ბრიუნჰილდა ავსტრაზიელი
ბრიუნჰილდა ავსტრაზიელი | |
---|---|
![]() | |
დაბ. თარიღი | არაუადრეს 545 და არაუგვიანეს 550 |
დაბ. ადგილი | ტოლედო |
გარდ. თარიღი | 613[1] |
გარდ. ადგილი | რენევი[1] |
მოქალაქეობა | ავსტრაზია |
საქმიანობა | კონსორტი[1] |
მეუღლე | სიგებერტ I[2] და მეროვეხ სუასონელი[3] |
მამა | ათანაგილდი[1] |
დედა | გოსვინთა.[1] |
შვილ(ებ)ი | ინგუნდი[4] , ხილდებერტ II[5] და ქლოდოსინდა[6] |
ბრიუნჰილდა[7] (დაახლ. 543 – 613) იყო ავსტრაზიის დედოფალი, ფრანკთა სამეფოს ნაწილი, მეროვინგი მეფის სიგებერტ I-ის მეუღლე და რეგენტი თავისი შვილის, შვილიშვილისა და შვილთაშვილის მმართველობის პერიოდში.[8][9]
მისი ხანგრძლივი და რთული პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ბრიუნჰილდა მართავდა აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოებს — ავსტრაზიასა და ბურგუნდიას — სამჯერ რეგენტის რანგში: მისი შვილის ქილდებერტ II-ის სახელით 575–583 წლებში; შვილიშვილების თეოდებერტ II და თეოდერიკ II სახელით 595–599 წლებში; და შვილთაშვილის სიგებერტ II სახელით 613 წელს. ეს პერიოდი გამოირჩეოდა სამეფო დინასტიისა და ძლევამოსილი არისტოკრატიის დაპირისპირებით.
ბრიუნჰილდა, როგორც ჩანს, იყო გამორჩეული მმართველი, თუმცა სწორედ ამ თვისებამ და მისმა მტკიცე ხასიათმა შეუქმნა მას კონფლიქტები არისტოკრატებთან, ეკლესიასთან და სხვა მეროვინგებთან. მისი ბიოგრაფია მჭიდროდ არის დაკავშირებული სასტიკი მტრობით ყოფილ მორჩილთან — ფრედეგუნდასთან, რომელიც მოგვიანებით ნეუსტრიის მეფის, ქილპერიკ I-ის მეუღლე გახდა. ითვლება, რომ ფრედეგუნდამ მოკლა ბრიუნჰილდას და — დედოფალი გალსვინთა (დაახლ. 568), რათა თავად გამხდარიყო დედოფალი. ამ ფაქტმა გამოიწვია 45-წლიანი დაპირისპირება, რომელმაც მიგვიყვანა ქილდებერტის მკვლელობამდე და ბრიუნჰილდას ტყვეობამდე. ფრედეგუნდას სიკვდილის შემდეგაც კი (597), ეს დაპირისპირება განაგრძო მისმა შვილმა ქლოთარ II-მ რომელმაც 613 წელს დაამარცხა ბრიუნჰილდა და სიკვდილით დასაჯა. მისი სხეული ოთხი ცხენს გააგლეჯინა.
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრიუნჰილდა სავარაუდოდ დაიბადა 543 წელს ვესტგუთების დედაქალაქ ტოლედოში, როგორც ათანაგილდისა და გოსვინთას მეორე ქალიშვილი. როდესაც მამამისი გახდა მეფე (554 წ.), ის მხოლოდ თერთმეტი წლის იყო. ბრიუნჰილდა მოინათლა ტოლედოში როგორც არიანი ქრისტიანი.
პირველი ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]567 წელს იგი დაქორწინდა ავსტრაზიის მეფე სიგებერტ I-ზე, ხლოდვიგ I-ის შვილიშვილზე, რომელმაც ტოლედოში ელჩობა გაგზავნა ძღვენით დატვირთული. ისინი დასახლდნენ მეცში. ქორწინების შემდეგ ბრიუნჰილდა მოექცა კათოლიკობაზე.[10]
სიგებერტის მამამ, ქლოთარ I-მა ფრანკთა ოთხი სამეფო გააერთიანა, თუმცა მისი სიკვდილის შემდეგ სიგებერტმა და მისმა სამმა ძმამ კვლავ დაყვეს ისინი. ისტორიკოსი და ეპისკოპოსი გრიგოლ ტურელი წერს, რომ სიგებერტის ქორწინება ვესტგუთ პრინცესაზე იყო დაპირისპირების მაპროვოცილებელი ქმედება, ძმების არჩევანის მიმართ. სიგებერტმა არჩია პატივდებული წარმომავლობის ქალი და არა დაბალი სოციალური სტატუსის ცოლი.

