შინაარსზე გადასვლა

ბრაუზერული თამაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბრაუზერული თამაში (ინგლ. Browser game) — ვიდეო თამაში, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით, ვებ ბრაუზერის გამოყენებით თამაშობენ. როგორც წესი, ბრაუზერული თამაში არ საჭიროებს სპეციალური აპარატურის ან პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციას.[1] მათ ზოგჯერ ფორმატის მიხედვით მოიხსენიებენ, მაგალითად, როგორც Flash-თამაშები[2] ან HTML5-თამაშები.[3] ასეთი ტიპის თამაშები ძირითადად უფასოა და შეიძლება იყოს როგორც ერთმოთამაშიანი, ისე მრავალმოთამაშიანი.[4] ბრაუზერული თამაში ინსტალაციას არ საჭიროებს; საკმარისია ვებგვერდზე შესვლა, რომ თამაში ბრაუზერში გაეშვას. გარდა ამისა, ზოგიერთი ბრაუზერული თამაში გამოვიდა მობილურ ტელეფონებზე, პერსონალურ კომპიუტერებზე და სათამაშო კონსოლებზე. თუმცა, ბრაუზერულ ვერსია შეიძლება ნაკლებად ფუნქციური იყოს ან უფრო დაბალი ხარისხის გრაფიკა ჰქონდეს სხვა ვერსიებთან შედარებით.

ბრაუზერული თამაშები 1990-იან წლებში გამოჩნდა. თუმცა, 2000-იანი წლები ამ ბრაუზერული თამაშების „ოქროს ხანად“ მიიჩნევა, სწორედ ამ პერიოდში შიექმნა უამრავი თამაში Adobe Flash-ის გამოყენებით. 2000-იან წლებში აგრეთვე დაიწყო სოციალური ქსელების თამაშების აღმავლობა, მაგალითად, როგორიცაა „FarmVille“, რამაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა ინდი-თამაშების განვითარებაზე. საბოლოოდ, 2010-იან წლებში მობილური თამაშების ზრდამ, განაპირობა Flash-ის, როგორც ფორმატის, შესუსტება, თუმცა შემდგომში ახალი მიმდინარეობებო გამოჩნდა, მაგალითად, .io თამაშების სახით.

ბრაუზერული თამაშის ფრონტ-ენდი არის ის, რაც მომხმარებლის ბრაუზერში მუშაობს. ის დანერგილია სტანდარტული ვებ-ტექნოლოგიებით: HTML, CSS, JavaScript და WebAssembly. გარდა ამისა, WebGL და WebGPU საშუალებას იძლევა, შეიქმნას უფრო დახვეწილი გრაფიკა. ბექ-ენდზე მრავალი სერვერული ტექნოლოგიის გამოყენება შეიძლება. ბრაუზერული თამაშების ჰოსტინგისთვის ფუნქციონირებდა მრავალი საიტი, მაგალითად, Newgrounds. Flash თამაშები მუშაობდა Flash Player plug-in-ის გამოყენებით. ჩინეთის საზღვრებს გარეთ მისი ფუნქციონირება შეჩერდა 2020 წლის 31 დეკემბერს. მას შემდეგ ამ თამაშების გასაშვებად საჭირო გახდა არაოფიციალური მეთოდები, მაგალითად, მესამე მხარის პლაგინები.[5][6][7] ათასობით Flash თამაში იქნა შენარჩუნებული Flashpoint Archive-ის მიერ. ემულაციის პლაგინი Ruffle მიზნად ისახავს Flash თამაშების ხელმისაწვდომობას ბრაუზერში.[8]

მას შემდეგ, რაც ინტერნეტი ფართოდ ხელმისაწვდომი გახდა და გამოვიდა პირველი ვებ ბრაუზერები საბაზისო HTML მხარდაჭერით, ადრეული ბრაუზერული თამაშები ტექსტზე დაფუძნებული მრავალმოთამაშიანი სამყაროს (Multi-user dungeon — MUD) ჟანრის თამაშების მსგავსი იყო. მათში ურთიერთქმედებები მინიმუმამდე იყო დაყვანილი და ხორციელდებოდა მარტივი ბრაუზერული მართვის საშუალებებით, თუმცა, შესაძლებელი იყო ონლაინ კომუნიკაცია სხვა მოთამაშეებთან საბაზისო კლიენტ-სერვერული მოდელის წყალობით. ბრაუზერული თამაშების ერთ-ერთი პირველი ცნობილი მაგალითია „Earth 2025“, რომელიც 1995 წელს გამოვიდა. ის მხოლოდ ტექსტს შეიცავდა, მაგრამ მოთამაშეებს აძლევდა სხვა მოთამაშეებთან ურთიერთქმედების და ალიანსების შექმნის საშუალებას.[9]

