშები გამოფენილია პოჰანსკოს ციხესიმაგრეში. ეს პატარა სანადირო ციხესიმაგრეა და ლიხტენშტაინებმა ამპირის სტილში 1810–1812 წლებში ააშენეს.[12]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იულიუს ლიებანი (1857–1940) — საოპერო ტენორი
- რუდოლფ კარლი (1899–1987) — მსახიობი
- ზდენკა პოკორნა (1905–2007) — წინააღმდეგობის მებრძოლი
- ფრანტიშეკ კობზიკი (1914–1944) — ნიჩბოსანი და ჯარისკაცი
- იან შვედა (1931–2007) — ნიჩბოსანი, ოლიმპიური მედალოსანი
- ვაცლავ პავკოვიჩი (1936–2019) — ნიჩბოსანი, ოლიმპიური მედალოსანი
- ფრიდრიხ კრატოხვილი (დაბ. 1944) — პოლიტიკური მეცნიერი და პროფესორი
- ივან კრატოხვილი (1946–2022) — მოტოციკლეტისტი
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Czech location identification system — Czech Office of Surveying and Cadastre.
- ↑ Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025 — Praha: ČSÚ, 2025.
- 1 2 3 4 5 Register of territorial identification, addresses and real estates
- 1 2 3 4 Z historie Břeclavi cs. Městské muzeum a galerie Břeclav. ციტირების თარიღი: 2021-11-26
- 1 2 3 Historie a současnost cs. Město Břeclav. ციტირების თარიღი: 2021-11-26
- ↑ Historie židovské obce cs. Město Břeclav. ციტირების თარიღი: 2021-11-26
- ↑ Bývalý cukrovar cs. Město Břeclav. ციტირების თარიღი: 2025-02-15
- 1 2 Události cs. Internetová encyklopedie Břeclavi. ციტირების თარიღი: 2025-03-18
- ↑ Abeceda ploché dráhy – písmeno "B" cs. ციტირების თარიღი: 2024-03-30
- ↑ Neduchal, Kryštof. (2023-12-06) Historie fotbalu v Břeclavi: Éra Poštorné, pohár se Spartou i slavní odchovanci cs. Deník.cz. ციტირების თარიღი: 2024-05-17
- ↑ Lichtenštejnský dům cs. Městské muzeum a galerie Břeclav. ციტირების თარიღი: 2021-11-26
- ↑ Pohansko cs. Město Břeclav. ციტირების თარიღი: 2021-11-26
- ↑ Město Břeclav: Závěrečný účet za rok 2023 cs. Město Břeclav (2024). ციტირების თარიღი: 2025-08-27