სიგებერტის ქორწინებაზე ბრაზმორეულმა მისმა ძმამ, ნეუსტრიის მეფე ქილპერიკ I-მა მოითხოვა ბრიუნჰილდას და, გალსვინთა. გრიგოლ ტურელი აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი შურის გამო გადადგა;[11] თუმცა გალსვინთამ მოითხოვა, რომ ქილპერიკს დაესრულებინა თავის სასახლეში მეძავების მხიარულობა, რის შემდეგაც ის მალევე დაუქვემდებრდა ფავორიტ ფრედეგუნდას გავლენას. ქილპერიკმა და ფრედეგუნდამ გალსვინთა დაახრჩვეს და შემდეგ დაქორწინდნენ.
ბრიუნჰილდამ სასტიკად შეიძულა ფრედეგუნდა და ამ მტრობის საპასუხოდ ორივე დედოფალი ქმრების ომში ჩათრევას ცდილობდა.[12] სიგებერტმა დაარწმუნა მათი უფროსი ძმა, გუნთრამი, ბურგუნდიის მეფე, შუამავლობაში. გადაწყდა, რომ გალსვინთას დოური გადაცემოდა, ხოლო — ბორდო, ლიმოჟი, კაჰორი, ბეარნი და ბიგორი გადაცემოდა ბრიუნჰილდას. საბოლოოდ ქილპერიკმა უარი თქვა ქალაქების გადაცემაზე და ვერც ბრიუნჰილდამ ვერ დაივიწყა და-ძმური მკვლელობა. ეს დაპირისპირება პარიზის წმ. გერმანის ეპისკოპოსმა დროებითი ზავით შეაჩერა.
567–570 წლებში ბრიუნჰილდამ სიგებერტს სამი შვილი გაუჩინა: ინგუნდა, ქლოდოსინდა და ქილდებერტი.
მშვიდობა მალე დაარღვია ქილპერიკმა, რომელიც სიგებერტის სამფლობელოებში შეიჭრა. სიგებერტმა დაამარცხა ძმა, რომელმაც ტურნეს შეაფარა თავი. პარიზელებმა სიგებერტი ტრიუმფატორად მიიღეს. ეპისკოპოსმა გერმანმა წერილით სთხოვა ბრიუნჰილდას, ეთხოვა ქმრისთვის ძმის შეწყალება, თუმცა, როგორც ჩანს, ის არ დაემორჩილა — სიგებერტმა ტურნეს ალყა შემოარტყა. ფრედეგუნდამ დაიქირავა ორი მკვლელი, რომლებმაც სიგებერტი ვიტრი-ან-არტუაში შხამიანი ხანჯლით მოკლეს. ბრიუნჰილდა დააპატიმრეს და რუუენში ჩასვეს ციხეში.[13]
მეორე ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეროვეხი — ქილპერიკისა და მისი პირველი ცოლის, აუდოვერას ვაჟი — რუუენში გაემგზავრა იმ საბაბით, რომ დედა მოენახულებინა. იქ ყოფნისას გადაწყვიტა დაქორწინებულიყო დაქვრივებულ ბრიუნჰილდაზე, რათა თავისი გავლენები ტახტზე ასვლისთვის გაემყარებინა. მისი დედინაცვალი, ფრედეგუნდა, მიზნად ისახავდა, რომ მხოლოდ მისი შვილები გამხდარიყვნენ მეფეები და ამ მიზნით არაერთი ნაბიჯი გადადგა თავისი ქმრის სხვა ცოლების შვილების წინააღმდეგ. მეროვეხი და ბრიუნჰილდა რუუენის ეპისკოპოსმა პრაეტექსტატმა დააქორწინა. თუმცა, რადგან ბრიუნჰილდა მეროვეხის დეიდა იყო, ეს ქორწინება ეწინააღმდეგებოდა საეკლესიო კანონებს.[14]
ქილპერიკმა მალევე ალყა შემოარტყა წმინდა მარტინის ეკლესიას, რომელიც ქალაქის კედლებთან მდებარეობდა. საბოლოოდ მან მათთან მშვიდობა დაამყარა, თუმცა მეროვეხი თან წაიყვანა სუასონში. ქორწინების გაუქმების მცდელობისას, ქილპერიკმა მეროვიხს ტონზურა(თმის გადაპარსვა) გააკეთებინა და ლე მანის მონასტერში გააგზავნა, რათა ბერი გამხდარიყო. მეროვეხი გაიქცა და თავი შეაფარა ტურის წმინდა მარტინის ეკლესიაში, რომელიც გრიგოლ ტურელის ეკლესია იყო და ამგვარად, ის მოვლენების უშუალო მოწმე გახდა.[15] მოგვიანებით მეროვეხი შამპანში გადავიდა. 578 წელს ის დაბრუნდა ტურიში, თუმცა ძალაუფლებისთვის ბრძოლისთვის, ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და საბოლოოდ მანდ, თავის მსახურს სთხოვა,რომ იგი მოეკლა.[16]
