ბორჯიების ოჯახი (ინგლ.The Borgias) — 2011-2013 წლებში გამოსული ისტორიული ტელესერიალი ნილ ჯორდანის ავტორობით.
სერიალის მოქმედება ხდება XV საუკუნის მიწურულს, რენესანსის ეპოქის იტალიაში და მოგვითხრობს ბორჯიების ოჯახის სკანდალური ცხოვრების შესახებ, მას შემდეგ, რაც ისინი პაპის ტახტს იკავებენ. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ბორჯიები იყენებენ მოსყიდვას, დაშინებას, მუქარას, სიმდიდრის მოსახვეჭად კი მკვლელობასა და უმოწყალობასაც არ ერიდებიან, რის გამოც მათ იტალიის ისტორიაში „ყველაზე ბოროტმოქმედ ოჯახს“ უწოდებენ. სერიალში რომის პაპ ალექსანდრე VI-ის მთავარ როლს მსახიობი ჯერემი აირონსი ასრულებს, მისი ვაჟის, ჩეზარე ბორჯიას როლში ფრანსუა არნო გამოდის, ჰოლიდეი გრეინჯერილუკრეცია ბორჯიას ასახიერებს, ხოლო დევიდ ოაკსი ხუან ბორჯიას[1]. აღსანიშნავია კოლმ ფეორეც, რომელიც სერიალში კარდინალ დელა როვერეს (შემდეგში პაპი იულიუს II) როლს ასრულებს[2].
სერიალის პრემიერა 2011 წლის 3 აპრილს შედგა, საღამოს 9 საათზე. იგი პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში, Showtime-ის არხზე, იმავე დღის საღამოს 10 საათზე კი მისი გაშვება დაიწყო კანადაშიც[3][4]. პირველი სეზონი 2011 წლის 21 ივნისს დასრულდა[5]. უკვე მეორე სეზონის გაშვება დაიწყო 2012 წლის 8 აპრილს და დასრულდა იმავე წლის 4 მაისს. აღსანიშნავია, რომ სერიალი ამით უნდა დასრულებულიყო, თუმცა Showtime-მა მისი მესამე სეზონის გადაღება დაუკვეთა, ამიტომაც 2013 წლის 14 აპრილს გამოვიდა მისი მესამე სეზონი, რომელიც სულ 10 ეპიზოდს შეადგენდა[6][7].
ცნობილია, რომ იგეგმებოდა სერიალის მეოთხე სეზონის გადაღებაც, თუმცა 2013 წლის 5 ივნისს Showtime-მა შეკვეთა გააუქმა, ვინაიდან მესამე სეზონის რეიტინგი წინებთან შედარებით საგრძნობლად დაეცა. მეოთხე სეზონის გაუქმების მიზეზად დასახელდა სერიალისათვის საჭირო დიდი სახსრების არარსებობაც. თუმცაღა, ვინაიდან ბოლო სერიაში აზრი ცუდად წყდებოდა, მაყურებელთა თხოვნით Showtime-ს უნდა გადაეღო ბოლო, ორსაათიანი ფინალური სერია, რითაც სერიალი დასრულდებოდა, თუმცა აღარ გადაიღეს, რადგან ფილმის გადაღება ძალიან ძვირი ჯდებოდა[8]. რეჟისორის განცხადებით, რადგან ფილმის გადაღებას ვერ ახერხებდნენ, ბოლო, ორსაათიანი სერიის სცენარი ელექტრონული წიგნის სახით გამოვიდა[9].
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
სერიალის მოქმედება ხდება 1490-იანი წლების რომში. პაპი ინოკენტი VIII გარდაიცვალა და მის ნაცვლად მოსყიდული კარდინალები ირჩევენ როდრიგო ბორჯიას, ანუ პაპ ალექსანდრე VI-ს, რითაც იწყება ბორჯიების ოჯახის აღზევება და მათი ბრძოლა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მოქრთამვისა და დაშინების გზით არჩეულ პაპს ბევრი კარდინალი და იტალიელი დიდებული მტრულად შეხვდა, რის გამოც იწყება მათ შორის დაუსრულებელი ბრძოლა.
პაპის არჩევნებში წაგებით განრისხებული კარდინალი დელა როვერე მოგზაურობს იტალიურ სამთავროებსა და საფრანგეთში, რათა მოკავშირეები შეიძინოს და დაამხოს ბორჯიების მმართველობა. იგი გარკვეულწილად მიზანს აღწევს და საფრანგეთის მეფე შარლ VIII შეიჭრება კიდეც იტალიაში, რითაც იწყება იტალიური ომები, თუმცა რომში შესული შარლი დაუახლოვდება ალექსანდრეს და რომის ნაცვლად ნეაპოლს იღებს, თავს კი მის მეფედ აცხადებს.
