ბოლნისის წარწერები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოლნისის წარწერებიბოლნისის სიონის სამი წარწერა - ქართული დამწერლობისა და ენის უძველესი ნიმუშთაგანი პალესტინის ქართული წარწერების შემდეგ.

ბოლნისის სიონის წარწერა V საუკუნე

ერთი წარწერა მოთავსებულია აღმოსავლეთის ფასადზე, საკურთხევლის სარკმლის თავზე, მედალიონში ჩასმული ბოლნური ჯვრის გარშემო და ასე იკითხება:

ვიკიციტატა
„ქრისტე დავით ეპისკოპოსი კრებ

ულითურთ და ამას ეკ

ლესიასა შინა შენდ

ა მიმართ თაჳ

ყანისმცემელ

ნი შეიწყალენ და

მშრომელთა ამას ეკლე

სიასა შინა შეხეწიე. ი. ი.“

უკანასკნელი ასოების (ი ი) მნიშვნელობა „იყავნ იყავნ“ გაარკვია აკად. კ. კეკელიძემ. დავით ეპისკოპოსის მოღვაწეობის შესახებ არსებული ისტორიული ცნობების მიხედვით, აკად. ივ. ჯავახიშვილმა წარწერა V საუკუნის დამლევითა და VI საუკუნის დასაწყისით დაათარიღა. ეს ვარაუდი დააზუსტა 1937 წელს გათხრების დროს აღმოჩენილმა ოთხსტრიქონიანმა მეორე წარწერამაც.

მეორე წარწერა მოთავსებული ყოფილა ჩრდილოეთით მარცხენა კარის თავზე გადებულ ქვაზე. ქვა ჩამომტყდარა და ტაძრის კედელს მისი თავი და ბოლოღა ჰქონდა შერჩენილი. წარწერის ოთხივე სტრიქონის დასაწყისი და დასასრული, რომლებიც კედელზეა შერჩენილი (განსაკუთრებით დასაწყისი), ამჟამად თითქმის აღარ იკითხება. უკეთაა შენახული წარწერა ჩამომტყდარი ნაწილი. იგი საშუალებას იძლევა მიახლოებით აღვადგინოთ ნაკლული ტექსტი:

ვიკიციტატა
„[შეწევნითა წმი]დისა სამებისაჲთა ოც

[წ]ლისა პეროზ მეფი[სა ზე]

[ხიქნა დაწყებაჲ] ამის ეკლესიაჲსაჲ

და ათხუთმეტ წლი[სა შემდგომად]

[განხეშორა. ვი]ნ აქა შინა თაჳყანის ხცეს

ღ~ნ შეიწყალენ და ვინ ა[მის ეკლესიაჲსა]

[მაშჱნებელსა დ~თ ე]პისკოპოსსა ხულოცოს იგიცა ღ~ნ შეიწყა[ლენ. ა~ნ].“

წარწერა დაცულია აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, მის ადგილას კი იმიტაციაა ჩასმული.

ტექსტში ნახსენები პეროზის მეფობა ირანში 459-484 წლებზე მოდის, მაშასადამე ბოლნისის ეკლესიის მშენებლობა 479-ს დაწყებულა და დამთავრდებოდა 493-494 წელს, ირანში კავადის მეფობის ხანაში (488-531).

მესამე წარწერა მოთავსებულია ჩრდილოეთით მარჯვენა კარის თავზე და ეხება კარის შებმის ამბავს:

ვიკიციტატა
„შეწევნითა ქრისტჱესითა მე ფარნ... და აზარუხტ შეხუაბთ ესე კარი სალოცველად სულთა ჩუენთათჳს.“

აკად. გ. ჩუბინაშვილის აზრით, პირველი სახელი უნდა იყოს "ფარნევან".

წარწერები შესრულებულია მსხვილი რელიეფური მთავრული (მრგლოვანი) ასოებით. პალეოგრაფიულად დამახასიათებელია ზოგი ასოს თავშეკრულობა, ხოლო ენობრივად - ხანმეტობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]