შინაარსზე გადასვლა

ბრიტანეთის ბიბლიოთეკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრიტანეთის ბიბლიოთეკა

ბრიტანეთის ბიბლიოთეკა (ინგლ. British Library) — გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ბიბლიოთეკა[1] და მსოფლიოს უდიდესი ეროვნული ბიბლიოთეკა კატალოგიზირებული ერთეულების რაოდენობის მიხედვით. სხვადასხვა მონაცემებით, მასში დაცულია მრავალი ქვეყნის 170-დან 200 მილიონამდე ნივთი.[2][3][4][5]

როგორც სავალდებულო დეპონირების ბიბლიოთეკა, ბრიტანეთის ბიბლიოთეკა იღებს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ტერიტორიაზე გამოცემული ყველა წიგნის ასლს (დღეში დაახლოებით 8 ათასს), მათ შორის იმ უცხოური გამოცემების მნიშვნელოვან ნაწილს, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში ვრცელდება. ბიბლიოთეკა წარმოადგენს არასაუწყებო საჯარო ორგანოს, რომელსაც აფინანსებს კულტურის, მედიისა და სპორტის დეპარტამენტი.

ბრიტანეთის ბიბლიოთეკა წარმოადგენს უმსხვილეს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, რომელიც ფლობს მრავალენოვან მასალებს[6] როგორც ბეჭდური, ისე ციფრული ფორმატით: წიგნებს, ხელნაწერებს, ჟურნალ-გაზეთებს, ხმოვან და მუსიკალურ ჩანაწერებს, ვიდეომასალებს, პიესების სცენარებს, პატენტებს, მონაცემთა ბაზებს, რუკებს, საფოსტო მარკებს, გრავიურებსა და ნახატებს.

ბიბლიოთეკის კოლექცია მოიცავს დაახლოებით 14 მილიონ წიგნს,[7] ასევე ხელნაწერებისა და ისტორიული ექსპონატების მნიშვნელოვან მარაგს, რომელთაგან უძველესი ძვ. წ. 2000 წლით თარიღდება. ბიბლიოთეკის ფონდი ყოველწლიურად დაახლოებით სამი მილიონი ერთეულით იზრდება, რაც, ჯამში, 9,6 კმ სიგრძის ახალ თაროებს საჭიროებს.[8] ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები ერთდროულად 1200-ზე მეტ მკითხველს იტევს.[9]

1973 წლამდე ბიბლიოთეკა ბრიტანეთის მუზეუმის შემადგენლობაში შედიოდა. „1972 წლის კანონმა ბრიტანეთის ბიბლიოთეკის შესახებ“ იგი გამოყო მუზეუმისგან, თუმცა ბიბლიოთეკა მუზეუმის შენობაში 1997 წლამდე დარჩა. მოგვიანებით იგი გადავიდა სპეციალურად აშენებულ შენობაში სენტ-პანკრასის რაიონში (იუსტონისა და სენტ-პანკრასის სადგურებს შორის). ბიბლიოთეკის შემადგენლობაში ასევე შედის დოკუმენტების საცავი და სამკითხველო დარბაზი, რომლებიც მდებარეობს ბოსტონ-სპასთან ახლოს, დასავლეთ იორკშირში.

ბრიტანეთის ბიბლიოთეკამ თანამედროვე სტატუსი და სახელწოდება 1972 წელს მიღებული „ბრიტანეთის ბიბლიოთეკის შესახებ კანონის“ საფუძველზე შეიძინა. აღნიშნული აქტის შესაბამისად, გაერთიანდა შემდეგი დაწესებულებები: ბრიტანეთის მუზეუმის ბიბლიოთეკა, ეროვნული ცენტრალური ბიბლიოთეკა (დაარსებული 1916 წელს), საპატენტო ბიუროს ბიბლიოთეკა, ასევე ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოგრაფიის საბჭო, ეროვნული აბონემენტური ბიბლიოთეკა (ბოსტონ-სპა) და სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ეროვნული ბიურო.[10]

ეროვნული ცენტრალური ბიბლიოთეკისა და ეროვნული აბონემენტური ბიბლიოთეკის გაერთიანებული ფონდების ბაზაზე 1973 წელს შეიქმნა დოკუმენტების მიწოდების ცენტრი.[10]

ბიბლიოთეკის მართვა და სტრუქტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანეთის ბიბლიოთეკა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, აგრეთვე იღებს დამატებით შემოსავლებს ფასიანი მომსახურებიდან, შემოწირულობებიდან და სპონსორებისგან. ბიბლიოთეკის საბჭო (Board) შედგება 8-დან 13 წევრისგან, რომელთაგან ერთს ნიშნავს მონარქი, ხოლო დანარჩენ წევრებს — მინისტრი. მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ამავდროულად არის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.[10]

