ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკი

ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკი“ ბორჯომის მინერალური წყლების პარკი — XIX საუკუნის საბაღე-საპარკო ხელოვნების და ლანდშაფტური არქიტექტურის ძეგლი საქართველოში, ქალაქ ბორჯომში. მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
პარკი მოიცავს მდინარე ბორჯომულას ღრმა და ვიწრო ხეობას, რომელიც იწყება მდინარის ქვემო წელზე, გრძელდება მდინარის დინების გაყოლებაზე 3 კმ-ზე და მთავრდება გოგირდწყალბადიანი მინერალური თერმული წყაროს აბაზანებით. ბუნებრივი ტყის საფარით დაფარული ვიწრო გზა, მდინარის ხან მარჯვენა ხან მარცხენა მხარეს მიდის და ერთმანეთთან დაკავშირებულია ხიდების საშუალებით.
პარკში შემორჩენილია სხვადასხვა პერიოდში აშენებული ისტორიული წყაროების ნაგებობები, ბორჯომის წყლის ჩამოსასხმელი შენობა და ჰიდროელექტროსადგური. პარკის ტერიტორიაზე დგას XXI საუკუნის შენობები: კინოთეატრი, კაფეები, საპირფარეშოები, ხიდები და ატრაქციონები.
მინერალური წყაროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარკის ჩამოყალიბება უკავშირდება მინერალური წყლის წყაროების აღმოჩენას უკავშირდება. 1842 წელს ევგენი გოლოვინის ბრძანებით გაიჩეხა წყაროებთან მისასვლელი ტყე, გაკეთდა გზები, აშენდა რამდენიმე ხის სახლი, შეკეთდა ძველი და დაიდგა ახალი აბაზანები. ერთ მინერალურ წყაროს ეწოდა ეკატერინეს, ხოლო მეორეს ევგენის სახელები. 1853 წელს მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით მდინარე ბორჯომულას ჯებირებით გამაგრებასთან ერთად, მოეწყო მინერალური წყლების პარკი, ეკატერინეს წყარო მოპირკეთდა თლილი ქვითა და აგურით, გადაიხურა, გაკეთდა ხის იატაკი და მოაჯირები. წყაროსთან მოეწყო ხის სააბაზანო შენობა. სააბაზანო შენობა აშენდა ევგენის წყაროსთანაც. 1891 წელს ეკატერინეს წყაროზე სამთო ინჟინრის ა. კონშინის ხელმძღვანელობით განხორციელდა საპატაჟო სამუშაოები, რომლის შედეგადაც წყაროს დებეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ სამუშაოების დროს აქვე აღმოჩნდა უხეშად გათლილი ქვის აბაზანების ნაშთები, რომლებზე არსებული დანალექი მასის საფუძველზე პ. ვინოგრადოვ-ნიკიტინმა დაადგინა, რომ ეს აბაზანები ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისს განეკუთვნებოდა.
თერმული წყარო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გოგირდწყალბადიანი მინერალური თერმული წყარო პარკის ბოლოში მდებარეობს. მათი გამოყენების მიზნით მიხეილ რომანოვის დროს მოეწყო მცირე აუზი, რომელიც დღეს აღარ არსებობს, მის ადგილას კი ორი დიდი ზომის ახალი აუზია გაკეთებული.
ხიდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდინარეზე 5 რკინის ხიდი იქნა გადებული, რის გამოც, პარკის მთავარ ხეივანს „ხუთი ხიდის ხეივანი“ ეწოდა. ხეივანი მეხუთე ,,კუზიან“ ხიდთან სრულდებოდა. ეს ხიდი დღეს აღარ არსებობს. მას შემდეგ, რაც გოგირდწყალბადიანი მინერალური თერმული წყაროს აუზი მოეწყო, 1881 წლისთვის ბორჯომულაზე ინჟინერ ზეზემანის პროექტით აიგო 6 სავალი და ერთი საფეხმავლო ხიდი.
მინერალური წყლების ჩამოსასხმელი ქარხანა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შენობა აშენებულია 1895-1896 წლებში ფრიდრიხ მოლდენჰაურეის პროექტის საფუძველზე ევგენის წყაროზე. შენობა ორსართულიანია. ფასადები გაფორმებულია ნათალი ქვისა და აგურის მონაცვლეობით. წინა ფასადი სამი რიზალიტითაა დანაწევრებული. 1909 წელს მოხდა ქარხნის და მისი დამხმარე მეურნეობის რეკონსტრუქცია პროდუქციის წარმოების პროცესის გაუმჯობესების მიზნით. 1954 წელს წარმოება ახალ შენობაში გადავიდა. ქარხნის შენობა კი კულტურული ღონისძიებების ადგილად გადაიქცა. აქ განთავსდა ჭადრაკის სახლი, ბიბლიოთეკა, საკონცერტო დარბაზი.
