ბრაზილიური სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრაზილიური ვატაპა

ბრაზილიური სამზარეულო (პორტ. Culinária do Brasil) — ტრადიციული ბრაზილიური კერძების ერთობლიობა, რომელიც ჩამოყალიბდა ბრაზილიის ტერიტორიაზე ევროპელი ემიგრანტებისა (პორტუგალიელები, ესპანელები, იტალიელები, გერმანელები, პოლონელები და შვეიცარიელები) და ადგილობრივების გასტრონომიების შერწყმით. ყველაზე გამოყენებადი ინგრედიენტებია: გუავა, პაპაია, ანანასი, ფორთოხალი, მანგო, პალმის ზეთი, კაპუაჩუ, პომიდორი და ზღვის პროდუქტები. ბრაზილიის ეროვნული სასმელია ყავა, თუმცა ასევე პოპულარულია ბრაზილიური ლიქიორი, კოქტეილი კაიპირინა და კაჩაკა. ბრაზილიური კერძებიდან აღსანიშნავია ვატაპა, მოკიკა, პოლენტა, ფეიჟუადა და აკარაჟე.

რეგიონალური სამზარეულოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთულ-აღმოსავლური კერძები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოკიკა ესპირიტუ-სანტუს რეგიონიდან

რიო-დე-ჟანეიროში, სან-პაულუში, ესპირიტუ-სანტუსა და მინას-ჟერაისში ფეიჟუადა განსაკუთრებით პოპულარულია ოთხშაბათისა და შაბათის ლანჩისას. ასევე ამ რეგიონში გავრცელებული კერძია პიკადინუ (სიტყვასიტყვით ნიშნავს „დაჭრილ ხორცს“).

საკუთრივ რიო-დე-ჟანეიროში ფეიჟუადას გარდა პოპულარულია ბატატასი, რომელიც მზადდება გრილზე შემწვარი საქონლის ხორცის ფირფიტის, ბრინჯის, ლობიოს, ფაროფას, შემწვარი ნივრისა და შემწვარი კარტოფილისაგან. ზაფხულში ასევე პოპულარულია ზღვის პროდუქტების კერძები, სხვა დროს კი ყველაზე მაღალი მოთხოვნა ქათმის კერძებზეა. აღსანიშნავია, რომ ქათმისა და თევზისაგან მომზადებული კერძების უმეტესობა ბრაზილიელებმა პირდაპირ პორტუგალიური სამზარეულოდან მიიღეს მემკვიდრეობით და მათ რეცეპტების შეუცვლელად ამზადებენ.

ბრაზილიური პასტელები

სან-პაულუში ყველაზე გავრცელებული კერძია ვირადუ-ა-პაულისტა, რომელიც მზადდება ბრინჯით, შემწვარი კალეთი, შემწვარი მცენარეებით, ბანანითა და ღორის ხორცით. სან-პაულუ ასევე ცნობილია პასტელებით, რომელიც წარმოადგენს თხელ, ზეთში შემწვარ ცომში გახვეულ ბოსტნეულს. ეს კერძი იაპონელმა ემიგრანტებმა გამოიგონეს, რომელთაც თავის სარჩენად დახლებზე საჭმელების გაყიდვა უწევდათ და საჭირო იყო, რომ რაიმე იაფიანი, სწაფად მოსამზადებელი და გემრიელი გაეყიდათ.

მინას-ჟეირაისის რეგიონალური კერძები ძირითადად სიმინდის, ღორის ხორცის, ლობიოსა და ქათმისაგან მზადდება. ასევე პოპულარულია ადგილობრივი, რბილი, შებრაწული ყველი. რაც შეეხება ესპირიტუ-სანტუს, აქ იტალიური და გერმანული წარმომავლობის კერძებია დომინანტი. მათ საკვებში ხშირად შეხვდებით ქონდარსა და დარიჩინს, ყველაზე პოპულარული საჭმელი კი მოკეკა-კაპიქსაბაა, რომელიც არის პომიდორთან მომზადებული ქათმის ან თევზის ცხელი კერძი. აქ ასევე დიდი გავლენა აქვს ამერიკულ სამზარეულოს. რეგიონში დიდი პოპულარობით სარგებლობს ზღვის პროდუქტებისაგან მომზადებული საკვები, თუმცა ამერიკული გასტრონომიისაგან განსხვავებით, ამ ესპირიტუ-სანტუში ზღვის პროდუქტებს ზეითუნის ზეთთან ერთად ამზადებენ.

ჩრდილოური კერძები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ რეგიონის გასტრონომია აერთიანებს აკრის, ამაზონასის, ამაპას, პარას, რონდონიის, რორაიმასა და ტოკანტინსის შტატების სამზარეულოებს. აქ განსაკუთრებულად დომინანტია ადგილობრივი, ინდიელების სამზარეულო.

