ბოსნია და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოსნია და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმია
Armija Republike Bosne i Hercegovine

არმიის ლოგო
შეიქმნა 15 აპრილი 1992
დაიშალა 14 დეკემბერი 1995
ნაწილები I კორპუსი
II კორპუსი
III კორპუსი
IV კორპუსი
V კორპუსი
VI კორპუსი
VII კორპუსი
28-ე დივიზია
81-ე დივიზია
შავი გედები
შტაბი სარაევო
ხელმძღვანელობა
პრეზიდენტი ალია იზეთბეგოვიჩი
თავდაცვის მინისტრი მუნიბ ბისიჩი
შტაბის უფროსი სეფერ ხალილოვიჩი
რასიმ დელიჩი
ცოცხალი ძალა
აქტიური 120 000 (1995)
ინდუსტრია
უცხოელი მომწოდებლები პაკისტანი
ისტორია ბოსნიის ომი

ბოსნია და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმია (ბოსნ. Armija Republike Bosne i Hercegovine; შემოკლებით ბოსნ. Armija RBiH ან ARBiH) — ბოსნია და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სახელწოდება. იგი ბოსნიის ომის დასაწყისისას დაარსდა და შეიერთა ბოსნიელთა გასამხედროებული ფორმირებები, ასევე ხორვატთა თავდაცვის ძალების ნაწილი, ხოლო ბოსნიის ტერიტორიაზე მოქმედი სერბთა რესპუბლიკის არმია და ხორვატთა თავდაცვის ვეჩე მის წინააღმდეგ იბრძოდნენ. დეიტონის შეთანხმების შემდეგ რესპუბლიკის არმია გარდაიქმნა ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაციის არმიად, ხოლო 2006 წელს სუბიექტების შეიარაღებული ძალები გაუქმდა და ისინი გაერთიანდნენ ბოსნია და ჰერცეგოვინის შეიარაღებულ ძალებში.[1][2]

ფორმირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოსნიის ომის დასაწყისს რესპუბლიკა რეგულარული არმიის გარეშე შეხვდა. მისი შეიარაღებული ძალები ძირითადად ტერიტორიული თავდაცვის ძალების საფუძველზე შექმნილი არარეგულარული ფორმირებებისგან შედგებოდა. ბოსნიის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას იმედი ჰქონდა, რომ ეს ძალები შეძლებდნენ სტატუს ქვოს შენარჩუნებას მანამ, სანამ გაეროს სამშვიდობო ძალები ბოსნიის ტერიტორიაზე განლაგდებოდნენ. ბოსნიის შეიარაღებული ძალების ბირთვს შეადგენდა პატრიოტული ლიგა (ბოსნ. Patriotska liga), რომელიც სანჯაყელმა ოფიცერმა, სეფერ ხალილოვიჩმა დააარსა 1991 წლის 2 მაისს.[3] პატრიოტული ლიგა შეიარაღდა ტერიტორიული თავდაცვის საწყობებში არსებული მსუბუქი იარაღით და შეადგინა არმიის ბირთვი. რესპუბლიკის არმიას შეუერთდნენ ასევე ფედერალური არმიის დეზერტირები, სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფებების წევრები და სხვა. არმია იარაღისა და საჭურვლის დიდ დეფიციტს განიცდიდა, ხოლო მძიმე ტექნიკა თითქმის არ გააჩნდა.[4]
არმიის პირველი რეალურად ბრძოლისუნარიანი დანაყოფი იყო მწვანე ბერეტები (ბოსნ. Zelene beretke). 1991 წლის 10 ივნისს ჩამოყალიბდა ორგანიზაცია ბოსნა, სადაც ძირითადად სხვადასხვა საბრძოლო გამოცდილების მქონე მოხალისეები შევიდნენ. სარაევოს ალყის დაწყებისას ბოსნას შვიდი ლიდერიდან ერთ–ერთმა ემინ შვრაკიჩმა პირველმა შეკრიბა ამ მოხალისეთა 465 კაციანი შენაერთი სერბთა იერიშისგან დასაცავად, რომლებიც მწვანე ბერეტებს ატარებდნენ. სწორედ მათ ადგილობრივ კრიმინალებთან ერთად მოახერხეს სერბთა პირველი იერიშის უკუგდება სარაევოდან. მწვანე ბერეტები მოქმედებდნენ ფრონტის რთულ უბნებზე, მათ შორის იუგოსლავიის სახალხო არმიის წინააღმდეგ.[5] 1992 წლის დასასრულს მწვანე ბერეტების ფორმირებები დაშალეს და რესპუბლიკის არმიის შემადგენლობაში გადაიყვანეს. მწვანე ბერეტების გამოცდილი და პროფესიონალი მებრძოლებიდან ახალი ელიტური დაჯგუფება, არმიის სპეცრაზმი შავი გედები ბოსნ. Crni labudovi ჩამოყალიბდა.[6]