ბრაუზერული ტექნოლოგია სწრაფად განვითარდა 1990-იანი წლების შუა პერიოდში, ბრაუზერული პლაგინების მხარდაჭერით და JavaScript-ის შემოღებით. ბრაუზერები აღარ იყო შეზღუდული HTML-ის რეგულაციებით.[10] ბრაუზერის სხვა გაფართოებებთან ერთად, ეს ახალი პლაგინები მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა გაეშვათ Java-ს ენაზე შექმნილი აპლეტები და Macromedia Flash-ში შექმნილი ინტერაქტიული ანიმაციები.

1990-იანი წლების ბოლოს გაჩნდა საიტები, რომლებმაც დაიწყეს ამ ბრაუზერული თამაშებისა და სხვა ნამუშევრების შეგროვება, მაგალითად, Sun Microsystems-ის HotJava.[11] 1996 წელს Microsoft-მა შეიძინა ერთი-ერთი ასეთი საიტი, „The Village“ (შემდგომში Internet Gaming Zone), სადაც მომხმარებლებს სთავაზობდა სხვადასხვა სამაგიდო ბრაუზერულ თამაშებს.[12] ClassicGames.com-ზე, რომელიც 1997 წელს შეიქმნა, ხელმისაწვდომი იყო Java-ზე დაფუძნებული კლასიკური მრავალმოთამაშიანი ონლაინ თამაშები, როგორიცაა ჭადრაკი და დამკა. 1998 წელს იგი შეიძინა Yahoo!-მ და მას Yahoo! Games დაარქვა.[12]

Flesh-თამაშების ეპოქა (1999–2010)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წელს ტომ ფულპმა მის საიტზე „Newgrounds“ გამოუშვა თამაში „Pico's School“, რამაც დასაბამი მისცა Flash თამაშების ეპოქას.[13][14][15] „Pico's School“, რომელიც დაფუძნებულია კოლუმბაინის საშუალო სკოლაში მომხდარ ინციდენტზე, მოთამაშეს ავალდებულებს, გაანეიტრალოს შეიარაღებული თავდამსხმელი.[16]

ფართოზოლოვანი კავშირის გავრცელებამ 2000-იანი წლების დასაწყისში გაზარდა ბრაუზერული თამაშების პოპულარობა. გაჩნდა ახალი საიტები, როგორიცაა „Kongregate“ და „Armor Games“, რომლებიც Flash-ზე დაფუძნებულ თამაშებს უშვებდნენ და ასევე, საკუთარ თამაშებსაც სთავაზობდნენ, ხოლო კომპანიებმა PopCap Games და King, საკუთარი პორტალები გახსნეს, სადაც მათ მიერ შემუშავებული თამაშები იყო წარმოდგენილი. სოციალური მედიის ტიპის საიტებმა კიდევ უფრო შეუწყო ხელი ბრაუზერულ თამაშების პოპულარობას. 2004 წელს, Facebook-ის გაშვების შემდეგ, მასზე დაემატა ბრაუზერული თამაშების ფუნქციონალის მხარდაჭერა, რომელიც ინტეგრირებული იყო მის სოციალურ ქსელის ფუნქციებთან, რამაც საფუძველი ჩაუყარა სოციალური ქსელის თამაშებს, განსაკუთრებით Zynga-ის „FarmVille“.[17] ბრაუზერული თამაშების წარმატებამ ზოგიერთ დეველოპერს სერიუოზული ფინანსური ზიანი მიაყენა. Humongous Entertainment-მა განაცხადა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში მათ Flash თამაშების გამო უამრავი მოთამაშე დაკარგეს.[18]