ჰიდროელექტროსადგური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აშენდა 1898-1899 წლებში ფრიდრიხ მოლდენჰაუერის მიერ. შენობის არქიტექტორი იყო ვ. შენგარდტი. ჰიდროელექტროსადგური ამოქმედდა 1899 წლის 15 იანვარს. ჰიდროელექტროსადგური რუსეთის იმპერიაში სიმძლავრით პირველი, ხოლო ამიერკავკასიაში რიგით პირველი ელექტროსადგური იყო. აქ რუსეთის იმპერიაში პირველად გამოიყენეს აშშ-ში შექმნილი ე.წ. პელტონის ძრავა. ეს იყო მომცრო აგრეგატი, რომელიც მოქმედებაში მოყავდა მომცრო მილში გამავალ წყლის ჭავლს, რომელიც ავითარებდა 5 ცხენის ძალას და მოქმედებაში მოყავდა სახარატო დაზგები. ჰესი დღეში 9 საათს მუშაობდა და 165 კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა. შენობა ერთსართულიანია. შედგებოდა მექანიზმებისთვის განკუთვნილი ორი დიდი სივრცისგან გუმბათისებრი სახურავითა და ზედა განათებით. აქ იყო დამონტაჟებული ელექტრომანქანები და წყლის ძრავები. შენობის ფასადი თლილი ქვისა და აგურის მონაცვლეობითაა გაფორმებული. დანაწევრებულია ფართო კარ-სარკმლებით, რომლებიც გვირგვინისებური თავსართებითაა დასრულებული. ფასადი ორი მაღალი ფრონტონითაა დასრულებული, რომლებშიც თითო ლუნეტია გაკეთებული. ინტერიერი შელესილი და მოხატული იყო. შენობის ორივე მხარეს ორი დამოუკიდებელი მცირე, ერთსართულიანი შენობა დგას - სახელოსნო და კანტორა. ამ ჰესში პირველად იქნა გამოყენებული 500 ფუტის სიმძლავრით წყლის ვარდნის ძალა. წყალი მდინარე ბორჯომულადან იქნა გაყვანილი სპეციალურად არხის საშუალებით იმდროინდელ ვორონცოვის პლატოზე. აქ აგებულ იქნა სალექარი და სადაწნეო აუზები. სალექარიდან წყალი მილით გადიოდა სადაწნეო აუზში, საიდანაც ერთი ნაწილი მილის საშუალებით ვარდებოდა მთის ფერდზე და ჰიდროელექტროსადგურს მიეწოდებოდა, ხოლო მოჭარბებული წყალი მეორე მილით გადიოდა და ამ ჭარბი წყლისგან ხელოვნურ ჩანჩქერად ეშვებოდა პარკში. ჩანჩქერს შემქნელის საპატივსაცემოდ ,,მოლდენჰაუერის ჩანჩქერი“ უწოდეს. შენობა სხვადასხვა დროს მრავალგზის არის გადაკეთებული. კაპიტალური ჩარევები განხორციელდა 1930-1940-იან წლებში, როდესაც ცენტრალური შენობის მარჯვნივ კაპიტალური მინაშენი გაჩნდა. ცვლილებები განხორციელდა ინტერიერშიც ახალი წყალსადენის მილის მოწყობის გამო. ამავე პერიოდში, ორ ძირითად დარბაზს შორის არსებული კანტორის და სახელოსნოს ადგილზე განთავსდა სატრანსფორმატორო. 1960-1970-იან წლებში ბორჯომის ელექტრომომარაგების სისტემა ჩაერთო საქართველოს ელექტროსისტემის ცენტრალიზებულ ქსელში, რითაც ჰიდროელექტროსადგურმა თანდათან დაკარგა პრაქტიკული მნიშვნელობა. 1970-1975 წლებში, შენობაში ფუნქციონირებდა საბჭოთა დიდების მუზეუმი. 1975 წლიდან ის ფაქტიურად უფუნქციოა. 1990-იანი წლებში ნაგებობა მთლიანად გაიძარცვა და ნაწილობრივ დაინგრა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17835