მართვის ოპტიმიზაციის მიზნით, ბრიტანეთის ბიბლიოთეკამ, ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში, 1985 წლიდან დანერგა გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმარება, რომელიც განსაზღვრავს მისი საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს.[10]

ბრიტანეთის ბიბლიოთეკა შედგება სამი განყოფილებისგან:

  • ბრიტანეთის ბიბლიოთეკის კორპუსი სენტ-პანკრასის სადგურის რაიონში — აქ განთავსებულია ძირითადი წიგნადი ფონდები. შენობის მშენებლობა 1997 წელს დაიწყო და 1999 წელს დასრულდა.
  • გაზეთების ბიბლიოთეკა ლონდონში, კოლინდეილი — ინახავს 50 000 დასახელების გაზეთისა და ჟურნალის კოლექციას მთელი მსოფლიოდან.
  • ბრიტანეთის ბიბლიოთეკა ბოსტონ-სპაში — საბიბლიოთეკო მომსახურების ფილიალი, რომელიც მუშაობს აბონემენტზე და ამუშავებს მკითხველთა შეკვეთებს დიდი ბრიტანეთის სხვა ქალაქებიდან და საზღვარგარეთიდან (წელიწადში 4 მილიონი შეკვეთა).

ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებში დაშვება უფასოა და არ ითვალისწინებს ასაკობრივ შეზღუდვას, თუმცა, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, 18 წლამდე ასაკის მკითხველები, რომლებსაც შეუძლიათ სხვა ბიბლიოთეკების ფონდებით სარგებლობა, სამკითხველო დარბაზებში არ დაიშვებიან. მკითხველები, რომლებიც სამეცნიერო კვლევებს აწარმოებენ, იღებენ სამკითხველო ბარათს, რომელიც მათ ბრიტანეთის ბიბლიოთეკის ფონდებში მუშაობის უფლებას აძლევს.[10]

ბიბლიოთეკის ფონდები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოთეკის საცავებში, საერთო ჯამში, დაცულია 170 მილიონი ერთეული მასალა.[11] 2012 წლის 31 მარტის მონაცემებით, ბიბლიოთეკის კატალოგებში სულ ირიცხებოდა 109,6 მილიონი ჩანაწერი, მათ შორის: 66,3 მლნ პატენტი; 14,3 მლნ წიგნი; 10,4 მლნ გამოცემა მიკრომატარებლებზე; 8,3 მლნ ფილატელისტური მასალა; 4,5 მლნ რუკა; 1,6 მლნ ნოტების გამოცემა; 1,5 მლნ ხმოვანი დისკი; 787 787 სერიული გამოცემა და 357 986 ხელნაწერი.[12]

ბრიტანეთის ბიბლიოთეკის ინკუნაბულების კოლექციაში დაცულია დღეისათვის ცნობილი XV საუკუნის ყველა გამოცემის დაახლოებით მეოთხედი.[13][10]

ბიბლიოთეკაში დაცულია შემდეგი მნიშვნელოვანი ექსპონატები:[14]

ბრიტანეთის მუზეუმის ცნობილი სამკითხველო დარბაზი (ბიბლიოთეკა მას 1997 წლამდე იყენებდა)
  • Библиотечная энциклопедия / Российская гос. б-ка; редкол.: гл. ред. Ю. А. Гриханов, науч. ред.-сост.: Е. И. Ратникова, Л. Н. Уланова и др.. — Москва: Пашков дом, 2007.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. «Using the British Library» დაარქივებული 2015-08-28 საიტზე Wayback Machine. . British Library. Retrieved on 17 April 2014.
  2. Wight, Colin. Facts and figures. ციტირების თარიღი: 2017-09-03
  3. BL Accounts 2019. ციტირების თარიღი: 2019-07-22
  4. BL Exhibition Notes. ციტირების თარიღი: 2018-06-11
  5. How Big is the UK Web Archive?. ციტირების თარიღი: 2018-06-11
  6. Using the British Library. British Library. ციტირების თარიღი: 2014-09-11
  7. The British Library; Explore the world's knowledge. British Library. ციტირების თარიღი: 2010-04-12
  8. The British Library Annual Report and Accounts 2010/11, p.31 დაარქივებული 2016-12-24 საიტზე Wayback Machine.
  9. Wight, Colin. Facts and figures en. ციტირების თარიღი: 2018-04-01
  10. 1 2 3 4 5 6 Библиотечная энциклопедия, Москва: Пашков дом, 2007.  გვ. 239.
  11. Веб-сайт Британской библиотеки. ციტირების თარიღი: 2010-07-14
  12. The British Library Annual Accounts 2011/12 (2012). ციტირების თარიღი: 2016-04-29
  13. Incunabula Collections. ციტირების თარიღი: 2016-05-01
  14. Highlights tour. British Library (2003-11-30). ციტირების თარიღი: 2011-02-06