საბრძოლო ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის დასაწყისისთანავე არმია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა მომარაგების მხრივ. ბოსნიის ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებდა იუგოსლავიის სახალხო არმია, რომლის შტაბიც ბელგრადში იყო. მათ ბოსნიაში მყოფ სამხედრო ნაწილებში გადმოიყვანეს ბოსნიელი სერბები, ხოლო როდესაც ბოსნიის დამოუკიდებლობა გამოცხადდა, იუგოსლავიის სახალხო არმიამ დატოვა ბოსნიის ტერიტორია, მაგრამ იქ დარჩნენ ბოსნიელი სერბები, რომლებსაც დარჩათ არმიის საჭურველი და ტექნიკა. ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმია გარსშემორტყმული აღმოჩნდა მცირე ანკლავებში დასავლეთ ბოსნიაში (ბიჰაჩი), აღმოსავლეთ ბოსნიაში (სრებრენიცა, ჟეპა, გორაჟდე) და სარაევოში.

კონფლიქტი ხორვატებთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოსნიის ხორვატები, თუმცა მხარს უჭერდნენ ბოსნიელების დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას, მალე აღმოჩნდნენ სერბების აბსოლუტური რიცხობრივ-ტექნიკური უპირატესობის წინაშე.ამიტომ მათმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა კარაჯორჯევოს შეთანხმების თანახმად ემოქმედათ. უპირველეს ყოვლისა, ხორვატიის მთავრობის ზეწოლის ქვეშ ხორვატთა დემოკრატიული გაერთიანების ლიდერობიდან გადააყენეს სტეპან კლუიჩი და მის ნაცვლად აირჩიეს მათე ბობანი. 1992 წლის 6 მაისს სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი რადოვან კარაჯიჩი და ბობანი ხვდებიან ერთმანეთს გრაცში, სადაც თანხმდებიან გაიყონ ბოსნია და ჰერცეგოვინა. ხორვატულ და სერბულ ნაწილებს შორის რჩებოდა მცირე ბუფერი, რომელსაც "ალიას საფაშო" უწოდეს. შეთანხმების მიხედვით, ბოსნიელების კონცენტრაცია აქ უნდა მომხდარიყო მას შემდეგ, რაც სერბები და ხორვატები თავის ტერიტორიებს გაწმენდდნენ მათგან.[7] შეხვედრაზე ბობანმა განაცხადა: სერბები ჩვენი ძმები არიან ქრისტეში, ხოლო მუსლიმები კი – არაფერი! გარდა იმისა რომ ასწლეულების განმავლობაში აუპატიურებდნენ ჩვენს დედებსა და დებს! კარაჯიჩმა კვერი დაუკრა მას და განაცხადა: ხორვატებსა და სერბებს გასაყოფი არაფერი აქვთ, 1918 წლამდე ჩვენ არასდროს გვქონია კონფლიქტი. როდესაც ჩვენი ტერიტორიების გამიჯვნა მოხდება, ჩვენ აღარასდროს გვექნება კონფლიქტი.[8]
ბოსნიის ხორვატების ნაწილი კვლავ აგრძელებდა თანამშრომლობას ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკასთან და მის არმიასთან, მაგრამ დიდი ნაწილი სეპარატისტებს მიემხრო. ახალგამოცხადებული ბოსნიის ხორვატული სახელმწიფო ორი ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა – ჰერცეგოვინისა და ლაშვის ხეობისგან. მათ შორის კი ბოსნიელთა დასახლებები მდებარეობდა, სეპარატისტებმა ამ ორი ანკლავის ერთმანეთთან დაკავშირების მიზნით სცადეს დაეკავებინათ ლაშვას მთელი ხეობა და გაეწმინდათ ის ბოსნიელებისგან. ბოსნიელები უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – ისინი სრულიად მოწყვეტილი აღმოჩნდნენ სამყაროს და გარემოცული ერთი მხრივ სერბებისა და მეორე მხრივ ხორვატებისგან. ამ დროს თავდაცვითი ოპერაციების ჩატარებაც ძალიან ჭირდა საჭურველის დეფიციტის გამო. პაკისტანის უწყებათაშორისი დაზვერვის სამსახური გაეროს სამშვიდობო ძალების პაკისტანური კონტიგენტის საშუალებით ახერხებდა მიეწოდებინა ჯავშანსაწინაღო იარაღი ბოსნიელებისთვის.[9]
მოგვიანებით, როდესაც ხორვატულმა ხელმძღვანელობამ გააცნობიერა, რომ სერბებთან ალიანსი მეტად მყიფე იყო და ეთნიკური წმენდის კამპანიის გაგრძელება[10][11] მათ დასავლური მხარდაჭერის დაკარგვას უქადდა, რაც პრაქტიკულად მოასწავებდა მათ დამარცხებას სერბებთან ომში, ხელი მოაწერეს ვაშინგტონის შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ბოსნიელებისა და ხორვატების კონფლიქტი დასრულდა.[12]