პირველი რეგენტობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრიუნჰილდამ ახლა სცადა ავსტრაზიის რეგენტობის მიღება თავისი შვილის, ქილდებერტ II-ის სახელით, თუმცა მას არისტოკრატიის მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდა და დროებით გუნთრამის — ბურგუნდიის მეფის — კარზე გაიხიზნა, სანამ მიზანს მიაღწევდა. მოგვიანებით ის ავსტრაზიას, რეგენტის რანგში მართავდა. იგი, როგორც მებრძოლი კი არა, არამედ ადმინისტრაციული რეფორმატორი, ვესტგუთური განათლებით, იხსენიება. მან აღადგინა ძველი რომაული გზები, ააშენა მრავალი ეკლესია და სააბატო, საჭირო ციხესიმაგრეები, გადაახალისა სამეფო ფინანსები და სამხედრო სტრუქტურა. თუმცა, არისტოკრატია განარისხა იმით, რომ განაგრძობდა სამეფო ავტორიტეტის აღდგენას იქ, სადაც ის შესუსტებული იყო. პოზიციების გასამყარებლად და სამეფო პრესტიჟის გასაძლიერებლად მან გადააწყვეტინა უშვილოდ დარჩენილ გუნთრამს, ქილდებერტი შვილად ეღიარებინა და მემკვიდრედ დაენიშნა — რაც მან 577 წელს მართლაც გააკეთა.[17] 579 წელს ბრიუნჰილდამ თავისი ქალიშვილი ინგუნდა, (მაშინ მხოლოდ ცამეტი წლის იყო), დააქორწინა ვესტგუთ პრინც ჰერმენეგილდზე, რითაც თავისი საგვარეულო მშობლიურ სამეფოსთან დააკავშირა. თუმცა, ჰერმენეგილდი კათოლიკე გახდა და ის და მისი ცოლი რელიგიური ომების მსხვერპლნი გახდნენ.
ბრიუნჰილდა მართავდა ავსტრაზიას ქილდებერტის სრულწლოვანებამდე — 583 წლამდე, მეროვინგთა ტრადიციული, ცამეტი წლის ასაკის მიღწევამდე.
ურთიერთობა მეფე გუნთრამთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქილპერიკის გარდაცვალების შემდეგ ბრიუნჰილდასა და ფრედეგუნდას კონფლიქტი კვლავ გამწვავდა. ახლა უკვე ფრედეგუნდა ნოისტრიის რეგენტი იყო და შეეძლო ძველი მტრის წინააღმდეგ ბრძოლა განეახლებინა. ამავდროულად, ბრიუნჰილდას შიდა მტრებთან გამკლავებაც უწევდა.
ბევრი ჰერცოგი ღიად ეწინააღმდეგებოდა მის გავლენას ქილდებერტზე. მათგან სამი — რაუხინგი, ურზიო და ბერტეფრიდი — ქილდებერტის მკვლელობის გეგმაში მონაწილეობდნენ; თუმცა, შეთქმულება გამოაშკარავდა. რაუხინგი მოკლეს, ხოლო ურზიო და ბერტეფრიდი ციხესიმაგრეს შეაფარეს თავი. ამის შემდეგ გუნთრამმა ქილდებერტს, ბრიუნჰილდასა და მის ორ ვაჟს თავშესაფარი სთხოვა საკუთარ კარზე. ეს შემდგომში განხორციელდა და ურზიო და ბერტეფრიდი მოკლეს. 587 წელს გუნთრამმა, ქილდებერტმა და ბრიუნჰილდამ ანდელოს პაქტი გააფორმეს,[18] რომლითაც ქილდებერტმა ბურგუნდიის მემკვიდრეობა მიიღო და შეძლო ავსტრაზიისა და ბურგუნდიის კავშირის შენარჩუნება გუნთრამის სიცოცხლის ბოლომდე.
