ბოსლეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა მარინეს ეკლესია ნასოფლარზე.

ბოსლეთი — ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობდა თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, სოფელ წრომის აღმოსავლეთით. ნასოფლარის ტერიტორიაზე ჩანს ნასახლართა ბუდეები. შემორჩენილია რიყის ქვით ნაგები შენობების საძირკვლის ფრაგმენტები. იპოვება წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, დიდი ზომის ქვევრის ფრაგმენტები და სხვა.

იგი დადასტურებულია არაერთ ისტორიულ წყაროსა თუ დოკუმენტში. შედიოდა ისტორიულ საციციანოში. ერთ-ერთი პირველი დოკუმენტი, რომელშიც გვხვდება ბოსლეთი, წარმოადგენს განჩინებას ციციშვილების გაყრის საქმეზე. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც დათარიღებულია 1664-1673 წლებით, ციცი და ქაიხოსრო ციციშვილებს ბოსლეთში რგებიათ კოპაძე ნარიმას შვილი.

ვიკიციტატა
„ამოიღო საუფროსოთ ციციმ და ქაიხოსრომ ბოსლეთს კოპაძე ნარიმას შვილი, დღეს რისაც მამულის მქონე იყოს.“

მეორე დოკუმენტი, რომელშიც გვხვდება ბოსლეთი, ედიშერ და პაპუნა ციციშვილების გაყრის საქმეზე შედგენილი განჩინებაა. იგი თარიღდება 1701-1703 წლებით. მასში ნათქვამია:

ვიკიციტატა
„ქ. ერთ წილად ბოსლეთს პაატა და შოშია, ამაზე აძეს წრომს ხოლოაშვილი, რისაც მქონებელი იყოს, ერგო ედიშერს.
ქ. ერთ წილად მამუკაშვილი გიორგი, რისაც მქონებელი იყოს, ერგო პაპუნას.
ქ. ერთ წილად ბოსლეთს გოგინაშვილი ხოხონა და ხოსიტა, ამაზე აძეს სონღულას მამული, რისაც მამულის მქონებელი იყოს ერგო ედიშერს.
ქ. ერთ წილად გოგინაშვილი სუხია და ოთარა რისაც მქონებელი იყოს, ერგო პაპუნას.“

ბოსლეთში 1728 წელს 14 კომლი მოსახლეა, რომელთაც ეკისრებოდათ საოსმალო გადასახადი 7050 ახჩის ოდენობით.

ვახუშტი ბატონიშვილი იცნობს სოფელ ბოსლეთს და დატანილი აქვს რუკაზე. იოანე ბატონიშვილი კი ბოსლეთს არ იცნობს. სავარაუდოდ სოფელი XVIII საუკუნის 90-იანი წლებისათვის, ე. წ. ლეკიანობის შედეგად გაუკაცრიელდა და ნასოფლარად იქცა.

ნასოფლარზე მდებარეობს წმ. მარინეს სახელობის ეკლესია, რომელიც გვიანფეოდალური ხანით თარიღდება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 11, 18 მარტი, 2019, გვ., 3