ოპერაცია ვეფხვი 94[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის დროს, დასავლეთ ბოსნიაში, ბიჰაჩის ალყაში მოქცეულმა მეხუთე კორპუსმა ჩაატარა ერთ–ერთი კარგად დაგეგმილი ოპერაცია სერბებისა და მათი მოკავშირე ფიქრეთ აბდიჩის წინააღმდეგ.
აბდიჩი 1992 წლიდან გამოეყო დემოკრატიული მოქმედების პარტიას, როდესაც მის ნაცვლად იზეთბეგოვიჩმა ვიცე–პრეზიდენტად აიუბ ღანიჩი დანიშნა. იგი წავიდა მშობლიურ ველიკა კლადუშაში, სადაც სერბებისა და ხორვატების დახმარებით შეძლო თავისი ხელისუფლების დამყარება. თავის კონტროლირებად ტერიტორიას დასავლეთ ბოსნიის ავტონომიური პროვინცია უწოდა. ხორვატებსა და სერბებს აწყობდათ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ცენტრალური მმართველობის შესუსტება დასავლეთ ბოსნიაში, ამიტომ ისინი აბდიჩს დაუზავდნენ (1993 წლის 14 სექტემბერს ხორვატები და 22 ოქტომბერს სერბები). დაზავების შემდეგ აგროკომერცს (თავად აბდიჩი იუგოსლავიის დაშლამდე ამ კომპანიის დირექტორი იყო, რომელიც უბრალო აგროკომპანიიდან თანამედროვე საკვებისა და მსუბუქი მრეწველობის კორპორაციად აქცია)თავისუფალი ვაჭრობის ნებას აძლევდნენ როგორც ხორვატები, ასევე სერბები, რის შედეგადაც ამ კომპანიას აბდიჩის მინი–სახელმწიფოსთვის საკმარისი დოვლათის მოტანა შეეძლო.[13]
1994 წლის 2 ივნისს დაიწყო შეტევა ველიკა კლადუშას მიმართულებით, მაგრამ ოპერაცია გარდამავალი წარმატებით მიმდინარეობდა, რადგან აბდიჩი შეუფერხებლად იღებდა იარაღსა და საბრძოლო მასალას სერბებისგან, ხოლო რესპუბლიკის არმია ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაში იყო. აბდიჩის მომხრეებმა მეხუთე კორპუსი ქალაქ პეჩიგრადთან შეაჩერეს.
აბდიჩის ძალების განადგურების გეგმა შეიმუშავეს დუდაკოვიჩმა და ჰამდია აბდიჩმა, მეხუთე კორპუსში შემავალი 502–ე ქვეითი ბრიგადის მეთაურმა. ჰამდია აბდიჩი საიდუმლოდ წარდგა ფიქრეთ აბდიჩთან და უთხრა, რომ იგი იმედგაცრუებული იყო რესპუბლიკის ხელმძღვანელობით, ის და მისი ბრიგადა შიმშილობდნენ, გამარჯვების იმედი კი არ ჩანდა. ჰამდიას თქმით, მასაც სურდა თავისი მოგვარის მსგავსად, კარგად ეცხოვრა. ფიქრეთი ეჭვობდა, მაგრამ დაუჯერა ჰამდიას და გადასცა ფული, რომლითაც მას დუდაკოვიჩის წინააღმდეგ ბიჰაჩში ამბოხება უნდა დაეწყო, ხოლო ამბოხების დაწყებისთანავე თავისი არმიით დახმარებას დაჰპირდა. 7 ივლისს ჰამდო ბიჰაჩში დაბრუნდა და დუდაკოვიჩს ყველაფერი შეატყობინა. დუდაკოვიჩმა ყველა გაეროს წარმომადგენელი და დამკვირვებელი ბაზაზე გამოკეტა, ვითომდა მათივე უსაფრთხოების მიზეზით. მეხუთე კორპუსის მეომრებს კი უბრძანა, ჰაერში სროლა დაეწყოთ და წინასწარ მომზადებული საბურავები დაეწვათ, რაც ამბოხების იმიტაციას შექმნიდა. აბდიჩი და მისი სერბი მხარდამჭერები, რომლებმაც დაინახეს კვამლის ბოლქვები და გაიგეს სროლა, უსმენდნენ გაეროს წარმომადგენლების ხმას, რომლებიც რადიოთი ითხოვდნენ გაყვანას, ასევე გადმოსცემდნენ რომ ესმოდათ ბრძოლების ხმა, მაგრამ გამოკვლევის საშუალება არ ჰქონდათ თუ რა ხდებოდა, დარწმუნდნენ რომ დუდაკოვიჩის წინააღმდეგ მართლაც დაიწყო ამბოხება. ფიქრეთ აბდიჩმა სერბების არტილერიის დახმარებით წამოიწყო კონტრშეტევა, ხოლო სერბებმა სატვირთო მანქანებით გაგზავნეს იარაღი და ტყვია–წამალი "აჯანყებულების" დასახმარებლად, მაგრამ რეალურად სატვირთო მანქანები ტვირთიანად დუდაკოვიჩის ხელში ჩავარდა. სერბი კონტრდაზვერვის ოფიცრები, რომლებიც ტვირთს აცილებდნენ, დახოცეს ან ტყვედ ჩაიგდეს.
10 ივლისს დუდაკოვიჩმა სატელევიზიო გამოსვლაში განმარტა საქმის რეალური ვითარება. სერბებმა დახმარების გარეშე დატოვეს აბდიჩი, რომლის არმიამაც ვერ შეძლო მეხუთე კორპუსის შეკავება და 1994 წლის 21 აგვისტოს მეხუთე კორპუსმა დაიკავა ველიკა კლადუშა.[14][15]

