ბორის გალაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბორის გალაევი (დ. 10 მარტი, 1889, ჩერნოიარსკაია, ჩრდილოეთი ოსეთი — გ. 1976, ცხინვალი, საქართველოს სსრ, სსრკ[1]) — ოსი კომპოზიტორი და დირიჟორი, ოსური პროფესიული მუსიკის ფუძემდებელი, ოსური ხალხური სიმღერების შემკრები და მკვლევარი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

შემოქმედებითი საქმიანობა დაიწყო 1907 წლიდან პეტერბურგში. დაამთავრა ლენინგრადის მუსიკალური ტექნიკუმი 1932 წელს (პ. რიაზანოვის კლასი) და გადავიდა ცხინვალში. 1938-1951 წლებში იგი არის სამხრეთ ოსეთის დრამატული თეატრის დირიჟორი. 1941-1943 წლებში იგი ამავე თეატრის დირექტორია. 1938 წლიდან იგი სამხრეთ ოსეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „სიმდის“ მხატვრული ხელმძღვანელი და დირიჟორია. იგი არის ავტორი მუსიკალური კომედიისა „საქმრო“ (1943), „ნართი ბათრაძი“ (1942), მას ეკუთვნის მუსიკა მრავალი მოლიერის, სიმონოვის, დ. გულიას და სხვათა ნაწარმოებებზე.

1951 წლიდან ბ. გალაევი ზ. ნ. ვანეევის სახელობის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკია. იგი წლების განმავლობაში კრებდა და იკვლევდა ოსურ ხალხურ სიმღერებს, რომელთა უმეტესობაც შემდეგ შეიტანა მონოგრაფიაში „ოსური ხალხური სიმღერები“. წიგნში ხალხური მუსიკალური ხელოვნება სამ ჟანრად არის წარმოდგენილი: სიმღერები, ხმით ნატირლები, თქმულებანი. ამას ემატება მეოთხე ჟანრი – ხალხური ცეკვები.

ხალხურ სიმღერებს ავტორი ჰყოფს შემდეგ სახეებად: ისტორიული (ჩერმენის სიმღერა, თეიმურაზის სიმღერა); რევოლუციური სიმღერა (ისაკ ხარებოვი, ანტონ დრიაევი); საგმირო სიმღერა, ამ სიმღერებს განსაკუთრებული წამყვანი ადგილი უკავია ოსურ ხალხურ სიმღერებში; ეპიკური სიმღერები, სიმღერები ნართ გმირებზე, ნართების თქმულებები, რომლებსაც ასრულებენ მომღერლები ყისინ ფანდირის თანხლებით; შრომის სიმღერები (სიმღერა თოხნის დროს, მთიბავთა სიმღერა); საქორწინო სიმღერები, ამ სიმღერებს ასრულებენ მხოლოდ მამაკაცები, განსაკუთრებით ქორწილის მსვლელობის დროს, (მაყრული); სუფრული სიმღერები; იუმორისტული სიმღერები; საცეკვაო სიმღერები (ტაშის თანხლებით); სამიჯნურო სიმღერები; ქალიშვილის სიმღერა); ლირიკული (ქალთა) სიმღერები (სოფიას სიმღერა).

მონოგრაფიაში ასევე საფუძვლიანადაა შესწავლილი ოსური ხალხური ცეკვები. ავტორი მიიჩნევს, რომ უძველესი პოპულარული ოსური ცეკვები „ცოფპაი“ და „ჩეფენა“ სრულდება მხოლოდ გუნდის თანხლებით, ხოლო „სიმდი“ შეიძლება შესრულდეს როგორც საგუნდო სიმღერის ასევე საცეკვაო მუსიკის თანხლებითაც. „ხონგა ქაფთ“ და „ზილგა ქაფთ“ საკრავთა თანხლებით სრულდება.

მკვლევარი ცალ-ცალკე ახასიათებს ოსურ საკრავ ინსტრუმენტებს:

  1. ყისინ ფანდირი — სიმებიანი საკრავი, მასზე მხოლოდ მამაკაცები უკრავენ.
  2. დალა-ფანდირი
  3. თორმეტსიმიანი ფანდირი
  4. სალამური — სასულე საკრავი
  5. კადძალფანდირი (ოსური გარმონი), რომელზეც მხოლოდ ქალები უკრავდნენ და სხვ.

ბორის გალაევმა საფუძველი ჩაუყარა საგუნდო ხელოვნებას სამხრეთ ოსეთში. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა მომღერალთა მრავალი გუნდი (ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში, სხვადასხვა რაიონებში).

ბორის გალაევი გარდაიცვალა 1976 წელს.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Композиторы грузии: Издание второе, тб., 1973, გვ. 58

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]