ბონ-ჟეზუში
| ბონ-ჟეზუში | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
| |
| სტატუსი | Pending classification monument, მსოფლიო მემკვიდრეობა და National Monument of Portugal |
| ქვეყანა |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | iv |
| რეგიონი | ევროპა |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 2019 (43-მე სესია) |
| ნომერი | 1590 |
![]() | |
| https://bomjesus.pt/ | |
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1590 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ბონ-ჟეზუში — პორტუგალიური კათოლიკური სალოცავი ტენიოეში, ქალაქ ბრაგას გარეუბანში, ჩრდილოეთ პორტუგალიაში. მისი სახელი ნიშნავს „მთის კეთილ იესოს“.
ეს სალოცავი ქრისტიანული მომლოცველობისათვის შესანიშნავი მონუმენტური მაგალითია ბაროკოს სტილის კიბით, რომელიც 116 მეტრზე ადის. იგი ბრაგას მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.
2019 წლის 7 ივლისს ბონ-ჟეზუში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პორტუგალიასა და ევროპაში მრავალი მთისწვერი ანტიკური ხანიდან რელიგიური თაყვანისცემის ადგილი იყო და შესაძლებელია, რომ ბონ-ჟეზუშის მთა ერთ-ერთი მათგანი ყოფილიყო. თუმცა, მთაზე სამლოცველოს არსებობის პირველი ნიშანი 1373 წლით თარიღდება. ეს სამლოცველო წმინდა ჯვრის სახელზე XV და XVI საუკუნეებში გადაკეთდა. 1629 წელს აშენდა მომლოცველთა ეკლესია, რომელიც ბონ-ჟეზუშს (კეთილ იესოს) მიეძღვნა, ქრისტეს ვნებებისადმი მიძღვნილი ექვსი სამლოცველოთი.
ამჟამინდელი საკურთხევლის მშენებლობა 1722 წელს დაიწყო, ბრაგას მთავარეპისკოპოსის როდრიგო დე მოურა ტელესის პატრონაჟით. მისი გერბი კიბის დასაწყისში, კარიბჭის თავზეა გამოსახული. მისი ხელმძღვანელობით დასრულდა კიბეების პირველი რიგი, ვია კრუჩისისადმი (ჯვარცმის გზა) მიძღვნილი სამლოცველოებით. თითოეული სამლოცველო გაფორმებულია ტერაკოტას ქანდაკებებით, რომლებიც ქრისტეს ვნებებს ასახავს. მან ასევე დააფინანსა კიბეების შემდეგი მონაკვეთი, რომელსაც ზიგზაგისებური ფორმა აქვს და ხუთ გრძნობას ეძღვნება. თითოეული გრძნობა (ხედვა, ყნოსვა, სმენა, შეხება, გემო) წარმოდგენილია სხვადასხვა შადრევნით. ამ კიბის ბოლოს, დაახლოებით 1725 წელს, არქიტექტორ მანუელ პინტო ვილალობოსის მიერ აშენდა ბაროკოს სტილის ეკლესია.
პირველ სამლოცველოზე, კიბეებსა და ეკლესიაზე მუშაობა XVIII საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა. ეკლესიის უკან მდებარე ტერიტორიაზე, 1760-იან წლებში აშენდა სამი ოქტაგონალური (რვაკუთხა) სამლოცველო ქანდაკებებით, რომლებიც ასახავს ჯვარცმის შემდგომ ეპიზოდებს, როგორიცაა იესოს შეხვედრა მარიამ მაგდალინელთან. ამ მშვენიერი სამლოცველოების ექსტერიერის დიზაინი ბრაგას ცნობილ არქიტექტორს, ანდრე სოარეშს მიეწერება. სამლოცველოების გარშემო განლაგებულია ოთხი ბაროკოს სტილის შადრევანი მახარებელთა ქანდაკებებით, რომლებიც ასევე 1760-იანი წლებით თარიღდება.