ომის დასასრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხორვატებთან ალიანსისა და იარაღის ემბარგოს მოხსნის შემდეგ ბოსნიურმა არმიამ რამდენიმე შეტევითი ოპერაცია ჩაატარა სერბების წინააღმდეგ, ხოლო მას შემდეგ, რაც სერბთა რესპუბლიკის არმიის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების – გაეროს უსაფრთხო ზონების სტატუსის დარღვევა, სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა, ბოსნიის არასაფრენი სტატუსის დარღვევა და სხვ. – გამო ნატომ, გაეროს ნებართვით, დაიწყო საჰაერო დარტყმები სერბთა რესპუბლიკის წინააღმდეგ, რამაც გაანადგურა მათი სამხედრო შესაძლებლობები – სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, საჭურველის მარაგები და სხვა. ბოსნიელები და ხორვატები ახერხებენ ფრონტის გარღვევას და სერბული პოზიციების დაკავებას. კრაინის რესპუბლიკა მთლიანად განადგურებული იქნა, ხოლო ბოსნიაში სერბთა რესპუბლიკის დედაქალაქიდან, ბანია ლუკადან 12 კმ-ზე შეჩერდნენ ბოსნიური და ხორვატული შენაერთები. ამის შემდეგ საყოველთაო ცეცხლის შეწყვეტას მოეწერა ხელი და დაიწყო მოლაპარაკებები, რომელიც დეიტონის შეთანხმებით დასრულდა.[16]

ორგანიზაცია და სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომამდელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი შტაბი დამატებითი ინფორმაცია
ტერიტორიული თავდაცვა სარაევო ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ტერიტორიული თავდაცვა (ბოსნ. Teritorijalna odbrana Bosne i Hercegovine ან TO BiH) იყო ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის პირველი ოფიციალური სამხედრო ძალა. იგი იუგოსლავიის პერიოდშიც არსებობდა და მსუბუქი, პარტიზანული ბრძოლისთვის საჭირო შეიარაღებაც გააჩნდა.
პატრიოტთა ლიგა სარაევო პატრიოტული ლიგა (ბოსნ. Patriotska liga) იყო ბოსნიელების გაერთიანება, რომელიც 1991 წლის მარტში შეიქმნა.[3]
მწვანე ბერეტები სარაევო მწვანე ბერეტები (ბოსნ. Zelene beretke) იყო პატრიოტთა ლიგის ელიტური ფორმირება, სამხედრო გამოცდილების მქონე პიროვნებებისგან დაკომპლექტებული.

