ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბოჭორმა.
წმინდა გიორგის ბოჭორმის ეკლესია
ბოჭორმის ეკლესია (აფეთქებამდე) 1920-იან წლებში

ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესიაწმინდა გიორგის სახელობის ეკლესია თიანეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირას, მაღალ მთაზე მდებარე ბოჭორმის ციხის შიდა ეზოში. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ეკლესია თარიღდება X საუკუნით. იგი გეგმით ექვსაფსიდიანი, ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა. ნაგებია შირიმითა და მომწვანო ფერის ქვიშაქვით. კედლები შიგნით მოპირკეთებულია შირიმის სწორკუთხა, სწორხაზოვან რიგებად დაწყობილი ფილებით. კედლების ქვედა ნაწილები (იატაკიდან დაახლოებით 0,8 მ სიმაღლეზე) ქვიშაქვითაა ნაწყობი. შენობის გარე მოპირკეთებისათვის თავდაპირველად გამოყენებული ყოფილა მომწვანო ფერის ქვიშაქვების ფილები; მოგვიანებით განახლებული და შეკეთებული ნაწილები შირიმისა და აგურისაა. ეკლესიაში შექმნილია გუმბათით დასრულებული ცენტრალური სივრცე. ამ ცენტრიდან სხივისებურად იშლება აფსიდით დასრულებული ექვსი მკლავი. თითეული აფსიდის წინ ბემაა. მათგან ხუთი მკლავის ბემა თანაბარი სიღრმისაა, საკურთხევლის აფსიდის წინ მდებარე ბემა კი გაცილებით ღრმაა, რის გამოც საკურთხევლის აფსიდი შენობის კორპუსიდან ნაწილობრივ წინაა წამოწეული და გარედან სამწახნაგოვანი შვერილით იფარგლება. თითეული მკლავის სივრცე გუმბათქვეშა სივრცისგან გამიჯნულია ორი მარტივი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით. საბჯენი თაღის ქუსლებთან გამოყოფილია მარტივი პროფილის (თარო და დახრილი სიბრტყე) იმპოსტები. მსგავსი პროფილის იმპოსტებზეა დაყრდნობილი თითეული აფსიდის თაღიც. მკლავების შეერთების ადგილას ნახევარსვეტებია. გუმბათქვეშა თაღებს შორის არსებული მონაკვეთები შევსებულია ბრტყელი აფსიდით, რომელიც ტრომპების მსგავსად, ბრტყელი თაღითაა დასრულებული. ამრიგად, მკლავების ექვსი თაღი და ექვსი დამატებითი პატარა თაღი ქმნიან გუმბათის წრიულ საფუძველს. შესასვლელები მოწყობილია სამხრეთ–დასავლეთის და ჩრდილო–დასავლეთის აფსიდებში. ორივე შესასვლელი შიგნიდან დასრულებულია თაღით, ხოლო გარედან – მოზრდილი ტიმპანით. ჩრდილო–დასავლეთის კარი ამოშენებულია. საკურთხევლის აფსიდში, სამხრეთ–აღმოსავლეთით, ჩრდილო–აღმოსავლეთით და დასავლეთ აფსიდებში თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლები შედარებით მაღლაა, ისე რომ მათი გადამხურავი თაღის ნაწილი შეჭრილია კონქის არეში. საკურთხეველი ეკლესიის იატაკზე 0,8 მ–ით მაღალია. საკურთხევლის ცენტრში დგას მაღალი ტრაპეზი. საკურთხევლის ბემის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო მცირე ზომის ნიშია. ჩრდილო ნიშის გვერდით მოგვიანებით მოუწყვიათ ვიწრო გასასვლელი, რომელიც ჩრდილო–აღმოსავლეთის მკლავში გადის. ეს მკლავი ამის შემდეგ, როგორც ჩანს, სამკვეთლოდ გამოიყენებოდა. საკურთხეველი ტაძრის დანარჩენი სივრცისგან გამოიყოფა აგურით ნაწყობი, XVIII საუკუნის კანკელით.

ეკლესია მთლიანად არის მოხატული. დაზიანების მიუხედავად, თითქმის ყველა კომპოზიცია გაირჩევა და დეკორის საერთო პროგრამის აღდგენა მაინც შესაძლებელია. მხატვრობა სამ რეგისტრად იყოფა. თითეული აფსიდის კონქში წარმოდგენილია თითო სცენა, დანარჩენ რეგისტრებში – ორ–ორი.

საკურთხევლის აფსიდის კონქში გამოსახულია ქრისტეს დიდების კომპოზიცია, II და III რეგისტრებში კი – ეკლესიის 12 მამაა. ბემის კამარაში განლაგებულია წინასწარმეტყველთა ფიგურები, ხოლო ბემის კედლების ზედა რეგისტრებში, ჩრდილოეთით – ფერისცვალება, სამხრეთით – ლაზარეს აღდგინება. სადღესასწაულო ციკლის სცენები გამოსახულია ჩრდილო–აღმოსავლეთის და სამხრეთ–აღმოსავლეთის აფსიდებშიც. კერძოდ, ჩრდილო–აღმოსავლეთის აფსიდის კონქში, III რეგისტრში გამოსახულია ქრისტეს ნახევარფიგურისკენ ვედრებით მიმართული ისტორიული პირის გამოსახულება (სავარაუდოდ დავით აღმაშენებელი). ჩრდილო–დასავლეთის აფსიდი ეთმობა ქრისტეს სასწაულთა ამსახველ სცენებს, ხოლო დასავლეთის აფსიდში წმინდა გიორგის სცენებია გამოსახული, სამხრეთ–დასავლეთის აფსიდში – განკითხვის დღის ვრცელი კომპოზიცია – ძველი დღეთაი.

ეკლესიის სამხრეთ–დასავლეთის და ჩრდილო–დსავლეთის მკლავებს, გარედან, გემით სწორკუთხა კარიბჭეები ეკვროდა. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ–დსავლეთის კარიბჭე (4,6X4 მ). იგი ნაწყობია მომწვანო ფერის ქვიშაქვის სუფთად გათლილი კვადრებით. კარიბჭე სამხრეთითაა და დასავლეთით, თითქმის მთელ სიგანეზე, თითო ფართო თაღოვანი მალითაა გახსნილი (მოგვიანებით დასავლეთი მალი ამოაშენეს). აღმოსავლეთი კედლის შუაში მოწყობილია პატარა, გეგმით ნახევარწრიული თაღოვანი ნიში. თავდაპირველად კარიბჭე შიგნიდან ჯვრული კამარით ყოფილა გადახურული. ამჟამინდელი რიყის ქვით ნაწყობი კამარა კარიბჭის რემონტსა და მასზე XVII საუკუნეში სამრეკლოს დაშენების თანადროულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ. 2. თბ. 2004 წ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]