ბორგეზეების სასახლე
ბორგეზეების სასახლე Palazzo Borghese | |
---|---|
მთავარი ფასადი | |
კოორდინატები | 41°54′14″ ჩ. გ. 12°28′35″ ა. გ. / 41.90389° ჩ. გ. 12.47639° ა. გ.კოორდინატები: 41°54′14″ ჩ. გ. 12°28′35″ ა. გ. / 41.90389° ჩ. გ. 12.47639° ა. გ. |
მდებარეობა | რომი, იტალია |
არქიტექტორი | ჯაკოპო ვინიოლა |
ტიპი | სასახლე |
ბორგეზეების სასახლე (იტალ. Palazzo Borghese) — დიდი სახლი (სასახლე) რომში, სადაც ადრე ცხოვრობდა ბორგეზეს ცნობილი ოჯახი. სასახლეს „კლავესინს“ ეძახდნენ, რადგან მისი ფორმა უცნაური, დახრილი ოთხკუთხედივითაა.
1947 წლიდან სასახლის პირველ სართულზე ესპანეთის საელჩო მდებარეობს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სასახლის მშენებლობა დაიწყო მონსინიორ ტომაზო დელ ჯილიოსთვის 1561 წელს, არქიტექტორ ჯაკოპო ვინიოლას პროექტით.[1] როცა 1578 წელს დელ ჯილიო გარდაიცვალა, სასახლე თითქმის დასრულებული იყო, თუმცა სახურავი არ ჰქონდა. შენობა ასე დაუსრულებლად იდგა მანამ, სანამ მემკვიდრეებმა იგი 1586 წელს არ მიყიდეს ესპანელ კარდინალ პედრო დე დეზა მანუელს. 1590 წელს მან დაავალა არქიტექტორ მარტინო ლონგი უფროსს სასახლის გაფართოება და გადახურვა.[2] ლონგის გარდაცვალების შემდეგ, 1591 წელს, სამუშაოების გაგრძელება ფლამინიო პონციოს დაევალა. იგი სამუშაოებს უკვე ახალი მფლობელის, კარდინალ კამილო ბორგეზეს (მომავალი პაპი პავლე V) სახელით კარდინალ შიპიონე ბორგეზე უკვეთავდა. მშენებლობა 1613 წლამდე გაგრძელდა.[3] სასახლის საბოლოო დასრულება არქიტექტორებმა კარლო მადერნამ და ჯოვანი ვაზანციომ მოახერხეს, ხოლო 1670 წლის შემდეგ სასახლე კიდევ უფრო გააფართოვა არქიტექტორმა კარლო რაინალდიმ.
სასახლის შიდა ეზო, რომელიც მარტინო ლონგი უფროსმა შექმნა, ნახევარწრიული და არაწესიერი ფორმისაა. ის ითვლება სასახლის მთავარ ღირსშესანიშნაობად — ეზოში არის სვეტები, შადრევნები, ქანდაკებები და ე.წ. „საიდუმლო ბაღი“.
სასახლის მთავარი შესასვლელი მდებარეობს ფონტანელა დი ბორგეზეს ქუჩაზე. სასახლის დასავლეთი ფრთა გადის ვია დი რიპეტას ქუჩაზე და იყურება ტიბრის მიმართულებით. აქ არის პატარა ორსართულიანი ფასადი პატარა აივნით, რომელსაც „კლავესინის კლავიშს“ უწოდებენ.
სასახლეში სხვა ცნობილ ნამუშევრებს შორის იყო რაფაელის „დასვენება აკლდამაში“, დომენიკინოს „დიანას ნადირობა“ და „კუმის სიბილა“, კარავაჯოსა და დოსო დოსის ნახატები, ჯუზეპე ჩეზარის „ევროპის გატაცება“, ასევე ფრანჩესკო ფრანჩას, ლორენცო დი კრედის, ანდრეა დელ სარტოსა და ლორენცო ლოტოს მიერ შესრულებული მადონას გამოსახულება. ასევე ინახებოდა ჯულიო რომანოს, კორეჯოს „დანაია“, ტიციანის „სიყვარულის გაკვეთილი“ და „ციური და მიწიერი სიყვარული“ და ვან დაიკის „ქრისტე ჯვარზე“ და „დასვენება აკლდამაში“.
1891 წელს ეს სურათები გადაიტანეს ბორგეზეს გალერეაში, სადაც ახლაც ინახება.
პირველი სართულის მესამე დარბაზში მოთავსებულია გაეტანო ლაპისის ფრესკა „ვენერას დაბადება“, რომელიც 1771-1772 წლებში შეიქმნა. თავის კარიერის პიკზე ლაპისი იმ მხატვრების ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომლებიც კარდინალმა შიპიონე ბორგეზემ და მისმა ძმამ, პრინცმა მარკანტონიო IV ბორგეზემ, სასახლის გასაფორმებლად შეარჩიეს.
„ვენერას დაბადების“ ესკიზი ახლა დაცულია ძველი ხელოვნების ეროვნულ გალერეაში, პალაცო ბარბერინიში.[4]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Alberto Mazzacchera L’esordio profano di Gaetano Lapis, in «Atti e studi — Accademia Raffaello», XIV, 2015, 1/2, pp. 91-108, ISSN 2039-0475 (итал.)
- Heinz-Joachim Fischer Rom. Zweieinhalb Jahrtausende Geschichte, Kunst und Kultur der Ewigen Stadt, Köln, DuMont Buchverlag, 2001 (нем.)
- Anton Henze Kunstführer Rom, Stuttgart, Philipp Reclam GmbH, 1994 (нем.)
- Vittorio Sgarbi Roma — Dal Rinascimento ai nostri giorni, in Dizionario dei Monumenti italiani e dei loro autori, Milano, Bompiani, 1991, ISBN 88-452-1801-5 (итал.)
- Giorgio Carpaneto I palazzi di Roma, Roma, Newton-Compton, 1993, ISBN 88-7983-191-7 (итал.)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Vittorio Sgarbi Roma — Dal Rinascimento ai nostri giorni in: Dizionario dei Monumenti italiani e dei loro autori, P. 263 (იტალიური)
- ↑ Elisabetta Ticca Cortili Aperti 2017. Palazzi storici di Roma. Cortili da scoprire, a cura di Patrizio Mario Mergè, Roma, A.D.S.I. Sezione Lazio, 2017, pp. 24-25. (იტალიური)
- ↑ Giorgio Carpaneto I palazzi di Roma, P. 79 (იტალიური)
- ↑ Alberto Mazzacchera L’esordio profano di Gaetano Lapis, Accademia Raffaello, Урбино, 2015, pp. 91-108 (იტალიური)