ბოჭონას გამოქვაბული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოჭონას გამოქვაბული — არქიტექტურული ძეგლი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედში, აგებულია ძველი წელთაღრიცხვით XI ათასწლეულში.

სოფელ ქვედის ბოჭონის კირქვიან მასივში მეზოლითის ხანის ადამიანის სადგომია მიკვლეული. გამოქვაბული მდებარეობს მდინარე ჯეჯორას მარცხენა შენაკადის მდინარე ქვედრულას მარცხენა ნაპირზე, ბოჭონის მთის ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ მიქცეულ დაახლოებით 30-40 მეტრის სისქის კირქვის კარსტრულ ზონაში. ზღვის დონიდან 1500მეტრის სიმაღლეზე. შესასვლელის სიგანე 8 მეტრს აღემატება, სიმაღლე 8,5 მეტრია. ბოჭონის გამოქვაბული 1959 წელს აღმოაჩინა კავკასიონის სამხრეთ კალთების შემსწავლელმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ალ. კალანდაძის ხელმძღვანელობით. 1974 წელს განახლდა არქეოლოგიური ექსპედიცია ლ.წერეთლის ხელმძღვანელობით. გაითხარა დაახლოებით 35 კვადრატული მეტრის ფართობი. არქეოლოგიური გათხრებისა და კვლევის შედეგად მღვიმეში სხვადასხვა პერიოდში ადამიანის ცხოვრების კვალი დაფიქსირდა. ყველაზე ადრეული გამოვლენილი ფენა მეზოლითია, ხოლო ყველაზე გვიანი ადრე შუა საუკუნეები. მეზოლითს მეოთხე კულტურული ფენა განეკუთვნება. ესაა მოყვითალო ფერის ღორღნარევი თიხნარი. მისი სიმძლავრე 45-55 სანტიმეტრს უდრის. გათხრებისას დაფიქსრდა 50-მდე კაჟის არტეფაქტი. მიუხედავად სიმცირისა, მისი ტიპოლოგიური შემადგენლობა საკმაოდ კარგად მეტყველებს ძეგლის ასაკზე და ხასიათზე.

აქ მოპოვებულია თხელწიბოიანი გვერდრეტუშიანი და თავირიბრეტუშირებული მიკროლამელები, მეზოლითური ეპოქისათვის დამახასიათებელი თავსწორრეტუშიანი მიკროსაფხეკები, სამკუთხა მოყვანილობის მცირე ზომის თხელ ლამელისებურ ანატკეცებზე დამზადებული საჭრისები, რიყის ქვისგან ატკეცილი ლამელები და ა.შ. აღნიშნული მასალის მიხედვით ბოჭონის გამოქვაბული ადრე მეზოლითური პერიოდით თარიღდება. ის როგორც ჩანს დროებითი სადგომი იყო, ამაზე მეტყველებს მცირერიცხოვანი ფაუნის ნაშთებიც, მათ შორის დაფიქსირდა თხა, მგელი, შველი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 37139