ბოლაჯურის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოლაჯურის წმინდა გიორგის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში. ეკლესია თარიღდება XIII საუკუნით.

სოფელ ბოლაჯურში ორი ნაეკლესიარია. დიდი ეკლესია 1886 წელს უკვე ნანგრევებად ყოფილა ქცეული. იგი სულ თლილი ქვით ყოფილა ნაშენი. 1996 წელს სოფლის სასაფლაოს მახლობლად აიგო ახალი ერთნავიანი ორიარუსიანი სამრეკლო, დარბაზული ეკლესია ქვის გალავანშია მოქცეული, სამრეკლო ამ გალავნის ჩრდილო-დასავლეთის კუთხეშია ჩართული. გალავანს შესასვლელი სამხრეთით აქვს. დარბაზული ეკლესიის ცოკოლი შემოსილია ბაზალტით. ტაძარი ნაგებია აგურით. ტაძარს დასავლეთიდან ორქანობიანი სახურავით გადახურული კარიბჭე აქვს მიშენებული, საიდანაც არის ეკლესიაში შესასვლელი. ეკლესიის დარბაზი სადაა, საკმაოდ განიერი აფსიდი დარბაზისაგან მოხარატებული ხის კანკელით გამოიყოფა, კანკელში 4 ხის რელიეფური ხატია ჩასმული. ინტერიერი 4 სარკმლით ნათდება. საკურთხევლის იატაკი ამაღლებულია დაახლოებით 40 სანტიმეტრით. ტაძარი შიგნიდან მთლიანად შელესილი და მოხატულია. ტაძრის ოთხივე ფასადზე თითო სარკმელია. ერთადერთი მორთულობა აღმოსავლეთის ფასადის ფრონტონის წვერში ქვის ფილაზე გამოკვეთილი ბოლოებგაფართოებული ჯვარია. ტაძარი და კარიბჭე გადახურულია ორქანობიანი კრამიტის სახურავით. კარიბჭის სწორკუთხა კარი მოჭედილია წმინდა გიორგის რელიეფური სპილენძის ფურცლით.

ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით, აგურით ნაგები ორიარუსიანი სამრეკლოა, რომლის ქვედა სართულს, კვადრატული გეგმის ოთახს სამეურნეო სათავსოდ იყენებენ. მეორე სართული — უშუალოდ სამრეკლო, 8 სვეტზე აღმართული გამჭოლი თაღოვანი ღიობია, წრიული გეგმის სამრეკლო შიდა მხარეს გუმბათისებურია, ხოლო გარედან დასრულებულია კონუსური სახურავით და შემოსილია თუნუქით. გალავნის დასავლეთ ნაწილი ამაღლებულია ერთი საფეხურით. ტაძრის ოთხსტრიქონიანი წარწერა აგების თარიღსა და ამგების ვინაობას გვაცნობს:

ვიკიციტატა
„ტაძარი ესე აღაშენა ღმერთის სადიდებლად უღირსმა მონამ გოჩა ქიმაძემ ქრისტეს შობითგან 1996 წელს“

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მარსაგიშვილი გ., „ბოლაჯურის წმინდა გიორგის ეკლესია“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ., 2013, გვ. 534-535
  • Уварова П., МАК, т. IV, М., 1894, გვ. 67
  • ბოჭორიძე გ., „მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში“, თბ., 1992, გვ. 90-92
  • ბერიძე ვ., „სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები“, თბ., 1970, გვ. 59