ბოცოსძენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოცოსძენი — სამცხის დიდგვაროვან ფეოდალთა სახლი (საგვარეულო), ჯაყელთა განშტოება. მათი სამფლობელო მდებარეობდა ფოცხოვის ხეობაში, საგვარეულო მონასტერი - ალში.

საგვარეულოს ფუძემდებელი იყო XII საუკუნის მიწურულს სამცხის ერისთავთერისთავი და სპასალარი ბოცო ჯაყელი. ბოცოსძენი მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ XII-XIV საუკუნეების სამცხის სოციალურ-ეკონომიკურდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ საგვარეულოს ეკუთვნოდა არაერთი გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე და სარდალი. XII საუკუნის მიწურილს ბოცო ჯაყელმა დაკარგა სამცხის ერისთავთერისთავობა და სპასალარობა თამარ მეფის წინააღმდეგ დიდგვარიანთა აჯანყებაში მონაწილეობის გამო. ამის შემდეგ ერისთავთერისთავობა ჯაყელთა მეორე შტოს — ციხისჯვარელების ხელში გადავიდა, მაგრამ ბოცოსძენი (მემნა, ბოცო, შალვა) შემდეგაც არ ჩამოშორებიან პოლიტიკურ ასპარეზს. ბოცო ჯაყელის ვაჟს ბოცოსძე ბოცოს თამარმა ჩუხჩარხობა უბოძა. XVI საუკუნეში შედგენილი სამცხის ფეოდალთა სიიდან ჩანს, რომ ბოცოსძეთა საგვარეულო იმ დროს აღარ არსებობდა, მათი საფეოდალო კი ოლადასშვილთა ხელში იყო გადასული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]