სერიალი უფრო ძირითადად ჩეზარე, ლუკრეცია და ხუან ბორჯიების და-ძმურ ურთიერთობებზე მოგვითხრობს. ჩეზარესა და ხუანს შორის ღრმა მტრობა მძვინვარებს, რაც გამოწვეულია იმით, რომ ალექსანდრე ჩეზარეს, როგორც უფროს ძეს, აიძულებს თავის მსგავსად სასულიერო ცხოვრებას გაჰყვეს, მაშინ, როცა ხუანს ყველაფერში თავისუფლება აქვს. მეორე სეზონში ხუანი სიფილისით ავადდება და ავლენს ჭკუიდან შეშლის ნიშნებს, რის გამოც პაპი ალექსანდრე იძულებული ხდება იგი რომს მოაშოროს, ამიტომაც მას იგი ესპანეთში გზავნის, სადაც ხუანი ცოლად ირთავს მეფე ფერდინანდის ბიძაშვილ მარია დე ლუნას და ხდება განდიის ჰერცოგი. იმავდროულად, კავშირების გასაძლიერებლად ალექსანდრე VI ლუკრეციას მილანის ჰერცოგის ბიძაშვილ ჯოვანი სფორცაზე აქორწინებს. ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა, რის გამოც ლუკრეცია ჯერ მეჯინიბესთან აბამს რომანს, შემდეგ კი საერთოდ ეყრება სფორცას და რომში ბრუნდება თავისი უკანონო შვილითურთ. ამის შემდეგ ლუკრეციასა და ჩეზარეს ურთიერთობა ახალ საფეხურზე გადადის და სცდება და-ძმური ურთიერთობის საზღვრებს. უკვე მესამე სეზონში ისინი რომანს აბამენ და იწყებენ ინცესტურ ურთიერთობას. საბოლოოდ ხუანიც ბრუნდება ესპანეთიდან. მას პაპი ალექსანდრე ნეაპოლში აგზავნის, რათა თავისი მესამე ვაჟის, ჯოფრედოსათვის საცოლე შეარჩიოს. ხუანს ძმისთვის ცოლად ნეაპოლის მეფის უკანონო ასული, სანჩია ჩამოჰყავს, რომელთანაც თავადვე აბამს რომანს. საბოლოოდ ჩეზარე კლავს ხუანს და მას ტიბრში აგდებს.
სერიალის ცენტრალური ფიგურა მაინც ლუკრეცია ბორჯიაა თავისი სკანდალური ურთიერთობებით. მას კარგი ურთიერთობა აქვს თითქმის ყველა პერსონაჟთან, მამის საყვარელ ჯულია ფარნეზესთანაც კი. საბოლოოდ კი პაპი მას მეორედ ათხოვებს, ოღონდ ამ ჯერად ნეაპოლის მეფის ნათესავ ალფონსო არაგონელზე.
იმავდროულად, ფლორენციაში სიტუაცია საგრძნობლად ირევა. ადგილობრივები რეფორმატორ ჯიროლამო სავონაროლას ხელმძღვანელობით ამხობენ მედიჩების მმართველობას და ქალაქში სპობენ ხელოვნების ნიმუშებსა და სიმდიდრის ყოველგვარ კვალს. ვინაიდან მედიჩების ბანკში თავად პაპსაც დიდი თანხები ჰქონდა შენახული, ამის შესაჩერებლად ალექსანდრე VI თავად ჩადის ფლორენციაში, იღებს ქალაქს, მედიჩებს კვლავ ხელისუფლებაში აბრუნებს, სავონაროლას კი კოცონზე წვავს, როგორც ერეტიკოსს.
სერიალის მოულოდნელად შეწყვეტის გამო მასში აღარ ჩანს ალექსანდრე VI-ის გარდაცვალება, მის შემდეგ დელა როვერეს პაპ იულიუს II-დ არჩევა, ჩეზარე ბორჯიას დაღუპვა და აღარც ლუკრეციას მესამე ქორწინება, ეს მოვლენები მის ელექტრონულ წიგნშია გადმოცემული.
↑სერიალში ალფონსოს მეფე შარლ VIII კლავს და მისი ცხედრისაგან ამზადებინებს ფიტულს, შემდეგ კი იუდა ესკარიოტელის ადგილას სვამს საიდუმლო სერობის მაგიდასთან, რომელიც ალფონსოს მამამ გააკეთა თავისი მტრების ფიტულებისგან (სერობის ადგილას ქრისტე და მისი მოციქულები ფიტულებით იყო ჩანაცვლებული), თუმცა რეალურად მეფე ალფონსო ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა სიცილიაში.