ბრაუზერული თამაშებმა დიდი როლი შეასრულეს ინდი-თამაშების ჩამოყალიბებაში. 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში ვიდეო თამაშების ინდუსტრია გადაერთო ტრიპლ-ეი თამაშების შემუშავებაზე (Triple-A) — მაღალბიუჯეტიანი თამაშები, რომლებსაც მსხვილი კომპანიები ქმნიან. ვინაიდან ასეთი მასშტაბური პროექტები უზარმაზარ ფინანსებთან იყო დაკავშირებული, კომპანიები არ რისკავდნენ თანხები ჩაედოთ ექსპერიმენტულ პროექტებში.[19] ბრაუზერულმა თამაშებმა კი 2000-იანი წლების ადრეულ პერიოდში ასეთი პროექტებისთვის პლატფორმის როლი შეასრულა. არაერთი ადრეული ინდი თამაში სწორედ ბრაუზერულ თამაშებზეა დაფუძნებული, მაგალითად, The Behemoth-ის „Castle Crashers“, რომელიც Newgrounds-ის „Alien Hominid“-ით იყო შთაგონებული, და ედმუნდ მაკმილენის „Super Meat Boy“, რომელიც მის ბრაუზერულ თამაშს „Meat Boy“ ეფუძნებოდა.[20] სხვა ინდი დეველოპერებმაც ბრაუზერული და Flash თამაშებით დაიწყეს მოღვაწეობა, მათ შორისაა Vlambeer, ბენეტ ფოდი და მედი თორსონი.[20]

Flash-თამაშების დაცემა (2010–2015)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Flash თამაშების პიკი იყო 2000-იანი წლების შუა პერიოდში, ხოლო 2010-იანი წლების დასაწყისისთვის ეს ფორმატი დაღმასვლას განიცდიდა. ეს ორი ძირითადი ფაქტორით იყო განპირობებული: მობილური გეიმინგის ზრდა, რასაც ხელი შეუწყო 2007 წელს iPhone-ის გამოშვებამ და Apple-ის 2010 წლის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ამ მოწყობილობებს Flash-ის მხარდაჭერა აღარ ექნებოდათ.[20] App Store და მასში არსებული აპლიკაციისშიდა შესყიდვები შემოსავლების ახალ მოდელად იქცა, რომელმაც უკან მოიტოვა Flash-ის დროინდელი, რეკლამაზე დაფუძნებული მიდგომა. იგივე მიდგომები გამოიყენა Google-მაც თავისი ანდროიდ მაღაზიის Play Store-ის შექმნისას. აღსანიშნავია, რომ კომპანია King-მა მისი ერთ-ერთი ბრაუზერული თამაში, „Candy Crush Saga“, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მობილურ თამაშად აქცია.[21]

სტივ ჯობსის 2010 წლის ღია წერილში Adobe-ს მიმართ ნათქვამი იყო, რომ Apple iPhone-ის პლატფორმაზე Flash-ს მხარს არ დაუჭერდა უსაფრთხოების და სხვა ფაქტორების გამო.[22][23] საბოლოოდ, ზემოთ ჩამოთვლილი რიგი მიზეზების გამო, Flash-მა დროთა განმავლობაში შეწყვიტა არსებობა. Adobe-მ მომდევნო წელს ღია HTML5 სტანდარტზე გადასვლის შესახებ განაცხადა.[24] თუმცა, ზოგიერთი ბრაუზერული თამაში 2010-იანი წლების დასაწყისში სხვა ფორმატებითაც გამოდიოდა, მათ შორის HTML5, WebGL და WebAssembly.[25] 2017 წელს Adobe-მ ამ ფორმატის სრულად შეწყვეტის შესახებ განაცხადა, რაც საბოლოოდ 2021 წელს განხორციელდა.[26] არსებობს რამდენიმე პროექტი, მათ შორის Flashpoint Archive, რომელიც ამ თამაშების შენარჩუნებას ემსახურება.