ომის დროს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი შტაბი ინფორმაცია
I კორპუსი სარაევო პირველი კორპუსი სარაევოში ჩამოყალიბდა და იცავდა სარაევოს ალყის დასასრულამდე.
II კორპუსი ტუზლა ეს კორპუსი მოქმედებდა ჩრდილოეთ ბოსნიაში და შეძლო ტუზლის გარშემო ტერიტორიის დაცვა და სერბების უკუგდება.
III კორპუსი ზენიცა ეს კორპუსი სამხრეთ ბოსნიაში მოქმედებდა და მას სერბებთან ერთად მოუწია ხორვატების წინააღმდეგ ბრძოლაც. ნომინალურად მესამე კორპუსს ექვემდებარებოდა უცხოელ მებრძოლთა ქვედანაყოფები, რომლებიც რეალურად დამოუკიდებელი იყვნენ.[17]
IV კორპუსი მოსტარი ეს კორპუსი ჰერცეგოვინაში მოქმედებდა ხორვატთა თავდაცვის ძალებთან ერთად. ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს წინააღმდეგ მათ შეძლეს აღმოსავლეთ მოსტარის შენარჩუნება.
V კორპუსი ბიჰაჩი მეხუთე კორპუსი დასავლეთ ბოსნიაში, ბიჰაჩის ანკლავში მოქმედებდა. მათ შეძლეს სეპარატისტი აბდიჩის ძალებისა და სერბების დამარცხება, ასევე მონაწილეობდნენ საერთო იერიშში სერბულ პოზიციებზე ომის დასასრულს.
VI კორპუსი
კონიცი შეიქმნა 1993 წლის 9 ივნისს. 1994 წლის თებერვალში დაშალეს, მისი ნაწილი მეშვიდე, ხოლო დანარჩენი ქვედანაყოფები – მეოთხე კორპუსს შეუერთდა.
VII კორპუსი ტრავნიკი მოქმედებდა ცენტრალურ და დასავლეთ ბოსნიაში.
28-ე დივიზია სრებრენიცა მოქმედებდა სრებრენიცის ანკლავში. 1995 ივლისის შუა რიცხვებში სერბებმა მოახერხეს მისი დეზორგანიზაცია და სრებრენიცის დაკავება, სადაც მოაწყვეს მასობრივი სასაკლაო.
81-ე დივიზია გორაჟდე მოქმედებდა გორაჟდეს ანკლავში. გორაჟდეს ანკლავი ერთადერთი იყო სამი აღმოსავლეთ ბოსნიური ანკლავიდან, რომლის დაკავებაც სერბებმა ვერ მოახერხეს.
285-ე ბრიგადა ჟეპა იცავდა ჟეპის ანკლავს. ექვემდებარებოდა 28-ე დივიზიას, მაგრამ 1995 ივლისის შუა რიცხვებში სერბებმა მოახერხეს ანკლავის აღება.

სხვა შენაერთები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Name Headquarters Information
სამხედრო პოლიცია სარაევო სახელმწიფოს ოფიციალური საპოლიციო სამსახური 1992-დან 1995-მდე.
შავი გედები სარაევო შავი გედები (ბოსნ. Crni Labudovi) იყო ბოსნიის არმიის საარმიო სპეცრაზმი.
ელ-მუჯაჰიდი ზენიცა ელ-მუჯაჰიდი (არაბ. كتيبة المجاهدين ბოსნ. odred "El Mudžahedin") ჩამოაყალიბეს ბოსნიელების დასახმარებლად უცხოეთიდან ჩასულმა მუსლიმებმა, თუმცა ომის დასასრულს უკვე ბევრი ადგილობრივიც შეუერთდა მათ.[18] ისინი ნომინალურად მესამე კორპუსს ექვემდებარებოდნენ.[17] იბრძოდნენ როგორც ხორვატების, ასევე სერბების წინააღმდეგ და გამოირჩეოდნენ რელიგიური შეუწყნარებლობით.