იმავე წელს ვესტგუთთა მეფემ რეკარედ I-მა ელჩები გაუგზავნა როგორც ქილდებერტს, ასევე გუნთრამს. ქილდებერტმა ელჩები მიიღო და ალიანსი აღიარა, ხოლო გუნთრამმა მათ მიღებაზე უარი თქვა. ამიტომ, როდესაც ბრიუნჰილდამ და ქილდებერტმა მოლაპარაკება აწარმოეს ქლოდოსინდას — მეფის დის — ქორწინებაზე ესპანეთის მეფესთან, გუნთრამმა წინააღმდეგობა გასწია და ქორწინება გაუქმდა. 592 წელს გუნთრამი გარდაიცვალა და ქილდებერტმა, პაქტის თანახმად, მისი სამეფო დაიკავა და მაშინვე დაიწყო ომი ქლოთარ II-ის წინააღმდეგ, რომელიც იყო ქილპერიკისა და ფრედეგუნდას შვილი. ფრედეგუნდას მეთაურობით, ბრიუნჰილდას ჯარები დრუაზის ბრძოლაში დამარცხდნენ, 593 წელს. ქილდებერტი 596 წელს, ოცდაექვსი წლის ასაკში გარდაიცვალა.[13]
მეორე რეგენტობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქილდებერტის გარდაცვალების შემდეგ ბრიუნჰილდამ სცადა ავსტრაზიისა და ბურგუნდიის მმართველობა შვილიშვილების — თეოდებერტ II-ისა და თეოდერიკ II-ის — სახელით. თეოდებერტი ავსტრაზიის მეფე გახდა, თეოდერიკი კი — ბურგუნდიის.[13] მიუხედავად იმისა, რომ ბრიუნჰილდამ ქილდებერტის სიკვდილი ფრედეგუნდას დააბრალა, თავად ფრედეგუნდა 597 წელს გარდაიცვალა და უშუალო დაპირისპირება დასრულდა. თუმცა ფრანკთა შიდა ომები კვლავ გაგრძელდა — ამჯერად დედოფლების შთამომავლებს შორის.
599 წელს, ბრიუნჰილდას უფროსმა შვილიშვილმა — თეოდებერტმა — რომლის კარზეც ის იმყოფებოდა, ის ქვეყნიდან გააძევა. იგი სრულიად მარტო, აღმოჩნდა შამპანში, არსის მახლობლად და იქ ერთი გლეხი იპოვნა. ლეგენდის თანახმად, ამ გლეხმა ბრიუნჰილდა ოსერის ეპისკოპოსთან მიიყვანა. თეოდერიკმა იგი გულთბილად მიიღო და მისი გავლენის ქვეშ მოექცა — ახლა უკვე შურისძიების მიზნით თეოდებერტის წინააღმდეგ. ძმები მალე ომში ჩაებნენ.
ამ დროიდან ბრიუნჰილდამ, რომელიც უკვე ხანში შესული იყო, განსაკუთრებით სასტიკი თვისებები გამოავლინა, რამაც შემდგომში მისი ძალადობრივად, სიკვდილი გამოიწვია. მან პროტადიუსი საყვარლად აირჩია და სურდა, მაღალი თანამდებობით უზრუნველეყო იგი, ამიტომ მოაწყო პალატის მაიორდომის, ბერტოალდის მკვლელობა. 604 წელს დაარწმუნა თეოდერიკი, რომ ბერტოალდი გაეგზავნა სენის გასწვრივ მდებარე სამეფო ვილათა დასათვალიერებლად. ქლოთარმა, ბრიუნჰილდას დავალებით, გაგზავნა თავისი მაიორდომი — ლანდრიკი, რომელიც ფრედეგუნდას ყოფილი საყვარელი იყო — ბერტოალდთან შესახვედრად, რომელსაც მცირე ჯარი ახლდა თან. ბერტოალდმა გამოააშკარავა შეთქმულებას, დაიწყო შეტაკება, საბოლოოდ ბერტოალდი ალყაში მოაქციეს და მოკლეს. პროტადიუსი მაშინვე მის ადგილას დაინიშნა.
