ბოჭისგორის საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოჭისგორის საყდარი — არქიტექტურული ძეგლი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის სამხრეთ-დასავლეთით 1,5-2 კმ-ზე, ბოჭისგორად წოდებულ მცირე გორაკზე. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია, გეგმით თითქმის კვადრატული (5,5x4 მ). ნაგებია მოზრდილი, სრულიად დაუმუშავებელი, ნატეხი ქვით (ზოგი ქვის სიგრძე 1,5 მ-ია), რომელთა შორის დარჩენილი არეები ამოვსებულია წვრილი, ნატეხი ქვებითა და ბათქაშით. კედლების ზედა ნაწილი, აქა-იქ, ტლანქად დამუშავებული, შირიმის ქვებიცაა ჩართული. შიგნითა კედლების წყობაში გამოყენებული ქვებიც ასევე შემთხევითი ფორმისაა, ოღონდ ბევრად წვრილი ზომისა. დაზიანებულია: ამჟამად ძეგლი სანახევროდღა დგას. დანგრეულია კედლების ზემოთა ნაწილები, თითქმის მთლიანად სამხრეთ კედელი. კამაროვანი გადახურვიდან მხოლოდ ჩრდილოეთი გვერდის მცირე ნაწილია დარჩენილი. ჩამოშლილია საფასადო წყობის დიდი ნაწილი.

ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, თითქმის კვადრატული მოხაზულობის, მცირე დარბაზს აღმოსავლეთიდან ერთვის საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდა, რომლის ღერძზე გაჭრილია მცირე ზომის სარკმელი. იგი ორივე მხრიდან შირიმითაა გამოყვანილი და გადახურული ერთ, შირიმისავე ქვაში გამოკვეთილი, გაშლილი ფორმის თაღით. მსგავსი, ოღონდ გარედან სწორკუთხა სარკმელი, დასავლეთითაცაა აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, ერთმანეთის სიმეტრიულად, თითო, მცირე, სწორკუთხა ნიშაა მოწყობილი. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით. დარბაზის კამაროვანი გადახურვა შირიმის გათლილი ქვებით ნაწყობ, შეკიდულ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა. ინტერიერი შელესილი და მოხატული იყო. კონქისა და აფსიდის კედლის საზღვარზე ჩანს მოხატულობის გამყოფი ზოლის მცირე მონაკვეთი. აფსიდის კედელზე, სარკმლის მარჯვნივ - ერთი ფიგურის თავისა და შარავანდის ნაწილი. ამჟამად ნახატი მხოლოდ ლაქად აღიქმება.

ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, შელესილობაზე, მოწითალო საღებავით შესრულებული, ორნამენტული დეტალების კვალია. სავარაუდოდ ეს იყო დაახლოებით 30 სანტიმეტრის დიამეტრის წრე, რომელსაც გარედან, ერთმანეთის სიმეტრიულად, ოთხი მარყუჟისებრი ელემენტი ებმოდა. ფასადებს თაროსებრი ლავგარდანი აგვირგვინებდა. შენობა დახურული იყო ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]