HTML5 სტანდარტის შემუშავებამ და დანერგვამ ბრაუზერული თამაშების დეველოპერებისთვის თამაშის წესები შეცვალა.[27]

ახალი მახასიათებლების, პირველ რიგში კი Canvas ელემენტის, გამოყენებით ჩატარებულმა პირველმა ექსპერიმენტებმა, „BrowserQuest“ და „Contre Jour“ თამაშების მაგალითზე, ცხადყო, რომ HTML5-ის შესაძლებლობები საკმარისია იმისთვის, რომ მოთამაშეებს საუკეთესო სათამაშო გამოცდილება შესთავაზოს.[27]

2008 წელს HTML5-ის სტანდარტად დანერგვის შემდეგ, მასზე დაფუძნებული თამაშები ორიენტირებული იყო დინამიური სცენების გამოსახვის ახალ ტექნოლოგიებზე, რომელიც დაიწყო Canvas ელემენტით, რომელიც JavaScript-თან ერთად დინამიურ სცენებს გამოსახავდა და HTML5-ის თავდაპირველი სპეციფიკაციის ნაწილი იყო,[27] და გაგრძელდა WebGL (2011) და WebGPU (2021) ტექნოლოგიებით, რომლებმაც შესამჩნევად გაზარდეს დეველოპერების შესაძლებლობები.[28]

Agar.io, 2015 წლის 27 აპრილს 4chan-ზე, 19 წლის ბრაზილიელმა დეველოპერმა მათეუს ვალადარესმა დააანონსა.[29] მოთამაშეები თამაშში აკონტროლებენ ერთ ან რამდენიმე მრგვალ უჯრედს, მრავალი მოთამაშისგან შემდგარ დიდი ზომის რუკაზე, რომელიც პეტრის ფინჯანს განასახიერებს.

თამაში ვირუსულად გავრცელდა უფასო ონლაინ თამაშების საიტზე Miniclip, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალი .io თამაშების ტალღას დაახლოებით 2016 წლიდან. ეს არის მასშტაბური, არენაზე დაფუძნებული ბრაუზერული თამაშების ახალი ჟანრი, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელია მათი .io დომენის მისამართის მეშვეობით.[30][31][32][33]

Flash-ემულატორები (2021–დღემდე)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Flash-ის გაუქმების შემდეგ, ემულატორები გახდა Flash-ის პოპულარული შემცვლელი, რომელიც მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, კვლავ მიიღონ წვდომა ძველ Flash თამაშებზე.[34]