ბრიუნჰილდამ და პროტადიუსმა მალევე აიძულეს თეოდერიკი ომი განეახლებინა თეოდებერტთან, თუმცა პროტადიუსი თავად ჯარისკაცებმა მოკლეს — მათ არ სურდათ დედოფლის ამბიციების გამო ომში მონაწილეობა. პროტადიუსის სიკვდილის შემდგომ ბრიუნჰილდამ მის მკვლელად ცნობილი ჰერცოგი უნცელენი დააპატიმრა, აწამა და მოკლა. იგი ბრიუნჰილდას შურისძიების პირველი ჰერცოგი მსხვერპლი არ იყო.
ამავე პერიოდში დეზიდერიუსი, ვიენის ეპისკოპოსი (შემდგომში წმ. დიდიე), საჯაროდ ადანაშაულებდა ბრიუნჰილდას ინცესტსა და სისასტიკეში. საბოლოოდ დეზიდერიუსმა ქადაგება წარმოთქვა ცოლქმრული სიწმინდის შესახებ 612 წელს ბრიუნჰილდასა და თეოდერიკის წინაშე, რის გამოც ბრიუნჰილდამ მის მოსაკლავად სამი მკვლელი დაიქირავა. ეპისკოპოსი მოკლეს სოფელში, რომელიც დღეს სენტ-დიდიე-სიურ-შალარონის სახელით არის ცნობილი.


მესამე რეგენტობა და სიკვდილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]612 წელს თეოდერიკ II გარდაიცვალა, ხოლო ბრიუნჰილდამ მის შვილთაშვილ სიგებერტ II-ს ავსტრაზიის მეფედ აღიარებას შეეცადა. ის იყო ე.წ „რუხი კარდინალი“ ბავშვის სახელით და კვლავ დაიწყო ბრძოლა ძალაუფლების განმტკიცებისთვის. თუმცა, ახლა უკვე არისტოკრატია და ეკლესია მას ერთიანად დაუპირისპირდა.
ქლოთარ II, ფრედეგუნდას შვილი და ნეუსტრიის მეფე, დაემუქრა მის ძალაუფლებას და ალიანსი შექმნა ავსტრაზიის არისტოკრატებთან. მათ ღიად დაუპირისპირდნენ ბრიუნჰილდას და გადაწყვიტეს სიგებერტის მმართველობის გაუქმება. ქლოთარმა შეიპყრო ბრიუნჰილდა და სიგებერტი. ბავშვი მოკლეს, ხოლო ბრიუნჰილდას სასტიკი სასჯელი მიუსაჯეს.
მის წინააღმდეგ წარდგენილი იყო მრავალი ბრალდება — 10 ფრანკი მეფის სიკვდილში მონაწილეობა, სამეფო ხაზის შერყვნა, უზურპაცია და სისასტიკე. მისი სიკვდილი იყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ანტიკური სამყაროს სიკვდილით დასჯებს შორის: 613 წელს ბრიუნჰილდა ცხენებით, ოთხად გაგლეჯვის გზით სიკვდილით დასაჯეს — იგი ოთხი ცხენით იქნა სხვადასხვა მხარეს მოქაჩული, რასაც მოჰყვა სხეულის გახლეჩა. ეს ქმედება მიზნად ისახავდა მისი ავტორიტეტის სიმბოლურად განადგურებას.
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრიუნჰილდას პოლიტიკურმა მემკვიდრეობამ მრავალმხრივი შეფასებები ჰპოვა. ის იყო ადმინისტრაციული რეფორმატორი, სახელმწიფო ინფრასტრუქტურის აღმდგენი, ეკლესიის მშენებელი და განათლების მომხრე. თუმცა მისი მმართველობა აღინიშნა აგრეთვე პოლიტიკურ ძალაუფლებაზე მისწრაფებისა და არისტოკრატიასთან დაპირისპირების შედეგად დაწყებული ომებითა და სისასტიკით.
მიუხედავად სასტიკი აღსასრულისა, მისი გავლენა ფრანკთა სახელმწიფოებრივ განვითარებაზე მნიშვნელოვანია. ის ითვლება ერთ-ერთ გამორჩეულ და მტკიცე ქალ მმართველად ადრეულ შუა საუკუნეებში.
