შინაარსზე გადასვლა

ბორგეზეს ბაღების ვილა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბორგეზეს ბაღების ვილა
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
სტატუსი მოქმედი
ბორგეზეს ბაღების ვილა — იტალია
ბორგეზეს ბაღების ვილა
ბორგეზეს ბაღების ვილა ვიკისაწყობში

ბორგეზეს ბაღების ვილარომში მდებარე ლანდშაფტური ბაღი, რომელიც მოიცავს რამდენიმე შენობას, მუზეუმს და მრავალ ღირსშესანიშნაობას. ის რომში სიდიდით მესამე საზოგადოებრივი პარკია (80 ჰექტარი), ვილა დორია პამფილისა და ვილა ადას შემდეგ. ბაღები გაშენდა ვილა ბორგეზე პინჩანასთვის („ბორგეზეს ვილა პინციანის გორაზე“), რომელიც არქიტექტორმა ფლამინიო პონციომ სციპიონე ბორგეზეს ესკიზებზე დაყრდნობით დააპროექტა. ბაღმა რომის გარეუბანში მდებარე ნაგებობა საწვეულებო ვილად აქცია და მფლობელმა მასში უამრავი ხელოვნების ნიმუში განათავსა. ამჟამინდელი ბაღების დეკორი XIX საუკუნის ბოლოს დასრულდა.

1605 წელს კარდინალმა სციპიონე ბორგეზემ, პაპ პავლე V-ის ძმისშვილმა და მოქანდაკე ბერნინის მფარველმა, მის მამულებში მდებარე ყოფილი ვენახის რომში აშენებულ ყველაზე ვრცელ ბაღად გადაქცევა დაიწყო. ვენახის ადგილმდებარეობა ლუკულუსის ბაღებთან არის დაკავშირებული, რომლებიც გვიან რომის რესპუბლიკაში ძალიან ცნობილი რეკრეაციული ტერიტორია იყო. ბაღების გაშენებაზე პასუხისმგებელი იყვნენ დომენიკო სავინო და მონტეპულჩანო.[1][2]

ანტიკური ქადაკების იმიტაცია ვილა ბორგეზეში

ბორგეზეს ბალუსტრადა 1618 წელს კაზინო ნობილეს სამხრეთით მდებარე წინა ეზოსთვის გ. დი ჟინომემ და პ. მასონიმ დაამზადეს. მის თავზე ორი ქვის ქანდაკება იყო, ხოლო ქვემოთ ნიჟარის ფორმის აუზებით გაფორმებული შადრევნები. 1882 წელს პრეზიდენტმა ჩესტერ ა. ართურმა უილიამ ვალდორფ ასტორი იტალიის ერთ-ერთ მინისტრად დანიშნა. ამ თანამდებობას ის 1885 წლამდე იკავებდა. რომში ცხოვრებისას ასტორს ხელოვნებისა და ქანდაკებებისადმი გატაცება გაუჩნდა. 1896 წელს მან ბალუსტრადა შეიძინა და თავის ინგლისურ მამულში, კლივედენში დაამონტაჟა. ეს მეორე კატეგორიის ისტორიული ნაგებობაა. 2004 წელს ბორგეზეს ბალუსტრადაზე აღმოაჩინეს პატარა ხმელთაშუა ზღვის ლოკოკინების, „Papillifera bidens“-ის ჯგუფი, რომელიც ამ ნაგებობაში ბინადრობდა. სავარაუდოდ, ეს სახეობა, რომელიც ინგლისური ფაუნისთვის ახალია, შემთხვევით შემოიტანეს მე-19 საუკუნის ბოლოს ბალუსტრადასთან ერთად და მან დღემდე მოახერხა გადარჩენა.[3]

მე-18 საუკუნეში, სულმონას მე-5 პრინცმა, მარკანტონიო ბორგეზემ, ვილის ბაღები საწვეულებო ვილიდან ინგლისურ ლანდშაფტურ ბაღად გარდაქმნა. არქიტექტორი ანტონიო ასპრუჩი და მისი ვაჟი, მარიო, 1782 მუშაობდნენ ვილის ბაღების ლანდშაფტის მოწყობაზე. მათ პარკის გარშემო ქანდაკებები განათავსეს და ტბისა და სიენას მოედნის მშენებლობა დაიწყეს. 1785-1792 წლებში ტბის ცენტრში იონური სტილით ააგეს ესკულაპიოსის ტაძარი. [4]

ზღვის ცხენის შადრევანი ვინჩენცო პაჩეტიმ 1791 წელს, კრისტოფერ უნტერბერგერის პროექტის მიხედვით ააგო. ვენერას შადრევანი კი, სავარაუდოდ, ჯოვანი ვასანციომ დააპროექტა.