დაახლოებით 1781 წელს, არქიეპისკოპოსმა გასპარ დე ბრაგანსამ გადაწყვიტა ანსამბლის დასრულება კიბეების მესამე მონაკვეთისა და ახალი ეკლესიის დამატებით. მესამე კიბეც ზიგზაგისებურ შაბლონს მიჰყვება და ეძღვნება სამ თეოლოგიურ სათნოებას: რწმენას, იმედსა და სიყვარულს. თითოეული საკუთარი შადრევნით. მთლიანობაში კიბეს 583 საფეხური აქვს. ძველი ეკლესია დაანგრიეს და ააშენეს ახალი, არქიტექტორ კარლოს ამარანტეს ნეოკლასიკური დიზაინის მიხედვით. ამ ახალი ეკლესიის მშენებლობა 1784 წელს დაიწყო, მისი ინტერიერი XIX საუკუნის დასაწყისში გაფორმდა, ხოლო კურთხევა 1834 წელს მოხდა. მთავარი საკურთხეველი ეძღვნება ჯვარცმას.
XIX საუკუნეში ეკლესიისა და კიბეების გარშემო არსებული ტერიტორიის ექსპროპრიაცია მოხდა და ის პარკად იქცა. 1882 წელს, საკურთხეველთან წვდომის გასაადვილებლად, აშენდა წყალზე მომუშავე ბონ-ჟეზუშის ფუნიკულიორი, რომელიც ქალაქ ბრაგას მთასთან აკავშირებს. ეს იყო პირველი ფუნიკულიორი, რომელიც იბერიის ნახევარკუნძულზე აშენდა და ის დღემდე გამოიყენება.
საკურთხეველი 1970 წლიდან კლასიფიცირებულია, როგორც საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკუთრება.[2]
მნიშვნელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბონ-ჟეზუშის საკურთხევლის დიზაინმა, თავისი ბაროკოს ხასიათით, რომელსაც ხაზს უსვამს კიბეების ზიგზაგისებური ფორმა, გავლენა მოახდინა პორტუგალიის ბევრ სხვა ადგილზე (მაგალითად, ლამეგუზე) და კოლონიურ ბრაზილიაზე, კერძოდ, კონგონიასის საკურთხეველზე. როდესაც მომლოცველები კიბეებზე ადიოდნენ (ტრადიციულად, ამის გაკეთება მუხლებზე დაჩოქილი მიმდინარეობდა), ისინი ეცნობოდნენ თეოლოგიურ პროგრამას, რომელიც მატერიალური სამყაროს გრძნობებს სულიერ სათნოებებს უპირისპირებდა, ამავდროულად კი ქრისტეს ვნებების სცენებს განიცდიდნენ. ამ ძალისხმევის კულმინაცია იყო ღვთის ტაძარი, ეკლესია მთის მწვერვალზე. კიბეების გასწვრივ რამდენიმე შადრევნის არსებობა მორწმუნეთა განწმენდის იდეას გამოხატავს.
1784–1834 წლებში კარლოს ამარანტეს მიერ აშენებული ახალი ეკლესია, იყო ერთ-ერთი პირველი ნეოკლასიკური ეკლესია პორტუგალიაში.
2015 წლის 5 ივლისს რომის პაპმა ფრანცისკემ ამ ეკლესიას მცირე ბაზილიკის სტატუსი მიანიჭა.[3]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „წმინდა გზა“
- ეკლესიის ფასადი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Portuguese Institute for Architectural Heritage
- General Bureau for National Buildings and Monuments (Portugal)
- Basilica of Bom Jesus, Old Goa The Shrine of Saint Francis Xavier
- “Bom Jesus de Braga” seeking World Heritage status – Portugal The sanctuary of Bom Jesus do Monte, in Braga city, mainland Portugal, is seeking UNESCO’s World Heritage status as part of its 200th anniversary celebrations, reported Lusa news agency.
- Santuário do Bom Jesus do Monte - Patrimonio Cultural
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Six cultural sites added to UNESCO's World Heritage List (7 July 2019).
- ↑ Santuário do Bom Jesus do Monte pt. ციტირების თარიღი: 2018-03-26
- ↑ Lobão, Pedro. Bom Jesus elevado a Basilica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-06. ციტირების თარიღი: 2015-07-05
| |||||