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიუნჰილდა აღიზარდა როგორც არიანი ქრისტიანი, თუმცა სიგებერტზე ქორწინების შემდეგ კათოლიკურ ქრისტიანობაზე მოექცა. ზოგადად, მან ეკლესია მფარველობის ქვეშ მოაქცია და პაპ გრიგოლ დიდს დიდი პატივით ექცეოდა. პაპმა მას არაერთი კეთილგანწყობილი წერილი მიწერა. 597 წელს კი ის გამოიყენა, ფრანკთა სამეფოში არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, კერძოდ: — კერპების თაყვანისცემა, რასაც ეპისკოპოსი სიაგრიუსი, ოტენის ეპისკოპოსი არ/ვერ აქცევდა სათანადო ყურადღებას. როდესაც ბრიუნჰილდამ გრიგოლს სთხოვა პალიუმი სიაგრიუსისთვის, პაპმა ეს შესაძლებლობად გამოიყენა — თანხმობა გასცა იმ პირობით, რომ ბრიუნჰილდა თავად შეძლებდა მკაცრი დისციპლინის გზით ამ წარმართული ქმედებების აღკვეთას, რასაც ეპისკოპოსი უგულებელყოფდა.[19]
გრიგოლ ტურელი იყო კიდევ ერთი სასულიერო პირი, რომელსაც იგი მფარველობდა; ის იყო მისი და მისი შვილის სანდო მრჩეველი 587 წლიდან გარდაცვალებამდე. ბრიუნჰილდა ასევე დიდად იყო დაინტერესებული თავის სამფლობელოებში არსებული ეპარქიებითა და მონასტრებით. სწორედ ეს ინტერესები დაუპირისპირა მას კოლუმბანმა, ლუქსოის სააბატოს იღუმენმა, რომელიც მოგვიანებით მან გააძევა იტალიაში, სადაც კოლუმბანმა დააფუძნა ბობიოს სააბატო. ბრიუნჰილდას ასევე წვლილი მიუძღვის მორიენის ეპარქიის არსებობის შენარჩუნებაში. 576 წელს, ბრიუნჰილდას მფარველმა, სიგებერტის ძმამ — გუნთრამმა — დააფუძნა ახალი ეპარქია სენ-ჟან-დე-მორიენში, რამაც გამოყო მორიენის ხეობა და მეზობელი სუზას ხეობა — ტურინის ეპარქიისგან. ტურინის ეპისკოპოსი ოცი წლის განმავლობაში უშედეგოდ აპროტესტებდა ამ ცვლილებას ბრიუნჰილდასთან, ხოლო 599 წელს, როდესაც მის პროტესტს, პაპმა გრიგოლ დიდმაც მხარი დაუჭირა, ბრიუნჰილდამ მას მნიშვნელობა აღარ მიანიჭა.
ბრიუნჰილდას დაკრძალეს მის მიერ დაარსებულ წმინდა მარტინის სააბატოში, ოტენში, რომელიც 602 წელს აშენდა იმ ადგილას, სადაც ტურის ეპისკოპოსმა მოჭრა ბუჩქი, რომელიც წარმართული თაყვანისცემის საგნად ითვლებოდა. სააბატო და მისი საფლავი [რომელშიც ინახებოდა ძვალი, ფერფლი და ეტლის ნაწილი] 1793 წელს განადგურდა; თუმცა ბრიუნჰილდას სარკოფაგის საფარის ორი ნაწილი დღეს დაცულია როლენის მუზეუმში ოტენში.[20]
ბრიუნჰილდამ დააფინანსა მრავალი ეკლესიის მშენებლობა, მათ შორის ლაონის წმინდა ვინსენტის სააბატოს (დაარსებული 580 წელს). მას ასევე მიაწერენ ბრუნიკელის ციხესიმაგრის დაარსებას და რომაული გზის აღდგენას ალიანი-ან-მორვანის მახლობლად (სადაც ახლომდებარე გორაკის სახელი Terreau Bruneau სავარაუდოდ მის სახელთან არის დაკავშირებული). მოვ-სიურ-ლუარის ის ნაწილი, რომელიც ცნობილია როგორც ლა ფონტენ ბრიუნო — მისი სახელით არის ცნობილი, რადგან ამბობენ, რომ ბრიუნჰილდა იქ წყლით გრილდებოდა, როდესაც გადახურებით იტანჯებოდა.