Ruffle, როგორც ემულაციური პლაგინი, 2021 წლის იანვარში გამოვიდა, რათა Flash-ის გათიშვის შემდეგ მასზე წვდომა შესაძლებელი ყოფილიყო. Ruffle-ს გარდა, სხვა ემულატორებიც, როგორებიცაა Supernova და Flashpoint Archive, ფართოდ გამოიყენება Flash თამაშებზე წვდომისთვის.[35]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. D Schultheiss: Long-term motivations to play MMOGs: A longitudinal study on motivations, experience and behavior, page 344. DiGRA, 2007.
  2. Pot, Justin. „How to Play All of Those Old Flash Games You Remember“. Wired (ინგლისური). ISSN 1059-1028. ციტირების თარიღი: 2025-05-06.
  3. Gartenberg, Chaim. (2020-02-14) GameSnacks are Google's new HTML5 games designed for bad internet connections en-US. ციტირების თარიღი: 2025-05-06
  4. Takahashi, Dean. (2011-11-15) Korean game startup Pangalore targets HTML5 games en-US. ციტირების თარიღი: 2025-05-06
  5. Google Chrome 88 released: RIP Flash Player and FTP support en-us. ციტირების თარიღი: 2025-05-06
  6. End of support for Adobe Flash | Firefox Help en-US. ციტირების თარიღი: 2025-05-06
  7. Tyagi, Anubhav. (2021-11-11) 15 Best Adobe Flash Player Alternatives/Replacement In 2024 en-US. ციტირების თარიღი: 2024-04-27
  8. McAloon, Alissa. (August 26, 2019) Emulator aims to keep Flash games alive and kicking after official support ends en. ციტირების თარიღი: 2025-05-06
  9. Berzon, Alexandra (2011-01-14). „Jared Lee Loughner's Secret Online Life on Earth Empires“. Wall Street Journal (ინგლისური). ISSN 0099-9660. ციტირების თარიღი: 2025-05-06.
  10. Vanhatupa, Juha-Matti (2010). „Browser games for online communities“. International Journal of Wireless & Mobile Networks. 2 (3): 39–47. doi:10.5121/ijwmn.2010.2303.
  11. Maiberg, Emanuel; Smith, Ernie. Yahoo! Games' Demise Shows What the Death of Flash Could Feel Like en-US (2017-08-10). ციტირების თარიღი: 2019-07-10
  12. 1 2 Glaser, Mark. (1997-10-09) Come Into the Online Parlor, Relax With Board Games Like Checkers, Chess en-US. ციტირების თარიღი: 2025-05-06
  13. Moss, Richard C. (7 July 2020). „The rise and fall of Adobe Flash“. Ars Technica (ინგლისური). ციტირების თარიღი: 7 August 2021.
  14. Salter, Anastasia (2014) Flash : building the interactive web. Cambridge, Massachusetts, გვ. 74–75. ISBN 9780262028028. 
  15. Williams, Andrew (2017) History of digital games : developments in art, design and interaction. Boca Raton, FL. ISBN 9781138885530. 
  16. Salter, Anastasia; Murray, John. How Flash Games Shaped the Internet en (2014-11-29). ციტირების თარიღი: 2025-05-06
  17. Good, Owen S.. (2017-07-08) The rise and fall of Flash gaming, explained. ციტირების თარიღი: 2019-07-10
  18. Clark, Nicole; Walker, Austin; Zacny, Rob. From 'Putt Putt' to 'Freddi Fish'—How Humongous Entertainment Made Edutainment Fun en-US (2019-05-09). ციტირების თარიღი: 2019-07-11
  19. Cobbett, Richard (September 22, 2017). „From shareware superstars to the Steam gold rush: How indie conquered the PC“. PC Gamer. ციტირების თარიღი: September 25, 2017.
  20. 1 2 3 Reeves, Ben (December 22, 2018). „How Flash Games Changed Video Game History“. Game Informer. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 26, 2018. ციტირების თარიღი: March 31, 2021.
  21. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Takihashi, Dean. (August 18, 2014) Lessons from a game guru: Candy Crush Saga creator once survived six months without pay. Venture Beat. ციტირების თარიღი: October 20, 2016
  22. Bangeman, Eric. (2010-04-30) Pot, meet kettle: a response to Steve Jobs' letter on Flash en. ციტირების თარიღი: 2025-05-06
  23. Gross, Doug. (2011-11-09) Did Steve Jobs kill Adobe Flash? en. ციტირების თარიღი: 2025-05-06
  24. Gross, Doug. (November 9, 2011) Did Steve Jobs kill Adobe Flash?. CNN. ციტირების თარიღი: February 4, 2021
  25. Koebler, Jason. (2017-07-26) Flash Will Never Die en-US. ციტირების თარიღი: 2019-07-10
  26. Flash & The Future of Interactive Content. Adobe Inc. (July 25, 2017). ციტირების თარიღი: July 1, 2019
  27. 1 2 3 HTML5games. A Journey Through the History of HTML5 Games ja. ციტირების თარიღი: 2025-08-08
  28. Cocos Shares The Future In HTML5 Game Development en-US. ციტირების თარიღი: 2025-08-08
  29. The story of Agar.io en (2018-11-19). ციტირების თარიღი: 2025-05-06
  30. Castello, Jay (2018-02-22). „The rise and rise of .io games“. Rock, Paper, Shotgun (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2025-05-06.
  31. A brief history of "IO" games en (2018-11-14). ციტირების თარიღი: 2025-05-06
  32. Burgess, Matt. „How addictive simplicity made Agar.io a global hit“. Wired (ინგლისური). ISSN 1059-1028. ციტირების თარიღი: 2025-05-06.
  33. Lindsey, Cameron (March 2019). „Agar.io: The Game's in the Name“. Games and Culture. 14 (2): 154–169. doi:10.1177/1555412018821483. S2CID 150281404. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 May 2023. ციტირების თარიღი: 5 May 2023.
  34. Khullar, Kunal. (February 9, 2021) Ruffle emulator gives new life to your archived Flash Player games. ციტირების თარიღი: July 2, 2025
  35. Emiley. (January 10, 2024) Top 3 Best Adobe Flash Player Replacements. ციტირების თარიღი: July 2, 2025