მარკანტონიოს ვაჟებმა, კამილო და ფრანჩესკო ბორგეზეებმმა, პარკი კიდევ უფრო გააფართოვეს. ვილა ბორგეზეს ბაღები დიდი ხნის განმავლობაში არაფორმალურად ღია იყო მნახველთათვის, მაგრამ რომის მთავრობამ ის საბოლოოდ შეიძინა და საზოგადოებას გადასცა 1903 წელს. 1904 წლიდან ვილაში განთავსებულია ცნობილი უცხოელი მოღვაწეებისა და მწერლების, მაგალითად ვიქტორ ჰიუგოს, გამოსახულებები. გოეთეს ქანდაკება რომის ქალაქს გერმანიის იმპერატორმა ვილჰელმ II-მ აჩუქა. [5]

ინგლისური სტილის დიდ ბაღში რამდენიმე ვილა მდებარეობს. მონუმენტური ესპანური კიბეები ბორგეზეს წინა ეზოსთან მიდის, ხოლო კიდევ ერთი, უკანა შესასვლელი პიაცა დელ პოპოლოს მხარეს მდებარეობს. პარკის სამხრეთ ნაწილში მდებარე პინჩო (ძველი რომის პინჩის ბორცვი) რომის ერთ-ერთ ულამაზეს ხედს გვთავაზობს. [5]

კამილო ბორგეზე გრანდიოზულ შოუებს და პოპულარულ ფესტივალებს მართავდა, როგორიც იყო სიენას მოედნიდან საჰაერო ბურთით გასეირნება. პირველი ცხენების შოუ სიენას მოედნაზე 1922 წელს გაიმართა. 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში საცხენოსნო სპორტის ნაწილიც ამავე ადგილას ჩატარდა.

ბაღში განთავსებულია 2003 წელს აშენებული შექსპირისგლობუსის“ თეატრის რეპლიკა, 1911 წელს აგებული ზოოპარკი, რომელიც ახლახანს გადაკეთდა რომის ბიოპარკის სტილში, და ზოოლოგიური მუზეუმი („Museo di Zoologia“). მათთან ახლოს მდებარეობს „Casina di Raffaello“-ს სათამაშო ოთახი, სადაც არის ხელნაკეთი ნივთებისა და სამკითხველო ოთახები, ასევე სივრცე, სადაც ბავშვებს შეუძლიათ იტალიური სამეფო სამოსის ჩაცმა.

1873 წელს ბაღებში აშენდა ჰიდროქრონომეტრი, რომელიც დაფუძნებულია ჯან ბატისტა ემბრიაკოს 1867 წელს შექმნილ პროექტზე, წმინდა თომას კოლეჯის იმიტაციით. კიდევ ერთი ვერსია პინციანის ბორცვის ბაღებშია. ემბრიაკომ თავისი გამოგონების ორი პროტოტიპი წარადგინა პარიზის უნივერსალურ გამოფენაზე 1867 წელს, სადაც მან პრიზები და დიდი აღიარება მოიპოვა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. "Villa Borghese Park", Turismo Roma, Major Events, Sport, Tourism and Fashion Department
  2. "Villa Borghese Balustrade, Cliveden Estate", National Trust
  3. Sharpe, Janet Rideout. (March 2005) Papillifera papillaris (Gastropoda:Clausiliidae): a new record for Britain გვ. 6–7. The Archeo+Malacology Group Newsletter, (7). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 1 August 2014
  4. Moorby, Nicola (February 2009). „The Temple of Aesculapius in the Grounds of Villa Borghese, Rome, with the Greek Inscription from its Façade“. Tate.
  5. 5.0 5.1 "Villa Borghese", Archeoroma