ბოლნისის არქეოლოგიური ძეგლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოლნისის არქეოლოგიური ძეგლები — ადრინდელი და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის, ადრინდელი რკინის, ანტიკური და შუა საუკუნეების ძეგლები, აღმოჩენილი ქვემო ქართლში, ახლანდელ ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ბოლნისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ლ. მუსხელიშვილი) 1936-1937 წლებში ნაშალი მიწისაგან გაწმინდა ბოლნისის სიონი, დააზუსტა ეკლესიის გეგმა, აღმოაჩინა V-VII საუკუნეების სტელებისა და ქვის ჯვრების ფრაგმენტები, აღმოაჩინა და გაშიფრა ჩრდილოეთის სტოის კარის სააღმშენებლო წარწერა, რომლის საფუძველზე დაზუსტდა ბოლნისის სიონის აშენების თარიღი. ეკლესიის ეზოში გაითხარა XV-XVI საუკუნეების 23 ქვაყუთი.

1957-1962 წლებში არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ი. გრძელიშვილი) ბოლნისის სიონის მახლობლად გამოავლინა გვიანდელი ანტიკური ხანის კრამიტსამარხები, სამხრეთ-დასავლეთით მდებარე გორაზე აღმოაჩინა ციხესიმაგრის ნანგრევები, ძველი ქ. ბოლნისის ქვითკირით ნაგები ბურჯებიანი გალავანი. ბოლნისის სიონის ჩრდილო-დასავლეთით, ე. წ. „ლამაზ გორაზე“, ექსპედიციამ შეისწავლა V-VIII საუკუნეების სამონასტრო ანსამბლი (ეკლესია, სამეურნეო და საცხოვრებელი ნაგებობანი, გალავანი, სამარხები).

დიდი მნიშვნელობა აქვს ძველ სამთო წარმოებისა და რკინის მეტალურგიული კერების აღმოჩენას ბოლნისის მიდამოებში. სხვადასხვა დროს ექსპედიციამ აღმოაჩინა ანტიკური ხანის რკინის სადნობი სახელოსნოს ნაშთები სოფელ ქვემო ბოლნისში; ფეოდალური ხანის სახელოსნოს ნაშთები მდინარე ჭუღრუღაშენის ხეობაში, ნასოფლარ გომბათთან და სოფელ ფეოდაურის სამხრეთ-დასავლეთით; XVII-XVIII საუკუნეების სახელოსნოების ნაშთები სოფელ ბოლნისთან, მდინარე რკინისწყალზე. აღმოჩენები გვიჩვენებს, რომ ძველ საქართველოში ინტენსიურად ყოფილა განვითარებული რკინის მოპოვება-დამუშავება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]