ბოტსვანის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოტსვანის ტოპოგრაფიული რუკა

ბოტსვანის რესპუბლიკა — სახელმწიფო სამხრეთ აფრიკაში. რომლის ფართობია 600 370 კმ².

სახელმწიფო საზღვრის საერთო სიგრძე შეადგენს 4013 კმ-ს. სასაზღვრო ზოლი ნამიბიასთან 1360 კმ სიგრძისაა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან — 1840 კმ-ის, ხოლო ზიმბაბვესთან — 813 კმ-ის.

ქვეყნის დიდ ნაწილს იკავებს კალაჰარის მშრალი უდაბნო. საშუალო სიმაღლე 800—1000 მეტრია, რომელიც დასავლეთით 1200 მეტრამდე აღწევს. რელიეფი ძირითადად ვაკეა, აღმოსავლეთისკენ კი შედარებით გორაკბორცვული. ქვეყნის დიდი ნაწილი დაფარული ქვიშიანი დიუნებითა და ბარხანებით, რომელთა სიმაღლეც სამხრეთით 4-5 მეტრია და ჩრდილოეთით 30 მეტრსაც აღწევს.

მდინარეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოტსვანის უდიდესი მდინარეა ოკავანგო. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით იგი მდორედ მიედინება და შიდაკონტინენტურ დელტას ქმნის (ფართობი დაახლოებით 16 ათასი კმ²-ა). ოკავანგოს დელტაში რამდენიმე ტბაა, მათ შორის უდიდესია ნგამი.

ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით მდინარე ლიმპოპოს მარცხენა შენაკადები მიედინება, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით _ მდინარე ჩობეს მარჯვენა შენაკადები. ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე არსებობს შრობადი მდინარეები, რომელნიც მხოლოდ წვიმიანი სეზონების შემდეგ ჩნდებიან.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოტსვანის კლიმატი ძირითადად ტროპიკულია, უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთით კი სუბტროპიკული, მკვეთრად გამოხატული კონტინენტური ჰავის მახასიათებლებით. იანვრის საშუალო ტემპერატურა 22-დან 27 °C-მდე მერყეობს, ხოლო ივლისის 14—16 °C-ია; ტემპერატურის დღეღამური ამპლიტუდა აღწევს 22 °C-ს. ქვეყნის ბევრ რაიონში ყველაზე ცხელ თვედ ოქტომბერი ითვლება, ხოლო წვიმიანი სეზონის დასაწყისში, რომელიც უმეტეს რაიონებში ნოემბერ-მარტის პერიოდშია, საშუალო ტემპერატურა 1,5—2 °C-მდე ეცემა. წლიური საშუალო ნალექიანობა 200—700 მმ-ია. ყველაზე მეტი სიმშრალით გამოირჩევა სამხრეთ-დასავლეთი ოლქი (250 მმ-ზე ნაკლები წელიწადში). ყველაზე მეტი ნალექი კი სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში მოდის (500—700 მმ წელიწადში).

ფლორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის დიდი ნაწილი გაუდაბნოებულ სავანებს უჭირავს. ბოტსვანის სამხრეთ-დასავლეთით ქვიაშიანი ნახევარუდაბნოა, სადაც გვხვდება ეკლიანი ბუჩქნარები და ნახევარბუჩქნარები. სამხრეთ აფრიკის საზღვართან ვხვდებით „ცოცხალ ქვებს“, ლითოპსებს. ბოტსვანის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილების სავანებში ხარობს მარცვლოვანი მცენარეები, რომლებსაც ნაწილობრივ ცხოველების გამოსაკვებად და მიწათმოქმედებისთვის იყენებენ. ამ რაიონებში განვითარებულია ეროზია. ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთ რაიონებს იკავებს მეჩხერტყიანი სავანები, სადაც გავრცელებულია აკაცია, ბაობაბი, კომიფორა, პურის ხე და სხვ. ოკავანგოს დელტის ჭაობებში იზრდება ლერწამი, პაპირუსი და სპილოს ბალახი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]