ლეგენდა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბევრი მკვლევარი თვლის, რომ ბრიუნჰილდა შთააგონებდა როგორც ბრუნჰილდას, ასევე კრიმჰილდას პერსონაჟებს ნიბელუნგების სიმღერაში — ორი მეტოქე ქალის სახეს. კრიმჰილდა დაქორწინებულია ზიგფრიდზე, რომელიც მრავალ მხრივ წააგავს ბრიუნჰილდას მეუღლეს — სიგებერტს. მრავალი პერსონაჟისა და მოვლენის მსგავსება არსებობს ნიბელუნგების სიმღერასა და მეროვინგთა გოლის VI საუკუნის მეორე ნახევრის რეალურ ისტორიას შორის. როგორც თომას ჰოჯკინი აღნიშნავს:
![]() |
„მეფეთა მიერ დიდი ხნის წინ დამარხული საგანძურები, საიდუმლო მღვიმეები, ხვლიკების მეგზურობა ან მცველი — განა ეს უცნაური ლეგენდა არ გადაგვიყვანს პირდაპირ ნიბელუნგების სიმღერის ატმოსფეროში? და თუ კეთილმა მეფე გუნთრამმა აღმოაჩინა დრაკონის საგანძური, მისი ძმები და მათი დედოფლები — თავიანთი ომებით, შერიგებებითა და სასტიკი შურისძიებებით — აუცილებლად შთააგონებდნენ ამ ყველაზე ტრაგიკული ეპოსის მთავარ სიუჟეტს, რომლის ერთ-ერთი გმირის სახელი, ბრუნიხილდისი, ავსტრაზიის დედოფლის სახელთან იდენტურია.[21]“
|
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბარბერინის სპილოს ძვლის რელიეფი
შენიშვნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Settipani C. La Préhistoire des Capétiens: Première partie : Mérovingiens, Carolingiens et Robertiens — Villeneuve-d'Ascq: 1993. — P. 78–79. — ISBN 978-2-9501509-3-6
- ↑ Settipani C. La Préhistoire des Capétiens: Première partie : Mérovingiens, Carolingiens et Robertiens — Villeneuve-d'Ascq: 1993. — P. 78–81. — ISBN 978-2-9501509-3-6
- ↑ Settipani C. La Préhistoire des Capétiens: Première partie : Mérovingiens, Carolingiens et Robertiens — Villeneuve-d'Ascq: 1993. — P. 90. — ISBN 978-2-9501509-3-6
- ↑ Settipani C. La Préhistoire des Capétiens: Première partie : Mérovingiens, Carolingiens et Robertiens — Villeneuve-d'Ascq: 1993. — P. 79. — ISBN 978-2-9501509-3-6
- ↑ Settipani C. La Préhistoire des Capétiens: Première partie : Mérovingiens, Carolingiens et Robertiens — Villeneuve-d'Ascq: 1993. — P. 82. — ISBN 978-2-9501509-3-6
- ↑ Settipani C. La Préhistoire des Capétiens: Première partie : Mérovingiens, Carolingiens et Robertiens — Villeneuve-d'Ascq: 1993. — P. 79–81. — ISBN 978-2-9501509-3-6
- ↑ მის სახელს მრავალი ფორმა აქვს. ბრიუნჰილდა არის გერმანული ფორმა და ყველაზე გავრცელებულია ინგლისურ ენაში. ფრანგულად — Brunehaut, ესპანურად — Brunegilda ან Brunequilda. სახელის სხვა ვარიანებია: Brunilda, Brunichildis, Brunechildis, Brunichild, Brunechilde, Brunichilda, Brunhild, Brunhilde, Brünnhilde, Brünhild, Brynhild და Brynhildr. (Encyclopædia Britannica, 2004).
- ↑ McNamara, Jo Ann; Wemple, Suzanne (1973). „The Power of Women through the Family in Medieval Europe: 500-1100“. Feminist Studies. 1 (3/4): 126–141. ISSN 0046-3663.
- ↑ Flannery, Mary C. (2007). „Brunhilde on Trial: "Fama" and Lydgatean Poetics“. The Chaucer Review. 42 (2): 139–160. ISSN 0009-2002.
- ↑ გრიგოლ ტურისელი, IV.27.
- ↑ გრიგოლ, IV.28.
- ↑ გრიგოლ, IV.47.
- ↑ 13.0 13.1 13.2 Thatcher, Oliver Joseph; Schevill, Ferdinand (1896) Europe in the Middle Age. C. Scribner's Sons, გვ. 93.