მთავარი შტაბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალია იზეთბეგოვიჩი — უმაღლესი მთავარსარდალი
ჰასან ეფენდიჩიტერიტორიული თავდაცვის სარდალი
სეფერ ხალილოვიჩი — მთავარი შტაბის უფროსი 1992–1993
რასიმ დელიჩი — მთავარი შტაბის უფროსი 1993–1995
იოვან დივაკი — შტაბის უფროსის სერბი მოადგილე 1992–1995
ბლაჟ კრალევიჩი — მთავარი შტაბის ხორვატი წევრი, ხორვატთა თავდაცვის ძალების სარდალი 1992
სტეპან შიბერი — შტაბის უფროსის ხორვატი მოადგილე 1992–1995

კორპუსის მეთაურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსტაფა ხაირულლაჰოვიჩი (I კორპუსის პირველი მეთაური)
ვაჰიდ კარაველიჩი (I კორპუსის მეთაური ხაირულლაჰოვიჩის შემდეგ)
ნეჯად აინაჯიჩი (I კორპუსის მეთაური კარაველიჩის შემდეგ)
ჟელკო კნეზი (II კორპუსის პირველი მეთაური)
ჰაზიმ შადიჩი (II კორპუსის მეთაური კნეზის შემდეგ)
სეად დელიჩი (II კორპუსის მეთაური შადიჩის შემდეგ)
ენვერ ჰაჯიჰასანოვიჩი (III კორპუსის პირველი მეთაური)
მეჰმედ ალაგიჩი (III კორპუსის მეთაური ჰაჯიჰასანოვიჩის შემდეგ)
კადირ იუსიჩი (III კორპუსის მეთაური ალაგიჩის შემდეგ)
საკიბ მაჰმულინი (III კორპუსის მეთაური იუსიჩის შემდეგ)
არიფ ფაშალიჩი (IV კორპუსის პირველი მეთაური)
სულეიმან ბუდაკოვიჩი (IV კორპუსის მეთაური ფაშალიჩის შემდეგ)
რამიზ დრეკოვიჩი (V კორპუსის პირველი მეთაური, IV კორპუსის მეთაური ბუდაკოვიჩის შემდეგ)
მუსტაფა პოლუტაკი (IV კორპუსის მეთაური დრეკოვიჩის შემდეგ)
ატიფ დუდაკოვიჩი (V კორპუსის მეთაური დრეკოვიჩის შემდეგ)
სალკო გუშიჩი (VI კორპუსის პირველი მეთაური)
გალიბ ხოჯიჩი (VI კორპუსის მეთაური გუშიჩის შემდეგ)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Struktura Oružanih snaga Bosne i Hercegovine.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-16. ციტირების თარიღი: 2015-05-01.
  2. Operativna komanda. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-16. ციტირების თარიღი: 2015-05-01.
  3. 3.0 3.1 Osnovana Patriotska liga BiH
  4. Armor of Army B&H
  5. Грубешић: Приjедлог о изручењу Дивjака валидан и правно ваљан
  6. Poginuo Mehdin-Senad Hodžić
  7. Warring Factions Agree on Plan to Divide up Former Yugoslavia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-10. ციტირების თარიღი: 2015-05-01.
  8. Rusmir Mahmutćehajić, The Denial of Bosnia, Penn State Press, 2000, ISBN 9780271038575.
  9. Islamabad refuses to hand over ex-ISI chief to Bosnia tribunal
  10. Secret recordings link dead dictator to Bosnia crimes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-15. ციტირების თარიღი: 2015-05-01.
  11. Tudjman tapes reveal plans to divide Bosnia and hide war crimes
  12. RAT U RATU (HRVATSKO-MUSLIMANSKI SUKOB)
  13. A Man who Divided the People of Krajina. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2015-05-01.
  14. "Tigar-Sloboda 94". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-27. ციტირების თარიღი: 2015-05-01.
  15. Anthony Loyd (February 1, 2001). My War Gone By, I Miss It So. ISBN 0-14-029854-1. 
  16. The Balkans; Chronology; UNPROFOR
  17. 17.0 17.1 WE FOUGHT WITH THE BH ARMY, BUT NOT UNDER ITS COMMAND. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-17. ციტირების თარიღი: 2015-05-01.
  18. لقاء شبكة أنا المسلم مع أمير المجاهدين العرب-سابقا- في البوسنة والهرسك