პარას შტატის ყველაზე პოპულარული კერძია პატო-ნო-ტუკუპი (იხვი ტუკუპში). როგორც წესი ბრაზილიელები მას დიდი კათოლიკური დღესასწაულების დროს ამზადებენ ხოლმე.

ცენტრალურ-დასავლური კერძები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც წესი, ცენტრალურ-დასავლურ ბრაზილიურ გასტრონომიაში მოიაზრება მხოლოდ გოიასის შტატის სამზარეულო, რომლის ყველაზე გავრცელებული კერძია პეკით მომზადებული ფლავი. აქ ასევე პოპულარულია პასტელები და ადგილობრივი კერძი, სახელად გალინჰადა, რომელიც მზადდება ქათმის ხორცისა და ბრინჯისაგან.

ბობუ-დე-კარამაუ

ჩრდილოურ-აღმოსავლური კერძები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოაღმოსავლურ ბრაზილიულ სამზარეულოზე დიდი გავლენა აქვს როგორც ადგილობრივი ინდიელების, ასევე აფრიკიდან წამოსული ემიგრანტების გასტრონომიებს. ამ რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძია ვატაპა, რომელიც მზადდება პურის, კრევეტების, ქოქოსის რძის, პალმის ზეთის, ნაღებისა და არაქისისაგან. ასევე კრევეტებისაგან მზადდება ადგილობრივთა ერთ-ერთი ფავორიტი საჭმელი, სახელად ბობუ-დე-კამარაუ.

ამ რეგიონისათვის დამახასიათებელია ადგილობრივი, ბრაზილიური ბოსტნეულისაგან დამზადებული ტრადიციული კერძები, რომელთაც ინდიელები პორტუგალიელების ჩასვლამდე ამზადებდნენ. ერთ-ერთი ასეთი კერძია ბაიაუ-დე-დოისი, რომელიც მზადდება ბრინჯით, ლობიოთი, გამომშრალი ხორცითა და სხვა ინგრედიენტებით.

ადგილობრივების საყვარელ საუზმეს წარმოადგენს ტაპიოკას ბრტყელი პურები ან ბლინები, რომელთაც ქოქოსის, ყველის, კარაქის, ან ხორცის თანხლებით მიირთმევენ.

სამხრეთული კერძები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ ბრაზილიის გასტრონომიაში აშკარად იგრძნობა გერმანული სამზარეულოს ძლიერი გავლენა, რაც ამ რეგიონში მცოხვრები გერმანელი იმიგრანტების დიდი რაოდენობით აიხსნება. ამის გამო, სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით სამხრეთში ხორციანი კერძებია პოპულარული.

ამ რეგიონში მზადდება მრავალი სახის სოსისი და მაკარონი, თუმცა ყველაზე პოპულარულია ჩურასკო, იგივე მწვადი (ძალიან ჰგავს არგენტინულ და ურუგვაულ ასადოს). როგორც წესი ჩურასკო არის სპეციალურად დამუშავებული და გრილზე შემწვარი ხორცი, რომელიც აცმულია ხის ან ლითონის შამფურებზე.

დესერტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილიური სამზარეულო მდიდარია დესერტებით. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ცნობილი ადგილორივი ტკბილეულია ბოლუ-დე-როლუ (ითარგმნება როგორც რულეტი). აგრეთვე ცნობილია: ბრიჟადეირო (შოკოლადის ბურთები), კოკადა (ქოქოსის ტკბილეული), ბეიჟინოსი (ქოქოსის ტრუფელები) და რომეუ-ი-ჟულიეტა (ტკბილი ყველი გუავათი).

აგრეთვე ცნობილი დესერტია პაკოკა (არაქისის, შაქრისა და მარილის კანფეტი). ასევე აღსანიშნავია პე-დე-მოლეკი (თაფლიანი მიწისთხილის ტკბილეული) და რაპადურა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Castella, K. (2012). A World of Cake. Storey Publishing, LLC. ISBN 978-1-60342-446-2.
  • Freyre, Gilberto. Açúcar. Uma Sociologia do Doce, com Receitas de Bolos e Doces do Nordeste do Brasil. São Paulo, Companhia das Letras, 1997.
  • "Way of Life". Encarta. MSN. Archived from the original on 2009-10-29. Retrieved 2008-06-08.
  • Burns, E. Bradford (1993). A History of Brazil. New York: Columbia University Press. p. 38. ISBN 0231079559.
  • Brittin, Helen (2011). The Food and Culture Around the World Handbook. Boston: Prentice Hall. pp. 20–21.