- ↑ გრიგოლ, V.2
- ↑ გრიგოლ, V.14
- ↑ გრიგოლ, V.18
- ↑ გრიგოლ, VI.1
- ↑ გრიგოლ, IX.20
- ↑ Gregory the Great (2004) The Letters of Gregory the Great Translated, with Introduction and Notes, by John R. C. Martyn. Toronto: Pontifical Institute of Mediaeval Studies, გვ. 1;56. ISBN 9780888442901.
- ↑ Autun, AVGVSTODVNVM, Capitale des Éduens, რედ. Matthieu Pinette, Autun 1985, გვ. 380.
- ↑ Hodgkin, V, გვ. 202. წყარო: Northvegr დაარქივებული 2008-09-25 საიტზე Wayback Machine. .
წყაროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გრიგოლ ტურისელი, ფრანკთა ისტორია: წიგნები I–X დაარქივებული 2014-08-14 საიტზე Wayback Machine.
- ჯონ მაიკლ უოლეს-ჰადრილი (მთარგმნელი), ფრედეგარის ქრონიკის მეოთხე წიგნი და მისი გაგრძელებები, კონექტიკუტი: გრინვუდის პრესა, 1960.
- ბერნარდ ს. ბაქრაჰი (მთარგმნელი), Liber Historiae Francorum, 1973.
- Encyclopædia Britannica, 2004: ** Brunhild, მოძიებულია 2005 წლის 19 თებერვალს. ** Brunhild, მოძიებულია 2005 წლის 17 სექტემბერს.
- Encyclopaedia Britannica, Brunhild, Queen of Austrasia
დამატებითი ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰოჯკინი, თომას. იტალია და მისი დამპყრობნი. კლარენდონის პრესა, 1895.
- ჯოზეფ ჰენრი დამუსი, შვიდი შუა საუკუნეების დედოფალი, 1972.
- იან ვუდი, მეროვინგთა სამეფოები, 1994.
- შაიბელრაიტერი, გეორგი (2002). "ფრანკთა დედოფალი ბრიუნჰილდა. ბიოგრაფიული მიდგომა. დაარქივებული 2024-03-30 საიტზე Wayback Machine. " In: ვალცი, დოროთეა (რედ.), Scripturus vitam. ხარკი ვალტერ ბერშინს 65 წლის იუბილეზე. ჰაიდელბერგი: მატესი, ISBN 3-930978-15-6, გვ. 295–308.
- ნიკოლა და პოლ შალმინი, "ბრუნჰილდას გზის უცნაური ისტორია" დაარქივებული 2011-07-14 საიტზე Wayback Machine. (კალე, Nordmag, 2004).
- ვებერი, მარი-ლუიზა (2004). "მეროვინგთა დედოფალი ბრუნიხილდა ლათინური შუა საუკუნეების წყაროებში". In: ბირერი, ანდრეასი; შტაინი, ელისაბეთი (რედ.), Nova de veteribus. შუა და ახალი ლათინური კვლევები პოლ გერჰარდ შმიდტისადმი. მიუნხენი: ზაუერი, ISBN 3-598-73015-2, გვ. 45–70.
- ენდრიუ გილეტი, "სიყვარული და მწუხარება პოსტიმპერიულ დიპლომატიაში: ბრუნჰილდას წერილები," In: ბარბარა სიდუელი და დანიელ ძინო (რედ.), Studies in Emotions and Power in the Late Roman World: papers in honour of Ron Newbold (პისკატავეი (NJ), 2010), გვ. 141–180 (Gorgias Précis Portfolios, 8).
გარე ბმულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- პიროვნებები გაურკვეველი დაბადების თარიღით
- გარდაცვლილი 613
- არიანობიდან კათოლიკობაში მოქცეულნი
- მეროვინგთა დინასტია
- დასჯილი სამეფო პირები
- VII საუკუნის ქალი რეგენტები
- ფრანკთა პრინცესები
- ფრანკთა დედოფლები
- VI საუკუნის ქალი რეგენტები
- VI საუკუნის ფრანკი არისტოკრატია
- VII საუკუნის ფრანკი არისტოკრატია
- VI საუკუნის ფრანკი ქალები
- VII საუკუნის ფრანკი ქალები
- ფრანგი დედოფალი დედები
- VI საუკუნის რეგენტები
- VII საუკუნის რეგენტები
- დაბადებული 543
- VI საუკუნის ვესტგუთები
- ვესტგუთი პრინცესები